წიგნიერების საერთაშორისო დღე 1967 წლიდან აღინიშნება ყოველ 8 სექტემბერს, რათა მსოფლიოს მოსახლეობას წიგნიერებისა და განათლების მიღების მნიშვნელობა შეახსენოს.
ქალები და განათლების უფლება
საუკუნეების განმავლობაში განათლების უფლება ქალების უმეტესობას შეზღუდული ჰქონდა ან საერთოდ არ გააჩნდა. თუკი ქალს გაუმართლებდა და მდიდარ ოჯახში გაჩნდებოდა, მაშინ მას განათლებას სახლში აძლევდნენ. ამ პერიოდში ქალებს არ ჰქონდათ უფლება, რომ სკოლაში ევლოთ, რადგან მიიჩნეოდა, რომ მათ სასკოლო განათლება საერთოდ არ სჭირდებოდათ.
1571 წელს შვედეთში გოგოებს პირველად მიეცათ იმისი უფლება, რომ სკოლაში ესწავლათ. პირველი უფასო სკოლა ქალებისთვის იტალიაში 1685 წელს დაარსდა, აშშ-ში კი სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობა გოგოებს 1727 წლიდან მიეცათ.
საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე მწვავედ იდგა ეს პრობლემა. ცნობილი ქართველი პუბლიცისტი ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე (1833-1895) აქტიურად წერდა და აქვეყნებდა საგაზეთო წერილებს, რომლებშიც გულისტკივილს გამოხატავდა იმ უსამართლობის მიმართ, რასაც ქალები აწყდებოდნენ განათლების ვერმიღების მხრივ. ეკატერინე გაბაშვილიც (1851-1938) აქტიურად იბრძოდა ქართველი ქალების განათლების მიღების უფლებისთვის. სწორედ ამიტომ მან თბილისში, საკუთარ სახლში, ქალთა პროფესიული სკოლა გახსნა. გარდა ამისა, ის სამკითხველოებსა და ბიბლიოთეკებს ხსნიდა, რათა რაც შეიძლება მეტ ქალს შესძლებოდა განათლების მიღება.
ქალები და ლიტერატურა
გასული საუკუნეების განმავლობაში ქალებს, განათლების მიღების შეზღუდვის გარდა, წინ უამრავი წინაღობა ხვდებოდათ. მაგალითად, ქალები საკუთარ რომანებსა თუ ლექსებს ფსევდონიმით აქვეყნებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ წერა და ამ საქმით თავის რჩენა ქალისთვის შესაფერისი არ იყო.
ქალები მარგინალიზებული ჯგუფი იყო ლიტერატურაში და მათი ხმა არ ისმოდა. მეოცე საუკუნეში ვირჯინია ვულფმა დაწერა ესეი „საკუთარი ოთახი“, რომელშიც საუბრობდა ქალებისთვის იმ სივრცის არსებობაზე (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), რომელიც არ გააჩნდათ. მეოცე საუკუნიდან, მაშინ როდესაც ფემინიზმის მეორე ტალღის მოძრაობა დაიწყო, აკადემიურ სივრცეში გაჩნდა საგნები, რომლებიც მხოლოდ ქალების ლიტერატურის შესწავლას ეთმობოდა.
ეს პრობლემა საქართველოშიც გვხვდება. არსებობს „დარიანული ციკლის“ სახელით ცნობილი 14 ლექსი, რომლებშიც ქალის განცდები და გრძნობებია გადმოცემული, თუმცა მათი ავტორის ზუსტი ვინაობა დღემდე უცნობია. თავდაპირველად ამ ლექსების დაწერა პაოლო იაშვილს მიეწერებოდა, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა მოსაზრება, რომ ისინი ელენე დარიანს ეკუთვნის. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ „დარიანული ციკლის“ გამოქვეყნების პერიოდში ქალებს საკუთარი ემოციებისა და განცდების საჯაროდ გამოხატვის უფლება არ ჰქონდათ.
ქალების მიერ შექმნილ ლიტერატურას ხშირად საკმარის ყურადღებას არ უთმობენ. ამისი ნათელი მაგალითი ქართულ ლიტერატურაშიც გვაქვს. რამდენიმე წლის წინ ხელახლა გამოიცა ზაირა არსენიშვილის რომანი „ვა, სოფელო“, რომელიც წლების წინ არ დაფასდა. გარდა ამისა, სულ რამდენიმე თვეა, რაც ქეთი ნიჟარაძის რომანებისა და მოთხრობების წაკითხვის საშუალება გვაქვს, რომლებშიც ქალებისთვის დღემდე აქტუალურ და მწვავე თემებზე გაბედულად და მოურიდებლად წერია.
მთავარი სურათი: dribbble / Alfi Anjum