Facebook Script

ჩემი ამბავი — ბრაზი, შიში და გულისრევა

23 სექტემბერი, 2021 | პირადი ისტორიები

„ერთხელ, 15 წლისა რომ ნათესავს ვესტუმრე ზესტაფონში, ჩემი პატარა ბიძაშვილი და მისი მეგობარი გავიყვანე პარკში სათამაშოდ, თან თვალს ვადევნებდი.

იქვე ახლოს რამდენიმე ბიჭი იდგა. ჯერ მიყურებდნენ და მალე ჩემთან მოსვლაც გადაწყვიტეს. თავიდან სკამს მოუახლოვდნენ და ხმამაღლა დაიწყეს საუბარი, მერე კი სკამზეც ჩამოსხდნენ და კონტაქტში შემოსვლას ცდილობდნენ. არ მსიამოვნებდა და ვუთხარი, გაჩერებულიყვნენ, მაგრამ უშედეგოდ. ხელით შეხებაც კი დაიწყეს.

ძალიან შემეშინდა, სულ ოფლში ვიწურებოდი. ეგრევე წამოვდექი და ბავშვებს დავუძახე, რომ სახლში წავსულიყავით, თუმცა პარკიდან გასვლამდე მშობლებთან ერთად მყოფი მეგობრები დაინახეს და მათ შეუერთდნენ, მშობლებმაც გვთხოვეს დარჩენა. ბიჭების გუნდი აღარ ჩანდა და რადგან იქ უფროსი ქალებიც იყვნენ, თავი მშვიდად ვიგრძენი და დავრჩით.

რამდენიმე წუთში ბიჭები ისევ გამოჩნდნენ. ძალიან დავიძაბე და თავი მობილურში ჩავრგე. თავს ვიმშვიდებდი, რომ უკვე უფროსებთან ვიყავი და ვერაფერს დამიშავებდნენ. მაგრამ შევცდი. მათგან „მთავარი“ ბიჭი გვერდით მომიჯდა და გაცნობა შემომთავაზა, უკან კი მისი მეგობრები იცინოდნენ. ზოგადად, სახეებს და სახელებს ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ მისი ნათლად მახსოვს — ლევანი.

უარი რომ ვუთხარი, უფრო აგრესიული გახდა. ერთი ხელი მხარზე მომხვია, მეორე კი ფეხზე დამადო. მთელი სხეული მეწვოდა. რაც მეტს ვუძალიანდებოდი, უფრო მეტად მხვევდა ხელებს, კოცნასაც კი ცდილობდა. ყვირილი მინდოდა, მაგრამ მრცხვენოდა. თვალებით შველას ვეძებდი, თუმცა ყველა მარიდებდა თვალს. რაც შეიძლება სწრაფად წამოვხტი და ბავშვებს დავუძახე რომ წავსულიყავით, რაზეც მშობლებმა მითხრეს, რომ ისინი მიხედავდნენ და სახლში მოაცილებდნენ. მინდოდა, მეყვირა, მეც მომხედეთ, მეც მინდა-მეთქი სახლში, მაგრამ საამისოდ უკვე „დიდი“ ვიყავი.

სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას, თითქმის მივრბოდი. მიხვეულ-მოხვეული გზებით დავდიოდი, რომ ბიჭები როგორმე ჩამომეშორებინა. თავიდან თითქოს გაამართლა, მაგრამ როცა მეგონა, ჩამოვიშორე-მეთქი, ლევანის თაოსნობით ამალა ისევ გამოჩნდა. ფაქტობრივად კუთხეში ვიყავი მიმწყვდეული და ერთადერთი გამოსავალი ღობეზე გადაძრომა იყო. არ ვიცი, რა ძალებით, ღობეს გადავახტი, მაგრამ ერთმა ფეხი დამიჭირა. მზად ვიყავი, ფეხი მომეჭრა და იქვე დამეტოვებინა, ოღონდ ამათ გავქცეოდი. წიხლი ჩავარტყი, ღობეზე გადავძვერი და გავექეცი.

სახლში განადგურებული მივედი და ჩემს ოთახში დავიწყე ჩუმად ტირილი. არ მინდოდა, ნათესავებს გაეგოთ, რაც მოხდა. მეგონა, ჩემი ბრალი იყო და მე დამადანაშაულებდნენ. ყველა კადრს თავიდან ვამეორებდი გონებაში: იქნებ ცოტა დიდი ხანი შევხედე თვალებში და მაგით გამოვიწვიე? იქნებ ცუდად გადავიხარე, რამე გამომიჩნდა და მაგიტომ? მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ ბიჭებს თავის შეკავება არ შეუძლიათ, რომ მათ გოგოები იწვევენ. ჯინსები, კედები და მაისური მეცვა და მაინც იმას ვფიქრობდი, რამე ხომ არ გავაკეთე-მეთქი გამომწვევად.

სამი ღამე არ მიძინია, ვტიროდი. თვალების დახუჭვისას იმ სახეს ვხედავდი. ერთიანად ვგრძნობდი ბრაზს, შიშს და გულისრევას. მეგობარ გოგოებს რომ მოვუყევი, რეაქცია არ ჰქონიათ. ალბათ, მათაც დამართნიათ მსგავსი რამ. მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ სიმშვიდე დღემდე ვერ ვიპოვე. ეს ამბავი თითქოს თავისთვის აგრძელებს არსებობას ჩემი გონების კუთხეში. ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ იქაა და მესმის. ხანდახან შემთხვევით შემეხედება და იმ ჯოჯოხეთს ხელახლა გავდივარ“.

მსგავსი სტატიები

ჩემი ამბავი, აბორტი, aborti

ჩემი ამბავი — რატომ გავიკეთე აბორტი

აბორტზე პირადი მოსაზრება ჯერ კიდევ გვიან თინეიჯერობაში ჩამომიყალიბდა — ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ავტონომია საკუთარ სხეულზე და შვილების გაჩენა მათი არჩევანი უნდა იყოს.

პირადი ისტორიები
ჩემი ამბავი, მარტოხელა დედა

ჩემი ამბავი — რას ნიშნავს მარტოხელა დედობა

პირადი ისტორია იმაზე, თუ რას ნიშნავს მარტოხელა დედობა და რა სირთულეები ახლავს მას — „შენ ჭკვიანი გოგო ხარ, დაფიქრდი მაინც, ბავშვს მამას ნუ დაუკარგავ“

პირადი ისტორიები

გააზიარე სტატია

ჩემი ამბავი — ბრაზი, შიში და გულისრევა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია