როცა ფემიციდზე — გენდერის ნიშნით ქალებისა და გოგოების მკვლელობაზე — ვსაუბრობთ, ხშირად ისმის კითხვები, თუ რით განსხვავდება ის ზოგადად ადამიანის მკვლელობისგან, რა იძლევა მისი სისტემურად აღქმის საფუძველს და, საერთოდ, ფემიციდის შემთხვევებზე საუბრისას რატომ ვამბობთ, რომ „ქალი მოკლეს იმის გამო, რომ ის ქალი იყო“.
ამ სტატიაში სწორედ ზემოთ დასმულ კითხვებს ვუპასუხებთ და ვისაუბრებთ ფემიციდის სისტემურობაზე, მის კატეგორიებზე, პრობლემის მასშტაბებსა და იმ ზოგად სურათზე, რომელიც დღესდღეობით გლობალურად არსებობს.
რა არის ფემიციდი, ანუ ქალების მკვლელობა?
ქალთა მიმართ ძალადობა ძალადობრივი ქმედებების ფართო სპექტრს მოიცავს: დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ემოციური ძალადობის სხვა ფორმებით, დამთავრებული ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობით.
ფემიციდი გენდერის ნიშნით ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმაა და განიმარტება, როგორც „ქალების განზრახ მკვლელობა მათი გენდერის გამო“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, „უმეტეს შემთხვევებში, ფემიციდი ჩადენილია მოქმედი ან ყოფილი რომანტიკული პარტნიორებისგან და მას წინ უძღვის ოჯახში ძალადობა, მუქარა და დაშინება, სექსუალური ძალადობა ან სხვა გარემოებები, რომლებშიც ქალებს აქვთ ნაკლები ძალაუფლება და რესურსი მათ პარტნიორებთან შედარებით“.
რადგან ფემიციდი გენდერის ნიშნით მკვლელობას გულისხმობს, ის ძირითადად იკვებება სტერეოტიპული გენდერული როლებით, ქალებისა და გოგოების ჩაგვრით, უთანასწორო ძალაუფლებრივი ურთიერთობებით ქალებსა და კაცებს შორის ან დამაზიანებელი სოციალური ნორმებით.
♦ „ფემიციდი“ — ტერმინის ისტორია
პირველად ტერმინი „ფემიციდი“ გვხვდება ჯონ ქორის წიგნში „ლონდონის სატირული აღქმა მე-19 საუკუნის დასაწყისში“ (ინგლ. A Satirical View of London at the Commencement of the Nineteenth Century), რომელშიც ის ამ ტერმინით ქალების დახოცვას აღნიშნავდა. ტერმინი ხელახლა 1976 წლამდე აღარ გამოყენებულა. სწორედ ამ დროს პიონერმა ფემინისტმა, ექსპერტმა და აქტივისტმა დაიანა რასელმა ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საერთაშორისო ტრიბუნალზე ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობასა და ჩაგვრაზე. ამ დროს რასელი ფემიციდს განმარტავდა, როგორც „კაცების მიერ ქალების მკვლელობას, რომელიც მოტივირებულია ზიზღით, დამცირებით, სიამოვნებით, ან ქალის ფლობის შეგრძნებით“ და „ქალების მიზოგინიური მკვლელობა კაცების მიერ“.
► იხილეთ აგრეთვე:
ფემიციდის გავრცელებული ტიპები
ინტიმური ფემიციდი
ფემიციდი, რომელიც ჩადენილია მოქმედი ან ყოფილი რომანტიკული პარტნიორის მხრიდან ასევე ცნობილია, როგორც ინტიმური ფემიციდი ან „მკვლელობა, ჩადენილი ინტიმური პარტნიორის მიერ“. WHO-ს და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (ინგლ. London School of Hygiene and Tropical Medicine) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ქალების მკვლელობათა 35%-ზე მეტი ჩადენილია ინტიმური პარტნიორის მიერ. შედარებისთვის, იგივე კვლევამ აჩვენა, რომ კაცების მკვლელობათა მხოლოდ 5%-ია ჩადენილი მათი ინტიმური პარტნიორის მიერ.
გლობალურად, ქალებისა და კაცების მკვლელობების დაახლოებით 15%-ზე არსებობს ინფორმაცია, რომ ის ინტიმურმა პარტნიორმა ჩაიდინა. ეს რიცხვი, სავარაუდოდ, რეალობას ზუსტად არ ასახავს საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში.
გარდა ინტიმური პარტნიორების მიერ მოკლული ქალებისა და კაცების თანაფარდობისა, მტკიცებულებები ასევე აჩვენებს, რომ ქალები, რომლებმაც თავიანთი კაცი პარტნიორები მოკლეს, ხშირად მიმდინარე ძალადობისა და მუქარისგან თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ. ეს ასევე ეხმიანება კანადის ეროვნულ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, ქალები უფრო დიდი ალბათობით კლავენ მათ პარტნიორებს ურთიერთობაში ყოფნისას, ხოლო კაცებისთვის ქალის მოკვლის ალბათობა ყოფილი პარტნიორის შემთხვევაში უფრო დიდია. გარდა ამისა, ქალები უფრო დიდი ალბათობით პარტნიორებს კლავენ კამათისა და ჩხუბის ფონზე, როცა კაცების მოტივაცია ყველაზე ხშირად ეჭვიანობაა.
ინტიმური პარტნიორის მკვლელობა არა მარტო უკიდურესი ფორმაა პარტნიორზე ძალადობის, ის ასევე ხანგრძლივი ტრავმული ეფექტის მქონეა ქალის ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებზეც. მაგალითად, მოკლული ქალების შვილები განიცდიან მრავალწლიან ტრავმას, გამომდინარე იქედან, რომ ერთი მშობელი მოკლულია, მეორე კი — ციხეში. ამასთან ერთად, მათ უწევთ დატოვონ გარემო, რომელშიც გაიზარდნენ და შეეგუონ ახალ გარემო პირობებს, რომლებშიც ისინი შეიძლება მოხსენიებულნი იყვნენ, როგორც მკვლელის შვილები.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა, რომ მხოლოდ პარტნიორი იშვიათადაა მსხვერპლი ინტიმური ფემიციდის დროს. მის გარდა ასევე შეიძლება მოკლულნი იყვნენ ქალის შვილები, თვითმხილველები, მკვლელის მიერ მსხვერპლის მხარდამჭერად მოაზრებული ადამიანები (მსხვერპლის ადვოკატები, ნათესავები, მეზობლები, მსხვერპლის ახალი პარტნიორი და ა.შ.).
წყარო: Kloop
„ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი
„ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი მოიცავს გოგოს ან ქალის მკვლელობას კაცი ან ქალი ოჯახის წევრის მიერ, დადასტურებული ან ნავარაუდევი „გადახვევის“ გამო სექსუალური თუ ქცევითი ნორმებისგან. მათ შორის ღალატის, ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირისა, ორსულობისა თუ გაუპატიურების გამოც კი. ხშირად მკვლელის მიერ ქალის მოკვლა აღქმულია, როგორც ოჯახის რეპუტაციის დაცვის გზა, ტრადიციების პატივისცემა ან არასწორად გაგებული რელიგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება.
„ღირსების“ სახელით ჩადენილი მკვლელობა შეიძლება გამოყენებული იყოს ინცესტის შემთხვევის შესანიღბად და არსებობს შემთხვევები, როცა „ღირსების დაცვას“ იყენებენ იმისთვის, რომ მიიღონ საზოგადოებისა თუ სამართალდამცავი სისტემების კეთილგანწყობა.
ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 5000 მკვლელობა ხდება „ღირსების“ დაცვის სახელით, თუმცა ეს რიცხვი არ არის მიჩნეული რეალურ მაჩვენებლად. ამ ტიპის მკვლელობები ძირითადად ხდება შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში, თუმცა ასევე ზოგიერთ მიგრანტ თემში — მაგალითად, ავსტრალიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
კვლევები აჩვენებს, რომ „ღირსების“ სახელით ჩადენილი მკვლელობები ძირითადად ხდება ცეცხლსასროლი იარაღით, ნაჯახითა და სხვა ბასრი საგნებით, დახრჩობითა და დაჭრით, დაწვით, ქალის ფანჯრიდან გადაგდებით ან მისთვის იმის იძულებით, რომ დალიოს საწამლავი.
ქალების მკვლელობა „ოჯახის ღირსების შენარჩუნების“ სახელით ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შედეგი და ცხადი გამოვლინებაა ქალებისა და გოგოების ჩაგვრის ნორმალიზებისა და კულტურაში მისი ძლიერი ფესვების არსებობის. ეს კი ხშირად წახალისებულია დაუსჯელობის სინდრომითა და საზოგადოებაში ამ ტიპის მკვლელობების „მიღებულობით“, რაც, თავის მხრივ, საკანონმდებლო სისტემებსა თუ კანონის აღსრულების ხარისხზეც აისახება. ზოგიერთ შემთხვევებში, მკვლელობა შეიძლება მოთხოვნილი ან წახალისებული იყოს ოჯახის სხვა წევრების მიერ, მათ შორის ქალების მიერაც.
► იხილეთ აგრეთვე:
მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი
ფემიციდის ერთ-ერთი კატეგორია მზითევთან დაკავშირებული ფემიციდია. ეს ფორმა ძირითადად ინდოეთის სუბკონტინენტზე ფიქსირდება და მოიცავს ქმრის ოჯახის მიერ ახლადდაქორწინებული ქალების მკვლელობას მზითევთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამო (მაგალითად, არასაკმარისი რაოდენობის მზითევის გამო). ამ ტიპის ფემიციდის დადასტურებული სიხშირე მნიშვნელოვნად მერყეობს. მაგალითად, 2006 წელს ინდოეთის ეროვნული დანაშაულების ჩანაწერების ბიურომ აღრიცხა მზითევთან დაკავშირებული სიკვდილის დაახლოებით 7600 შემთხვევა, მაშინ, როცა სხვა წლიური მიახლოებითი შეფასებები ამ რიცხვზე ორზე მეტჯერ მაღალს მიანიშნებდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 25 000-მდე ახლადდაქორწინებული ქალია მოკლული ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, მზითევთან დაკავშირებული მიზეზების გამო.
არაინტიმური ფემიციდი
ქალის მკვლელობა, რომელიც ჩადენილია მსხვერპლთან ინტიმური ურთიერთობის წინაპირობის გარეშე, არაინტიმური ფემიციდის სახელითაა ცნობილი. ამ კატეგორიის ფემიციდს ხშირად უძღვის წინ სექსუალური ძალადობა. ასეთ შემთხვევებს „სქესობრივ ფემიციდსაც“ უწოდებენ. ამ ტიპის მკვლელობები, შესაძლოა, არასისტემური იყოს, მაგრამ არსებობს მაგალითები, როცა არაინტიმურ ფემიციდს სისტემური სახეც მიუღია, მაგალითად, ლათინურ ამერიკაში. ზოგიერთ შემთხვევებში არაინტიმური ფემიციდის რისკის ქვეშ ის ქალები დგანან, რომლებსაც მარგინალიზებული და სტიგმატიზებული პროფესიები აქვთ, მაგალითად, სექს-მუშაკები და ბარებისა და ღამის კლუბების თანამშრომლები.
ფემიციდის პრევენცია შესაძლებელია!
გენდერის ნიშნით მკვლელობა და ძალადობის სხვა ფორმები გოგოებისა და ქალების მიმართ არ არის გარდაუვალი. მისი თავიდან არიდება შესაძლებელია და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. დამაზიანებელი საზოგადოებრივი ნორმების შეცვლით, საზოგადოების მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ნულოვანი ტოლერანტობის გამოვლენით, ადრეული ჩარევითა და რისკების სწორი შეფასებით. ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოებისთვის უსაფრთხო თავშესაფრისა და სხვა საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობითა და გენდერულად მგრძნობიარე პოლიციის, სამედიცინო და სასჯელაღსრულების სისტემების დანერგვით.
გამოყენებული წყარო:
მთავარი სურათი: UN Women
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.