„ზნეობის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის, დაკავებამ და მკვლელობამ ირანში რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მედიის ინფორმაციით, ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ქვეყნის „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდება.
„ზნეობის პოლიციას არაფერი ესაქმება სასამართლო სისტემასთან“, — განუცხადა გენერალურმა პროკურორმა ჯაფარ მონტაზერიმ ISNA-ს მედიასააგენტოს.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია, ხელახლა შეიქმნება თუ არა ეს პოლიცია სხვაგვარ კონტექსტში ან სხვა სახელის ქვეშ. ირანის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ „ზნეობრივი“ დარღვევებისთვის სიკვდილით დასჯა და საქმის აღძვრა გაგრძელდება.
სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინი „ზნეობის პოლიციის“ მიერ იქნა მოკლული, მას შემდეგ რაც ის ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავეს, რასაც თვეების განმავლობაში ანტისახელისუფლებო პროტექსტები მოჰყვა. ამინის მკვლელობის შემდეგ ირანის რეჟიმი მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ იყო.
შაბათს, 3 დეკემბერს, მონტაზერიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავდა ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავშლის ტარებას ავალდებულებდა, რათა ენახათ, ხომ არ იყო საჭირო რაიმე „ცვლილებები“.
ვინ არის „ზნეობის პოლიცია“?
ე.წ. „ზნეობის პოლიცია“ (ან „მორალის პოლიცია“) არის ირანის პოლიციის ერთეული, რომელსაც ევალება საჯარო სივრცეებში ისლამური ჩაცმულობის წესებისა და სხვა ქცევების მონიტორინგი.
მათ ქუჩების პატრულირება 2006 წელს დაიწყეს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის ბრძანებით.
ირანული კანონების მიხედვით, ქალები და პოსტ-პუბერტატული (გარდატეხის ასაკის შემდგომი) ასაკის გოგოები ვალდებულნი არიან, საჯარო სივრცეებში ატარონ თავსაბურავები და მოშვებული ტანსაცმელი.
► იხილეთ აგრეთვე: ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ — ფოტოამბავი
გამოყენებული წყარო:
მთავარი სურათი: DW