Facebook Script

5 მითი პირველი სექსის შესახებ

საკუთარი სხეულისა და სექსუალობის აღმოჩენა არ არის ხანმოკლე პროცესი, თუმცა საზოგადოებაში არსებული მითები და ტაბუები ამ გზას უფრო რთულად გასავლელს ხდის. არაერთი მითი არსებობს პირველი სექსის შესახებაც, რომლებიც ქალების სექსუალურ ცხოვრებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენენ.

არ არსებობს სექსის ერთი კონკრეტული განმარტება, რადგან ადამიანებისთვის სასურველი სექსი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს — ორალური და ანალური სექსი, ან ხელით სტიმულაცია. თუმცა, როდესაც პირველ სექსს ვახსენებთ, ერთ-ერთი პირველი ასოციაცია „ქალიშვილობის დაკარგვაა“, რომელშიც ყველაზე ხშირად პირველ ვაგინალურ სექსს, ანუ ქალის ვაგინაში პენისით პენეტრაციას (შეღწევას), მოიაზრებენ.

„ქალიშვილობა“ სოციალური და კულტურული ცნებაა და არ არსებობს მისი ბიოლოგიური ან სამედიცინო განმარტება. როგორც წესი, ეს სიტყვა გამოიყენება იმ ქალების მიმართ, რომლებსაც ჯერ არ ჰქონიათ ვაგინალური სექსი. ფართოდ გავრცელებული პატრიარქალური ნორმების გამო, ქალებს უკრძალავენ ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრების ქონას, რადგან საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალისთვის ამ ტიპის თავისუფლება არ არის დასაშვები.

აქედან გამომდინარე, ხშირად გოგოებისთვის პირველი ვაგინალური სექსი შიშისა და შფოთვის მომგვრელია, რადგან არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია. ამას ემატება ისიც, რომ  მითების რაოდენობა პირველი სექსის შესახებ საკმაოდ დიდია და ამ სტატიაშიც რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ.

სურათი: WomanLog

მითი #1: პირველი სექსი მტკივნეულია

ყველაზე გავრცელებული მითი პირველი ვაგინალური სექსის შესახებ არის ის, რომ ქალისთვის ეს აქტი აუცილებლად მტკივნეული იქნება. სტრესი, შიში და ტკივილი პირველი სექსის სინონიმებად იქცა ბევრი ქალისთვის, თუმცა რეალობა სხვაგვარი შეიძლება იყოს. სწორედ დაძაბულობისა და შიშის გამო იკუმშება ვაგინის კუნთები და რთულად გამოიყოფა ვაგინალური ლუბრიკაცია (ბუნებრივი სისველე), რაც პენეტრაციას ართულებს და შესაძლებელია, რომ პროცესი მტკივნეული იყოს. 

ქალები პირველი სექსის დროს იშვიათად აღწევენ ორგაზმს, რადგან სტრესი და გამოცდილების არქონა მათზე უარყოფითად მოქმედებს.

პირველი სექსის უმტკივნეულო და დადებით გამოცდილებად ქცევას ხელს უწყობს ხანგრძლივი პრელუდია — ჩახუტება, კოცნა, მასაჟი.  სასურველია, თუკი პირველ სექსამდე პარტნიორს თქვენს სექსუალურ სურვილებს გაუზიარებთ და ერთად აღმოაჩენთ, თუ რა განიჭებთ სიამოვნებას. თუმცა, ეს მარტივი სულაც არ არის და ადამიანების უმეტესობას უჭირს პარტნიორთან ამ თემაზე საუბარი.

იმ შემთხვევაში, თუკი პირველი სქესობრივი აქტი თქვენთვის მტკივნეული და სტრესულია, აუცილებელია, პარტნიორს ამაზე ესაუბროთ, და თუ ხვდებით, რომ ჯერ მზად არ ხართ, დაელოდეთ იმ დროს, როდესაც ამ ნაბიჯის გადადგმა თქვენთვის კომფორტული იქნება. 

მითი #2: პირველი სექსის დროს სისხლდენა აუცილებელია

მეორე საკმაოდ გავრცელებული მითის თანახმად, პირველი ვაგინალური სექსის დროს სისხლდენა აუცილებელი მოვლენაა, რადგან საქალწულე აპკი იხევა, რაც ხშირად არ შეესაბამება სიმართლეს.

რა არის საქალწულე აპკი? — საქალწულე აპკი ვაგინის შესასვლელთან მდებარე პატარა, არათანაბარი მემბრანაა. საქალწულე აპკი მოქნილია და როგორც წესი, სრულად არ ფარავს ვაგინის შესასვლელს. ხშირად მას აქვს ნახვრეტი, რომლის გავლითაც მენსტრუალური სისხლი და ვაგინალური გამონადენი ტოვებს სხეულს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქალი საქალწულე აპკის გარეშე იბადება და ეს სულაც არ წარმოადგენს პრობლემას მათი ჯანმრთელობისთვის.

საქალწულე აპკს არ აქვს ნერვული დაბოლოება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვერ გრძნობთ, თუმცა აქვს მცირე რაოდენობის სისხლძარღვები, რომლებიც აპკის უჯრედების ჯანმრთელობას ინარჩუნებენ. პირველი ვაგინალური სექსის დროს, სწორედ ამ სისხლძარღვების გამო, ზოგ ქალს ეწყება სისხლდენა, თუმცა მცირე რაოდენობით. შესაძლებელია ისიც, რომ საქალწულე აპკი პირველ სექსამდე გაიხეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობების დროს (მაგალითად: ველოსიპედის ტარება, ცხენით ჯირითი და ა.შ.), შესაბამისად, პირველი სექსის დროს ყველა ქალს არ მოსდის სისხლი. გარდა ამისა, შესაძლებელია ისიც, რომ საქალწულე აპკის ელასტიურობიდან გამომდინარე, პირველი ვაგინალური სექსის დროს ის საერთოდ არ გაიხეს, შესაბამისად, ამ დროს სისხლდენაც არ იქნება მოსალოდნელი. სისხლდენა არ მოსდევს პირველ ვაგინალურ სექსს იმ შემთხვევაშიც, თუკი ქალს დაბადებიდანვე არ ჰქონდა საქალწულე აპკი, რაც ნორმალური და ბუნებრივი მოვლენაა.

სურათი: WomanLog

მითი #3: პირველი სექსის დროს დაორსულება გამორიცხულია

კიდევ ერთი მითი, რომელიც პირველი ვაგინალური სექსის შესახებ არსებობს არის ის, რომ ქალი ამ დროს ვერ დაორსულდება. სიმართლე კი ისაა, რომ ქალი შეიძლება დაორსულდეს პირველი, მეხუთე და მეოცე სექსის დროსაც, იმ შემთხვევაში, თუკი სექსი გექნებათ თავდაცვის საშუალებების გარეშე და ეაკულაცია — სპერმის გადმოღვრა პენისიდან — ვაგინაში მოხდება. თუმცა, გარდა ამისა, აღგზნებისას ეაკულაციამდე პენისიდან გამოიყოფა პრეეაკულატი (ე.წ. precum) — სითხე, რომელიც ბუნებრივი ლუბრიკაციის როლს ასრულებს — რომელიც ზოგჯერ მცირე რაოდენობით სპერმასაც შეიცავს, ამიტომ დაუცველი სექსის დროს არსებობს იმის ალბათობა, რომ ქალი მხოლოდ ამ სითხითაც დაორსულდეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუკი პირველი ვაგინალური სექსის დროს ქალს ოვულაცია აქვს — კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო — დაორსულების ალბათობა უფრო იზრდება.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თავდაცვის საშუალებების გამოყენება პირველი სექსის დროსაც, რათა თავიდან აიცილოთ დაუგეგმავი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების საფრთხეც.

მითი #4: პირველი სექსი აუცილებლად ადრეულ ასაკში უნდა გქონდეთ

ბევრი ადამიანი სტრესს განიცდის იმის გამო, რომ სჯერათ, თითქოს „სწორი ასაკი“ არსებობს პირველი სექსისთვის და ნერვიულობენ, როდესაც ეს გამოცდილება არ აქვთ.

მნიშვნელოვანია იმისი გააზრება, რომ სექსისთვის ფიზიკური მზაობის გარდა, მენტალურადაც უნდა იყოთ მზად და მხოლოდ თქვენ იცით, როდის არის სწორი ამ ნაბიჯის გადადგმა. არსებულმა სტერეოტიპებმა და სტრესმა შეიძლება პირველი სექსი უფრო ტრავმულ გამოცდილებად აქციოს და, მეტიც, შეგიცვალოთ დამოკიდებულება ზოგადად სქესობრივი ცხოვრების მიმართ.

სურათი: NPR

მითი #5: პირველი სექსის დროს ინფექციები არ ვრცელდება

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ვრცელდება ნებისმიერი სექსუალური აქტივობის დროს, მათ შორის პირველი ვაგინალური სექსის დროსაც. ამ ინფექციების რიცხვი ოცდაათზე მეტია და ისინი სხვადასხვა გზით გადადის, მათ შორის კანზე შეხებითაც (მაგალითად, გენიტალური ჰერპესი). სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პირველი ვაგინალური სექსის დროსაც გამოიყენოთ პრეზერვატივი (კონდომი), რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის გავრცელების საფრთხე.

ხშირად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიმპტომები საერთოდ არ ვლინდება, ამიტომ შეიძლება, თქვენს პარტნიორს არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე მათგანის მატარებელია. ამიტომ აუცილებელია, პირველი სექსის დროსაც დაიცვათ თავი და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას.

მას შემდეგ, რაც სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია გინეკოლოგთან ვიზიტის დაგეგმვა, რათა აკონტროლოთ ჯანმრთელობა და თქვენი სქესობრივი ცხოვრება გართულებების გარეშე წარიმართოს.

ადამიანების ნაწილი შფოთვას განიცდის პირველი სექსის შემდეგ, რაც ასევე ნორმალურია, რადგან ხშირად პირველი სექსი იმ ქმედებად აღიქმება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ცვლის. ნერვიულობისა და შფოთვის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ის შეხედულება, რომ ქალისთვის სექსი მხოლოდ ქორწინებაშია დასაშვები. ეს სტერეოტიპი ხშირად ქალებში მიჯაჭვულობას იწვევს იმ პარტნიორის მიმართ, რომელთანაც პირველი ვაგინალური სექსი ქორწინების გარეთ ჰქონდათ, რადგან ამ ურთიერთობის დასრულებას შეიძლება ოჯახისგან გარიყვა ან რეპუტაციის შელახვა მოჰყვეს.

პირველი სექსს დადებით გამოცდილებად აქცევს ინფორმირებულობა და სწორი მოლოდინები. მნიშვნელოვანია, რომ — როგორც პირველი სექსის, ასევე მომდევნო სექსუალური კავშირის დროსაც — გულწრფელი კომუნიკაცია გქონდეთ თქვენს პარტნიორთან, რათა სექსი მაქსიმალურად სასიამოვნო გამოცდილება იყოს.

მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

5 მითი პირველი სექსის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია