Facebook Script

კონტრაცეფციის დაუკმაყოფილებელი საჭიროება გენდერული პერსპექტივიდან — საქართველოს კონტექსტი

30 ივლისი, 2023 | კონტრაცეფცია

► წინამდებარე სტატია მოხვდა ფემეას ბლოგერებისა და ილუსტრატორების კონკურსის გამარჯვებულებს შორის და I ადგილი დაიკავა „საუკეთესო სტატიის“ კატეგორიაში.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის ჯანმრთელობის განუყოფელი კომპონენტია და გულისხმობს ადამიანის სექსუალობასთან და რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას, რაც თანაბრად არის ყველა ადამიანის საზრუნავი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები (სრჯუ) მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ორსულობის და მშობიარობის მართვას;  დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობას; გენდერული ძალადობის, არასასურველი ორსულობის და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების (სგგი) პრევენციას; კონტრაცეფციასა და უსაფრთხო აბორტს; ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების/ჯანდაცვის შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფას და სხვა.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის  მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებისა და განვითარების ყველა ასპექტში პირველად 1994 წელს მოსახლეობისა და განვითარების შესახებ გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) აღიარეს და სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებიც პირველად განისაზღვრა ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილად, რაც გულისხმობს ყველა ინდივიდის უფლებას, გააკეთოს თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თავად აირჩიოს პარტნიორი და ჰქონდეს შეთანხმებული სექსუალური ურთიერთობა, მიიღოს ქორწინების ან/და შვილების ყოლის გადაწყვეტილება, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განათლებაზე, სერვისებსა და მხარდაჭერაზე და სხვა. თუმცა, რამდენადაც ქალებსა და კაცებს განსხვავებული რეპროდუქციული სისტემა აქვთ და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიც განსხვავებულ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, რიგი სრჯუ საკითხები მათთვის სპეციფიკურ ხასიათს ატარებს და მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული გენდერული თანასწორობის მიღწევასთან,  მათ შორის ქალებისა და მოზარდი გოგოებისთვის კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

წყარო: Anastasiia_M / iStock

გლობალურ დონეზე, 257 მილიონი ქალი, რომელსაც არ სურს დაორსულება,  არ იყენებს კონტრაცეფციის (არასასურველი ან/და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილების ერთადერთი გზა, იგივე ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები) უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის:  ჰორმონალური კონტრაცეფცია (ორალური აბები, პლასტირები, ვაგინალური რგოლები და სხვა, რომლებიც გამოყოფენ ოვულაციის ხელშემშლელ ერთ ან მეტ ჰორმონს); საშვილოსნოსშიდა საშუალებები (ხელს უშლის კვერცხუჯრედის განაყოფიერებას); გადაუდებელი კონტრაცეფცია (გამოიყენება დაუცველი სექსუალური აქტის შემდეგ ორსულობის პრევენციისთვის); კაცისა და ქალის პრეზერვატივები (რაც ასევე ერთადერთი საშუალებაა სექსუალური გზით გადამდები ინფექციების თავიდან ასაცილებლად) და სხვა. 

კონტრაცეფციასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ქალებისა და ახალგაზრდა გოგოებისთვის, პირველ ყოვლისა, საკუთარ სხეულთან, ოჯახსა და მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმირებული და თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი მხარდაჭერის გაცემას გულისხმობს, რაც ხშირად ვერ ხორციელდება საზოგადოებაში ქალის სექსუალობის შემზღუდველი ნორმებით/სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობით და განაპირობებს ქალთა კონტრაცეფციის დაუკმაყოფილებელ საჭიროებას.

კონტრაცეფციის დაუკმაყოფილებელი საჭიროება გულისხმობს სექსუალურად აქტიური ქორწინებაში მყოფი ან არმყოფი იმ ქალების რაოდენობას, რომელთაც არ სურთ  შვილი ან სურთ ორსულობის გადადება, მაგრამ არ იყენებენ კონტრაცეფციის არცერთ მეთოდს და  შესაბამისი მონაცემები ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, ევროპის მასშტაბით რეპროდუქციული ასაკის ქალების 69.2% იყენებს კონტრაცეფციას, თუმცა ეს მონაცემი უფრო დაბალია, ვიდრე ჩრდილოეთ და ლათინურ ამერიკაში, ორსულობის 43%  კი კვლავაც დაუგეგმავია, რაც ასევე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. მიზეზები, თუ რატომ არ ან ვერ იყენებენ ქალები კონტრაცეფციას ყველა კულტურაში, განსხვავებულია, თუმცა ეს 2 ძირითადი მიზეზით არის განპირობებული:

  1. ქალის სექსუალობის შემზღუდველი სოციალური ნორმები, მითები და სტერეოტიპული შეხედულებები. მაგალითად: ქალებმა თავი უნდა შეიკავონ სექსუალური ურთიერთობისგან ქორწინებამდე; „ცოლობა“ და დედობა ქალის მთავარი ფუნქციაა; ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება ხელს უწყობს სექსუალური ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყებას; კონტრაცეფციის გამოყენება ქალების პასუხისმგებლობაა; კონტრაცეფციის  კონკრეტული მეთოდების გამოყენება იწვევს უშვილობას და სხვა; 

  2. ქალების სიღარიბის მაღალი და განათლების დაბალი დონე, რაც ზღუდავს მათ ფინანსურს შესაძლებლობას, ხელი მიუწვდებოდეთ კონტრაცეფციაზე სახელმწიფო პროგრამების არარსებობის პირობებში (UNFPA, 2020; 2023;). აღნიშნული გარკვეულწილად პარადოქსულია, რადგან, მეორე მხრივ, კონტრაცეფციის გამოყენება  მნიშვნელოვნად ამცირებს  მათი სიღარიბეში ცხოვრების რისკს, რამდენადაც ზრდის განათლების მიღების, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობას. თუმცა, ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების არარსებობის პირობებში, ქალები საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას  ძირითადად პირველი ორსულობის დროს იღებენ, რაც დაგეგმვის კუთხით უკვე დაგვიანებულია.

კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს კონტექსტის რაოდენობრივ შეფასებას  რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში ვხვდებით, თუმცა კონტრაცეფციის მოხმარებასთან დაკავშირებული უფრო სიღრმისეული კვლევები უკიდურესად შეზღუდულია. პირველი მასშტაბური კვლევა ამ მიმართულებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრმა (NCDC) 2010 წელს ჩაატარა საქართველოში მცხოვრებ ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვების მიზნით. კვლევაში აღნიშნული იყო, რომ 2010 წლისთვის ფერტილურობა მოზარდებში  (39 ახალშობილი 15-19 წლის ყოველ 1000 ქალზე) შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის 10%-ს შეადგენდა და ამავე ასაკის გოგოების 89%-ს ჰქონდა შვილის ყოლის სურვილი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში შემცირდა (29.1), თუმცა მაღალია ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა აშშ (15.83), საფრანგეთი (9.41), პოლონეთი (9.74), თურქეთი (17.74), სომხეთი (18.47), რეგიონში კი მხოლოდ აზერბაიჯანს (41.8) ჩამორჩება.

კონტრაცეფციის დაუკმაყოფილებელ საჭიროებასთან კავშირში, კვლევის ფარგლებში საინტერესო იყო ასევე სექსუალური ურთიერთობის გამოცდილების ქონასთან დაკავშირებული მონაცემები (15-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 32%; 15-19 წლის კატეგორიაში 11%, თუმცა ყველა მათგანი ქორწინების შემდგომ), რაც იმავე პერიოდისთვის სხვა ქვეყნებში არსებულ მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია (გერმანიაში 88%; პოლონეთში 67.2% და, სავარაუდოდ, ქალთა სექსუალობის შემზღუდველი სოციალური ნორმებით იყო განპირობებული. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობის ქონის ტენდენცია თითქმის ყველა ქვეყანაში მზარდია, 2023 წლის მდგომარეობით შეიძლება საქართველოშიც განსხვავებული სურათი იყოს და კონტრაცეფციის დაუკმაყოფილებელი საჭიროების პირობებში ახალგაზრდა ქალების, როგორც სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ფენის, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ არაერთ ქცევას უკავშირდებოდეს არასასურველი ორსულობის, სახიფათო აბორტისა და სგგი-ით ინფიცირების რისკის ჩათვლით.

NCDC-ის მონაცემებით, კონტრაცეფციის (მათ შორის ჰორმონალური კონტრაცეფციის, საშვილოსნოსშიდა საშუალებების, გადაუდებელი კონტრაცეფციის) გამოყენების მაჩვენებელი 20%-ია, ხოლო ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის არის დაორსულების რისკი ყველაზე მაღალი, 2010 წელს ასევე მნიშვნელოვნად დაბალი იყო.  გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს 15-44 წლის ასაკობრივ ჯგუფებში 2010 წელთან შედარებით კონტრაცეფციის მომხმარებლის წილი საქართველოში კიდევ უფრო (9%-ით) შემცირდა და 45.4% შეადგინა. იმ ქალების წილი, რომლებიც 2018 წელს კონტრაცეფციის არცერთ მეთოდს არ იყენებდნენ, მაშინ როცა ორსულობა დაგეგმილი არ ჰქონდათ, 23% იყო მოსახლეობის ყველა კატეგორიაში, რაც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კონტრაცეფციის დაუკმაყოფილებელი საჭიროების საგანგაშო მაჩვენებლად იყო მოხსენიებული.

წყარო: Freepik

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოში კონტრაცეფციის დაუკმაყოფილებელი საჭიროების მაჩვენებელი 18%-მდე შემცირდა (სავარაუდოდ, არასამთავრობო სექტორის მუშაობის გაძლიერების ფონზე), რეგიონულ დონეზე ის უფრო ახლოს დგას აფრიკის ქვეყნებთან და ჩამორჩება აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებს (9%), აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას (11%) და ყველა მეზობელ ქვეყანას (სომხეთი — 12%, აზერბაიჯანი — 14%, თურქეთი/რუსეთი — 9%). კონტრაცეფციის მოხმარების დაბალ მაჩვენებელს ძირითადად სწორედ განათლების ნაკლებობა, მეთოდების ალტერნატივების შეზღუდულობა, კონტრაცეფციის გამოყენებასთან დაკავშირებული მითები, ქალის სხეულის მაკონტროლებელი ნორმები, სიღარიბე და იმ განსჯის შიში განაპირობებს, რომელიც ქალებს სრჯუ სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით აქვთ. შედეგად, აბორტის, მოზარდთა ფერტილურობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, სგგი-ის გავრცელებისა და ადამიანის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა რისკები იზრდება და ამ კუთხით არსებული მონაცემები ხშირად ასევე საგანგაშოა. მაგალითად,  2018 წლის მდგომარეობით, 15-19 წლის გოგოების თითქმის ნახევარს არ აქვს ინფორმაცია კონტრაცეფციის მეთოდების ეფექტიანობაზე, 5.2%-ს უმშობიარია ცოცხალი ნაყოფით, 2.1% ორსულად იყო გამოკითხვის პერიოდში, ხოლო 2010-2018 წლებში პრაქტიკულად არ შეცვლილა იმ ქალების მაჩვენებელი, რომლებმაც 18 წლამდე იქორწინეს — 2010 წელს 14%, 2018 წელს კი 13.9%.

დინამიკაში არსებული მონაცემები მხოლოდ ხელოვნური აბორტის ჭრილშია გაუმჯობესებული. თუ 2010 წელს 20 წლამდე ასაკში აბორტის 1784 შემთხვევა დაფიქსირდა,  2021 წელს მხოლოდ 444 შემთხვევა იქნა აღწერილი, აქედან არცერთი 15 წლამდე კატეგორიაში. თუმცა, აღნიშნული მონაცემების სანდოობა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან 16 წლამდე გოგოთა აბორტების შემთხვევები, შესაძლოა, არც იყოს აღრიცხული სამედიცინო დოკუმენტაციაში, რათა ფაქტობრივი მეუღლის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული არ გამომჟღავნდეს ან ოჯახის „ღირსებას“ არ შეექმნას საფრთხე. საქართველოში მცხოვრები ქალები ასევე აღნიშნავენ, რომ აბორტის თანხის არქონის გამო ისინი ხშირად თვითმართულ აბორტს მიმართავენ (მათ შორის მედიკამენტის თვითნებურ მიღებას, სიმაღლიდან გადმოხტომას, სიმძიმეების აწევას და სხვა), რომლის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში ქალებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ ან/და იძულებულები ხდებიან, ბავშვი გააჩინონ. 

უსაფრთხო აბორტი ქალის უფლებას, ხოლო მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს, თუმცა, ეს არ ცვლის  იმ ფაქტის, რომ აბორტის პრევენცია პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ მოზარდი გოგოების თვითნებურ აბორტზე მონაცემები პრაქტიკულად არ მოიპოვება და  მათი სექსუალური აქტივობის მიმართ არსებული კულტურული წნეხის, კონტრაცეფციის მაღალი ფასებისა და კონსულტაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გინეკოლოგთან ვიზიტის შემთხვევები უკიდურესად დაბალია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

არსებული მაჩვენებლების ფონზე, განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ საქართველოში ოჯახის დაგეგმვის სერვისები დღემდე არ არის ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლში, არ არსებობს ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სერვისები და ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლება (ინგლ. Comprehensive Sexuality Education; CSE)  კვლავაც არ არის წარმოდგენილი ფორმალური განათლების სისტემაში. 

მიუხედავად იმისა, რომ, მოსახლეობის 67%-ის აზრით, „სქესობრივი განათლების სკოლაში დანერგვა აუცილებელია“ და 70%-ს მიაჩნია, რომ „სქესობრივი განათლების საკითხები, რომლებსაც სკოლაში ასწავლიან, მწირი და არასაკმარისია“, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მხოლოდ რამდენიმე საკითხი — ნაადრევი ორსულობა, სგგი და სქესთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ასპექტები ისწავლება, რაც CSE-ის მხოლოდ მცირე ნაწილია და მათი სწავლებაც ხშირად ზედაპირული ან/და სტიგმატიზებულია. ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მიმოხილვისა და შეფასების ინსტრუმენტის (SERAT) გამოყენებით საქართველოს შეფასების ანგარიშის თანახმად, CSE-საკითხები არ არის ფორმულირებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებად და ამოცანებად, რაც მოზარდებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგოებს,  ინფორმაციის ისეთი არასანდო წყაროების წინაშე ტოვებს, როგორებიც არის ინტერნეტსივრცე და თანატოლები. პრაქტიკულად, სკოლა ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისთვის სრჯუ საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის კონტრაცეფციის რაობასა და მეთოდებზე.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველოს მიერ სრჯუ პოლიტიკასა და კანონმდებლობაში განხორციელებული გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია კვლავ ძირითადად გამოწვევას წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით უარყოფითად სწორედ ქალებისა და გოგოების ცხოვრებაზე აისახება. 

რამდენადაც საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე არსებულ პრობლემებთან გამკლავება  მნიშვნელოვნად უკავშირდება პოლიტიკური ნების არარსებობას,  ინფორმაციისა და სერვისების უზრუნველყოფის არაფორმალური ვალდებულება არასამთავრობო სექტორზე გადადის. ორგანიზაციული მუშაობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი, თუმცა ფრაგმენტულია, და მას არ შეუძლია, სრულად ჩაანაცვლოს სახელმწიფო სერვისები. შესაბამისად, ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ პოლიტიკური ნების გაჩენისკენ და არსებულ პოლიტიკის დოკუმენტებში გათვალისწინებული ნაბიჯების პრაქტიკული იმპლემენტაციის მოთხოვნისკენ უნდა იყოს მიმართული, რაც საზოგადოების ფართო ფენებთან მუშაობას და პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის ავტორი: ანა ქათამაძე

მთავარი სურათი: Marina Esmeraldo

კონკურსი მხარდაჭერილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ფემეა“ და, შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

მსგავსი სტატიები

სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
გადაუდებელი, სასწრაფო, კონტრაცეფცია, ესკაპელი, ესმია, ორსულობა, სექსი

გადაუდებელი კონტრაცეფცია — მისი ფორმები, მიღების წესები და გვერდითი მოვლენები

რას ნიშნავს გადაუდებელი (სასწრაფო) კონტრაცეფცია და რამდენი სახეობის საშუალებას მოიცავს ის? როდის უნდა მივიღოთ „შემდეგი დღის“ აბი და რა ტიპის გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ორსულობა, ფეხმძიმობა, თავიდან, არიდება, თავის, დაცვა, უსაფრთხო, სექსი, სპირალი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, spirali, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, orsuloba, kontracepcia, kontracefcia, usafrtxo, seqsi, tavis, dacva

20 მითი კონტრაცეფციაზე — ფაქტები ორსულობის თავიდან აცილების შესახებ

მითები და სიმართლე კონტრაცეფციაზე — ჰორმონალური კონტრაცეფცია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, სპირალი და თავდაცვის სხვა საშუალებები. როგორ ავიცილოთ თავიდან ორსულობა?

კონტრაცეფცია
ჰორმონალური, კონტრაცეფცია, კონტრაცეპტივი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, მონოფაზური, ფაზური, ყოველდღიური, მინი-აბები, მინიპილი, საშოს, ვაგინალური, რგოლი, კანის, პლასტირი, ინიექცია, ინექცია, იმპლანტი, სპირალი, საშვილოსნოსშიდა, მოწყობილობა, შემდეგი, დღის, hormonaluri, kontracepcia, kontracefcia, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, monofazuri, mini-abebi, minipili, sashos, vaginaluri, rgoli, kanis, plastiri, ineqcia, inieqcia, implanti, spirali

ჰორმონალური კონტრაცეფცია — რა უნდა ვიცოდეთ?

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივები — საშოს (ვაგინალური) რგოლი, კანის პლასტირი, ინიექცია, იმპლანტი, სპირალი და სხვა — რა უნდა ვიცოდეთ სექსის დროს თავდაცვის გზებზე?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ბარიერული, მეთოდი, უსაფრთხო, სექსი, ორსულობა, დაცვა, პრეზერვატივი, სპირალი, დიაგრაფმა, ჩაჩი, ღრუბელი, გამოღება, გამონადენი, კალენდრული, ლაქტაცია, სტერილიზაცია, მილების, ლიგირება

კონტრაცეფციის არაჰორმონალური ფორმები — რა უნდა ვიცოდეთ?

ორსულობისგან თავის დაცვა და არაჰორმონალური კონტრაცეპტივები: პრეზერვატივი, დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი, ღრუბელი, სპირალი, სტერილიზიცია (ვაზექტომია და მილების ლიგირება), გამოღების მეთოდი, კალენდრული მეტოდი, გამონადენის მონიტორინგი და ლაქტაციური ამენორეის მეთოდი.

კონტრაცეფცია

გააზიარე სტატია

კონტრაცეფციის დაუკმაყოფილებელი საჭიროება გენდერული პერსპექტივიდან — საქართველოს კონტექსტი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია