Facebook Script

სქესობრივი მომწიფება — ფიზიკური ცვლილებები გარდატეხის ასაკში

30 სექტემბერი, 2022 | ჩემი სხეული

სქესობრივი მომწიფება არის პროცესი, რომელიც ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლას აღნიშნავს. ამ დროს ხდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ცვლილებები.

გოგოების სქესობრივი მომწიფება საშუალოდ 9-11 წლის ასაკში იწყება და გრძელდება 15-17 წლამდე. ბიჭები, როგორც წესი, უფრო გვიან გადიან ამ პროცესს — 11-12 წლიდან დაახლოებით 16-17 წლამდე. მომწიფების ტემპი განსხვავდება ყველა ადამიანისთვის. თანატოლებთან შედარებით მცირედით ჩამორჩენა ან მათთვის გასწრება სრულიად ნორმალური რამაა.

ის ცვლილებები, რომლებიც „სქესობრივ მომწიფებად“ მოიაზრება, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს. თითოეული ადამიანის მომწიფება ინდივიდუალური პროცესია, რომელიც ინდივიდუალური ტემპითა და ინდივიდუალური ფორმით ხდება. საკუთარი სხეულის რიტმზე გავლენის მოხდენა არ შეგიძლიათ, მაგრამ შეგიძლიათ, სცადოთ მისი გაგება და გააზრება.

ჰორმონალურ დონეზე ყველა ეს ცვლილება ტვინიდან მომდინარე სიგნალების შედეგია. გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონი (GnRH) აღწევს ჰიპოფიზს (თავის ტვინის ქვედა დანამატს), რომელიც შემდგომ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გამოყოფს ორ ჰორმონს — მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH) და ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH). LH და FSH ჰორმონები არეგულირებენ ესტროგენისა და ტესტოსტერონის გამოყოფას. ტესტოსტერონი და ესტროგენი გოგოებსაც აქვთ და ბიჭებსაც, თუმცა სხვადასხვაგვარი რაოდენობით, და ისინი სხვადასხვაგვარად ზემოქმედებენ სხეულზე.

რა ხდება სხეულში სქესობრივი მომწიფების დროს?

სქესობრივი მომწიფების ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები ფიზიკურია. მოზარდებს ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლისას ეცვლებათ სიმაღლე, სხეულის ფორმა, წონა და თმიანობა.

თმა სხეულზე

თმის ზრდა (იქ, სადაც თმა მანამდე არ იყო) სქესობრივი მომწიფების ერთ-ერთი პირველი ნიშანია. გარდატეხის ასაკში იღლიებისა და სასქესო ორგანოების უბნებში თმის ზრდა გოგოებსაც ეწყებათ და ბიჭებსაც. ხელებსა და ფეხებზე თმა უფრო ხშირი და მუქი ხდება. თმის ტიპი ინდივიდუალურია — მიახლოებითი წარმოდგენის შესაქმნელად შეგიძლიათ თქვენს მშობლებს მიმართოთ.

სქესობრივი მომწიფების გვიანდელ ეტაპზე, დაახლოებით 15 წლის ასაკში, ბიჭებს, როგორც წესი, წვერი ამოსდით. ჩვეულებრივ, ჯერ ჩნდება ულვაში ზედა ტუჩს ზემოთ, შემდეგ კი — ნიკაპზე და ბოლოს ყბის გაყოლებაზე. წვერის ზრდის ტემპი ძალიან ინდივიდუალურია — ზოგ ბიჭს 12 წლის ასაკშივე აქვს ღინღლები, ზოგს კი ზრდასრულობის ასაკშიც რთულად ეზრდება წვერი.

სხეულზე ამოსული თმის მოვლას ერთგვარი სოციალური და კულტურული მნიშვნელობა აქვს, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, რას უზამთ თქვენს თმასა თუ წვერს. ზოგი ადამიანი უფრო მგრძნობიარეა გაპარსვისადმი და უღიზიანდება კანი ან უფრო დიდი ალბათობით აწუხებს თმის ჩაბრუნება პარსვის შემდეგ. ასეთი მგრძნობელობების შესამსუბუქებლად ბევრი სხვადასხვა პროდუქტი არსებობს, თუმცა ზოგჯერ უმჯობესია, უბრალოდ აცადოთ თმას გაზრდა.

წყარო: WomanLog

თუკი გაპარსვას გადაწყვეტთ, რამდენიმე რამ გაითვალისწინეთ:

  • გაარკვიეთ, რა ტიპის საპარსი შეგეფერებათ ყველაზე მეტად (მაგ., სამართებელი, ელექტრული საპარსი და მრავალი სხვა). თუმცა დარწმუნდით, რომ იყენებთ ახალ, სუფთა საპარსს.

  • დაასველეთ კანი, რომლის გაპარსვაც გსურთ, და გამოიყენეთ გელი, ლოსიონი ან საპარსი კრემი. ეს სამართებლის პირსა და თქვენს კანს შორის დამცავ ბარიერს ქმნის და ამავდროულად თმის დატენიანებას უწყობს ხელს, რის მერეც ის უფრო რბილი და მარტივად გასაპარსია. თუკი ფეხებს ან ბოქვენის არეს იპარსავთ, შეიძლება, ამის გაკეთება უფრო მარტივი შხაპის მიღებისას იყოს, რადგან ამ დროს უფრო მეტი პირადი სივრცე გაქვთ და თქვენი კანი უკვე სველია.

  • პარსვისას კანს ძლიერად ნუ დააწვებით, რადგან ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება კანი დააზიანოს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით სხეულის ბორცვებიან ნაწილებში — მაგალითად, კოჭებთან, მუხლებთან და ყბის ქვემოთ — და, რა თქმა უნდა, თქვენი სასქესო ორგანოების მიდამოებში.

  • რეგულარულად გამოცვალეთ თქვენი საპარსის პირი. დაბლაგვებული პირით პარსვა უფრო რთულია, გარდა ამისა განმეორებითი გამოყენებისას თმა და მკვდარი კანი სამართებლის პირის ქვეშ გროვდება.

  • თქვენი საპარსი სხვას არ მისცეთ და არც თქვენ გამოიყენოთ სხვისი — პირადი ჰიგიენის ნივთების გაზიარება კარგი აზრი არ არის.

გენიტალიები (სასქესო ორგანოები)

თმის ზრდასთან ერთად ბიჭებში სქესობრივი მომწიფების დაწყების ერთ-ერთი პირველი ნიშანი პენისისა და სათესლეების ზომაში ზრდაა. ამ დროს სათესლეები უფრო ქვემოთ იწევს, სათესლე პარკი კი ნელ-ნელა უფრო მუქდება. გენიტალიები რამდენიმე წლის განმავლობაში იცვლება და, როგორც წესი, ჩამოყალიბებას დაახლოებით 18 წლის ასაკში ასრულებს.

ამ დროს ბიჭებს უფრო და უფრო ხშირად უჩნდებათ ერექცია — სასქესო ორგანოს აღგზნება და გამყარება. ერექცია შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, მისი სიხშირე კი ძალიან ინდივიდუალურია — იქნება ეს მხოლოდ ერთი თუ რამდენიმე ერექცია ყოველდღიურად. ეს დამოკიდებულია ასაკზე, სექსუალურ სიმწიფეზე და რამდენიმე სხვა ფაქტორზე (აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ერექცია ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაჩნდეს).

► ერექცია ასევე შეიძლება მოხდეს ძილის დროს, რასაც ზოგჯერ შეიძლება მოჰყვეს ეაკულაცია (სასქესო ორგანოდან სპერმის გამონთხევა), რასაც ე.წ. „სველ სიზმარს“ ეძახიან. ასეთი სიზმრები საკმაოდ ხშირია სქესობრივი მომწიფების დროს და ისინი მაშინ იწყება, როდესაც სხეულში ტესტოსტერონის წარმოება იზრდება. ის ფაქტი, რომ ამ პროცესის მართვა და მასზე რაიმე გავლენის მოხდენა თითქმის შეუძლებელია, შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს და სირცხვილის გრძნობასაც აჩენდეს — თუმცა, არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი: იცოდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და მასში სამარცხვინო არაფერია.

გოგოებში ამ დროს ნელ-ნელა იცვლება ვულვა — ქალის სასქესო ორგანოების გარე ნაწილი, რომელშიც შედის ვაგინა, კლიტორი, მცირე და დიდი სასქესო ბაგეები — ხდება სტრუქტურულად უფრო დიდი და მეტად გამოხატული. დიდი სასქესო ბაგეები (ვულვის დიდი გარე ნაკეცები; ე.წ. „ლაბია მაჟორა“) უფრო ხილული ხდება, ყალიბდება მცირე სასქესო ბაგეები (ვულვის უფრო პატარა, შიდა ნაკეცები), ხოლო კლიტორი ოდნავ ზომაში იზრდება. ეს, ჩვეულებრივ, პირველ მენსტრუაციამდე ორი-სამი წლით ადრე ხდება.

მკერდი

სქესობრივი მომწიფებისას მკერდის ჩამოყალიბება დვრილის (ძუძუსთავის) ქვემოთ მცირედი შეშუპებით იწყება. ამას შეიძლება თან ახლდეს დროგამოშვებითი ტკივილი. ამ დროს ძუძუსთავის ქვეშ შეამჩნევთ პატარა გამობურცულობას, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება. ძუძუსთავები და წრიული კანი მათ გარშემო (რომელსაც არეოლა ეწოდება) უფრო დიდი და მუქი გახდება. ხშირ შემთხვევაში, ერთ-ერთი ძუძუ მეორეზე უფრო სწრაფად ყალიბდება და, მართალია, მეორე მას მალევე დაეწევა, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუკი საბოლოოდ ერთ-ერთი ძუძუ მეორეზე ოდნავ დიდი ზომის იქნება. ზომაში ასეთი სხვაობა თითქმის ყველა ქალს აქვს — იდეალურად სიმეტრიული ძუძუები არ არსებობს.

► იხილეთ აგრეთვე: რატომ იცვამენ ქალები ლიფს?

წყარო: WomanLog

როდესაც მკერდი ჩამოყალიბებას იწყებს, შესაძლოა, ლიფის ტარების საჭიროება გაგიჩნდეთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ვარჯიშისას, რადგან მკერდის ზრდისას ტკივილი შემაწუხებელია — თქვენი სხეულის გამო არ უნდა მოგიწიოთ ისეთ რამეებზე უარის თქმა, რისი კეთებაც გიყვართ. ლიფთან, ისევე როგორც ყველაფერ ახალთან, შეგუება შეიძლება არც ისე მარტივი იყოს, თანაც შესაფერისი ზომის პოვნა ზოგჯერ იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა თუ საკმარის დროს დაუთმობთ თქვენთვის შესაფერისი ზომის პოვნას, ეს ძალიან გაგიმარტივებთ ცხოვრებას. თუკი პირველად მიდიხართ ლიფის საყიდლად, უმჯობესია, ზომასთან დაკავშირებით ვინმე უფროსს ჰკითხოთ რჩევა — იქნება ეს სანდო მეგობარი, ოჯახის წევრი თუ მაღაზიის კონსულტანტი.

► მკერდის ზომა და ფორმა ხშირად სპეკულაციის საგანია და ბევრი გოგოსა თუ ქალისთვის კომპლექსის წყაროა. სქესობრივი მომწიფებისას საკუთარი მკერდისადმი არაჯანსაღმა მიდგომამ გოგოს შეიძლება უარი ათქმევინოს ლიფებზე და მკერდის ჯანმრთელობაზე საუბარზე, რაც მას საჭირო ინფორმაციის გარეშე დატოვებს და გაზრდის იმის ალბათობას, რომ მან ისეთი შეცდომები დაუშვას, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მის სხეულზე და რომელთა აცილებაც შესაძლებელი იყო. ამან შეიძლება ხერხემლის პრობლემებიც კი გააჩინოს, თუკი გოგო მკერდის დასამალად მოზარდობის პერიოდში წელში მოხრილი დადიოდა.

პირველი მენსტრუაცია

თქვენი პირველი მენსტრუალური ციკლი თქვენი მკერდის ჩამოყალიბების დაწყებიდან დაახლოებით 2-2.5 წლის შემდეგ დადგება. თავიდან მენსტრუაცია შეიძლება საკმაოდ არარეგულარული იყოს, რადგან სხეულს დრო სჭირდება, სანამ ჰორმონების ახალ ნაკადს დაარეგულირებს. მენსტრუაცია დაახლოებით ერთი წლის შუალედში უნდა დასტაბილურდეს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ამას მეტი დრო სჭირდება. ყველაზე ხშირი ნიშანი იმისა, რომ სხეული მზადაა ამ ცვლილებისთვის, არის ვაგინალური გამონადენის არსებობა: მოთეთრო-გამჭვირვალე, ოდნავ წებოვანი სითხე, რომელიც შეიძლება დროგამოშვებით თქვენს საცვალზე შენიშნოთ. ეს, როგორც წესი, პირველად პირველ მენსტრუაციამდე 6-12 თვით ადრე ხდება.

გოგოების უმეტესობას პირველი მენსტრუაცია 12-13 წლის ასაკში ეწყება, თუმცა 10-იდან 15 წლამდე შუალედში ნებისმიერი დრო ნორმად მიიჩნევა. მენსტრუაციის მოახლოების მანიშნებელ სიმპტომებს შორისაა მკერდის მგრძნობიარობა, შებერილობა, ორგანიზმში სითხის შეკავება (ედემა), კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, აკნე, მუცლის სპაზმური ტკივილი, ფაღარათი ან შეკრულობა, წელის ტკივილი, ძილის სირთულე, ენერგიის ნაკლებობა ან დაქანცულობა. სიმპტომების სრული სია ყველას არ აწუხებს — მეტიც, ზოგ გოგოს საერთოდ არავითარი სიმპტომი არ აქვს — და ეს მხოლოდ შესაძლო დისკომფორტების ჩამონათვალია. ხშირ შემთხვევაში მუცლის ტკივილის საწინააღმდეგოდ მარტივი ტკივილგამაყუჩებლები საკმარისია, ბევრ სხვა სიმპტომთან ბრძოლა კი მარტივადაა შესაძლებელი ჯანსაღი ცხოვრების წესით.

► არ მოგერიდოთ უფროსებისთვის იმ ჰიგიენურ ნივთებზე საუბარი, რომლებიც თქვენი მენსტრუაციისთვის დაგჭირდებათ. მენსტრუაცია ცოტა უსუფთაო, მაგრამ ბუნებრივი პროცესია. რაც უფრო მომზადებული დახვდებით მას, მით მარტივი იქნება მისი მართვა და მით უფრო დამოუკიდებელი იქნებით თქვენ.

► იხილეთ აგრეთვე: რატომ იგვიანებს ჩემი მენსტრუაცია? — შესაძლო მიზეზები

კუნთები და წონა

ბიჭებში ტესტოსტერონის წარმოების ზრდა მნიშვნელოვნად ზრდის კუნთოვან მასას სხეულში. თავდაპირველად იზრდება კუნთების მასა, შემდეგ კი მათი ძალა და გამძლეობა, ფილტვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მომწიფების დამსახურებით. ამ მხრივ, ერთისა და იმავე ასაკის ბიჭებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობები შეიმჩნევა, რადგან ყველა ერთნაირი ტემპით არ იზრდება. სქესობრივი მომწიფების დროს კუნთოვანი მასა გოგოებშიც იზრდება, თუმცა შედარებით უფრო ნაკლებად.

ბიჭებმა ამ პერიოდში ასევე შეიძლება შეამჩნიონ, რომ ხმა უბოხდებათ. სქესობრივი მომწიფებისას ბიჭების ხორხი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ის ზოგჯერ ხმის იოგებს „წელავს“, რაც ხმის ჩახლეჩას იწვევს. ტემბრის ცვალებადობის ეს პერიოდი, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება.

წონაში მატება, შესაძლოა, სქესობრივი მომწიფების არასასურველი ნაწილი იყოს, თუმცა ის აუცილებელია საიმისოდ, რომ სხეულმა მიიღოს ის, რაც შესაფერისად განვითარებისთვის სჭირდება — მოზარდობის პერიოდში კი სხეულს დამატებითი რესურსები სჭირდება. წონის ცვლილება შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ იმ ცვლილებებზე ფოკუსირება, რომლებიც არ მოგწონთ, კარგს არაფერს მოგიტანთ, განსაკუთრებით თუკი ამის გამო საკვებზე ამბობთ უარს. ყოველთვის უმჯობესია, რომ განსაზღვრული იმიჯის შენარჩუნების ნაცვლად იზრუნოთ საკუთარ თავზე. ამის მნიშვნელოვანი ნაწილია საკუთარი სხეულის სიყვარული. თუკი ჭარბი წონა გადარდებთ, შეგიძლიათ, თქვენს მშობლებს ან ექიმს გაესაუბროთ და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი ნორმალურად პროგრესირებს.

კანი და ოფლი

გოგოებშიც და ბიჭებშიც სქესობრივი მომწიფების დროს ძალიან იზრდება კანის ცხიმის გამოყოფა ცხიმოვანი ჯირკვლებიდან (რომელთა დიდი ნაწილიც მდებარეობს ზურგზე, გულმკერდის არეში, კისერზე, მხრებსა და სახეზე). ცხიმი თქვენი კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო სხეულის ბუნებრივი სითხეების საკვანძო ნაწილია, თუმცა ბევრ მოზარდს ცხიმოვანი ჯირკვლების ზედმეტი აქტიურობა აწუხებს, რამაც შეიძლება კანის ფორების დახშობა გამოიწვიოს.

ამას აკნე ეწოდება. ზოგ ადამიანს მხოლოდ იშვიათად თუ შეაწუხებს ხოლმე მუწუკები, თუმცა ზოგს კანის პრობლემები ზრდასრულობის დროსაც აქვს. თქვენი კანის ტიპისგან განურჩევლად, კანზე ზრუნვა — მისი სისუფთავის და ტენიანობის შენარჩუნება და მზისგან დაცვა —ძალიან დაგეხმარებათ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ და კარგად გრძნობდეთ თავს.

ამ დროს ასევე ჭარბია ოფლიანობა. სქესობრივი მომწიფებისას საოფლე ჯირკვლები უფრო აქტიურდება და, შესაბამისად, გამოყოფს უფრო მეტ ოფლს. მართალია, თვითონ ოფლი უსუნოა, მაგრამ კანზე არსებული ბაქტერიები ამინომჟავებად იშლება, რაც ცუდ სუნს წარმოშობს. სხეულზე სუნის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია კანის სისუფთავის შენარჩუნება — რეგულარულად მიიღეთ შხაპი, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ თქვენს იღლიებს, ფეხებსა და გენიტალიებს. დეზოდორანტის გამოყენება ასევე დაგეხმარებათ სუნის შემცირებაში, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროს.

► სქესობრივი მომწიფების მუდმივი ცვლილებები ზოგჯერ თავბრუდამხვევია, უამრავი ახალი ინფორმაციითა და შეგრძნებით, მაგრამ თუკი საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრად არ განსჯით, ზრდასრულობაში ახალაღმოჩენილი დამოუკიდებლობით, მეტი ემოციური სიმწიფითა და საკუთარი თავის ჯანსაღი აღქმით შეაბიჯებთ.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: ანო ნეფარიძე / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

შერცხვენა სიმსუქნის გამო, Fat Shaming, წონა, დაცინვა, ბულინგი

შერცხვენა სიმსუქნის გამო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

რას ნიშნავს შერცხვენა სიმსუქნის გამო და რა გავლენა აქვს ამ ტიპის ქცევას ადამიანებზე? — ჭარბი წონის გამო ადამიანების დაცინვა, გარიყვა და ათვალწუნება

ჩემი სხეული
სილამაზის სტანდარტები, ფემინიზმი, ქალები, ბულინგი

ვიზუალურ სტანდარტებთან ბრძოლა — ფემინიზმის ანბანი

სხვადასხვა დროსა და ხალხში განსხვავებული წარმოდგენები არსებობდა იმის შესახებ, თუ რა არის სილამაზე და როგორია ქალის იდეალური სხეული. ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქალი ამ სტანდარტებს, ხშირად მისი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელიც კი არის.

ჩემი სხეული
ქალები, თმა, გაპარსვა, ეპილაცია

რატომ იშორებენ ქალები თმას?

სხეულიდან თმის მოშორება ქალებისთვის ხშირად შხაპის რუტინის სტანდარტული ნაწილია. თუმცა, იყო დრო, როცა ეს პროცესი საერთოდაც არ მიიჩნეოდა ნორმად და მის კულტურულ ევოლუციას თავისი ისტორია აქვს.

ჩემი სხეული
შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

სქესობრივი მომწიფება — ფიზიკური ცვლილებები გარდატეხის ასაკში

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია