კიბო ასზე მეტ, ერთმანეთისგან განსხვავებულ, დაავადებას აერთიანებს და, როგორც წესი, მათ სხვადასხვა ფაქტორი იწვევს (მაგალითად, გენეტიკა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ვირუსები და ა.შ.). ადამიანის სხეულში უჯრედები საჭიროების მიხედვით იყოფიან (მაგალითად, როდესაც კანის ქსოვილი ზიანდება, ძველი უჯრედები იხოცებიან და მათი ჩანაცვლების მიზნით გაყოფის შედეგად ახლები წარმოიქმნებიან). კიბოს შემთხვევაში უჯრედები უკონტროლოდ მრავლდებიან, ხშირად სიმსივნურ უჯრედებად იქცევიან და ვრცელდებიან მთელს სხეულში.
არსებობს კიბოს გაჩენის მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი ფაქტორები. მოდიფიცირებად ფაქტორებში ერთიანდება: ცხოვრების არაჯანსაღი წესი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი წონა, მზის მავნე სხივები და ინფექციები. ხოლო არამოდიფიცირებად ფაქტორებში მოიაზრება ასაკი, ეთნიკურობა და გენეტიკური ფაქტორები.
ადამიანის დაბადებისას მინიჭებული სქესი და მასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური მახასიათებლები კონკრეტული კიბოს გაჩენის ალბათობაზე საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს. NCI-ს 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ძუძუს კიბო იყო (დაფიქსირდა დაახლოებით 284 000 ახალი შემთხვევა).
სისგენდერ ქალებში ყველაზე გავრცელებული კიბოს 5 ტიპია: ძუძუს, კოლორექტული (მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო), საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების და კანის კიბოები. მნიშვნელოვანია იმ რისკ-ფაქტორებისა და პრევენციის გზების განსაზღვრა, რომლებიც ქალებს ამ დაავადებების თავიდან აცილებაში ეხმარებათ.
ძუძუს (მკერდის) კიბო
ძუძუს კიბო მკერდის ქსოვილში ჩნდება და დროთა განმავლობაში სიმსივნედ ყალიბდება. როგორც წესი, თავდაპირველად დაავადება სარძევე სადინარებში ჩნდება და შეიძლება გავრცელდეს მკერდის დანარჩენ ნაწილშიც, თუკი დროულად არ მოხდა მისი გამოვლენა და მკურნალობა.
ძუძუს კიბოს განვითარების რისკ ფაქტორებია:
-
სქესი: ქალებში კაცებთან შედარებით ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ასჯერ მაღალია.
-
ასაკი: ძუძუს კიბო უმეტესად 55 წლიდან ვითარდება.
-
გენეტიკა: თუკი თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდა/აქვს ძუძუს კიბო, ეს ნიშნავს, რომ თქვენც გაზრდილი რისკის ქვეშ ხართ.
► იხილეთ აგრეთვე: ძუძუს კიბო — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა
ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მისგან სრულად განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია მამოლოგთან გეგმიური ვიზიტის ჩანიშვნა, რათა ამ ტიპის კიბოს გაჩენის შემთხვევაში, მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად ადრე დაიწყოს.
კოლორექტული (კოლორექტალური) კიბო
კოლორექტული კიბო ვითარდება მსხილ ან წვრილ ნაწლავში. ქალებში ამ ტიპის კიბო საკმაოდ გავრცელებულია და ის ყოველი 24 ქალიდან ერთს ემართება. ფაქტორები, რომლებიც კოლორექტული კიბოს გაჩენის რისკს ზრდის, შემდეგია:
-
ჭარბი წონა
-
პასიური ფიზიკური ცხოვრება
-
არაჯანსაღი დიეტა
-
თამბაქოს მოწევა
-
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება
-
ასაკი
-
დიაბეტი
-
გენეტიკური მემკვიდრეობა
ამ შემთხვევაშიც, კოლორექტულ კიბოზე ხშირი შემოწმება გამოსავალია. როგორც წესი, კოლორექტული კიბოს საწყის ეტაპზე ჩნდება პოლიპი (მცირე წარმონაქმნი) მსხვილი ან სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. წამონაქმს საშუალოდ 10-15 წელი სჭირდება, რომ გაიზარდოს და გავრცელდეს. გეგმიური შემოწმების შედეგად შეგიძლიათ მსგავსი პოლიპეპის არსებობა ადრეულ ეტაპზე გამოავლინოთ და მოიშოროთ მანამ, სანამ სიმსივნედ ჩამოყალიბდება.
კოლერექტული კიბოს შემოწმება უმეტესად ხდება კოლონოსკოპიით (პროცედურა, რომლის დროსაც ნაწლავების გამოკვლევა სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით ხდება). სასურველია, ასაკის მატებასთან ერთად (განსაკუთრებით 45 წლიდან) გეგმიურად შეემოწმოთ, რათა თავიდან აიცილოთ კოლერექტული კიბოს გაჩენის საფრთხე.
საშვილოსნოს ყელის კიბო
ქრონიკული ინფექციები, როგორიცაა პაპილომავირუსი, საშვილოსნოს ყელის კიბოს გაჩენის მთავარი რისკ-ფაქტორია. პაპილომავირუსის შეძენა შეიძლება კანზე აქტიური შეხებით. მაგალითად, ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსის შედეგად იმ ადამიანთან, რომელიც პაპილომავირუსის მატარებელია. თუმცა, არსებობს სხვა რისკ-ფაქტორები, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებს უწყობენ ხელს:
-
თამბაქოს მოწევა
-
სუსტი იმუნური სისტემა
-
ქლამიდიოზი
-
ჭარბი წონა
-
ჰორმონალური მედიკამენტების მიღება
-
საშვილოსნოს ყელის კიბოზე შეუმოწმებლობა
საბედნიეროდ, არსებობს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 9-დან 12 წლის ასაკში კეთდება.
მნიშვნელოვანია პაპ-ტესტის ყოველწლიურად გაკეთებაც, რათა აკონტროლოთ ცვლილებები თქვენს ორგანიზმში. პაპ-ტესტის დახმარებით ადრეულ ეტაპზევე ხდება პაპილომავირუსის გამოვლენა და მისი მკურნალობა. გაითვალისწინეთ, რომ 25 წლიდან პაპ-ტესტის რეგულარულად ჩატარება აუცილებელია.
საკვერცხეების კიბო
საკვერცხეების კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა და ის ვითარდება საკვერცხეებში ან ფალოპის მილებში. მიუხედავად იმისა, რომ საკვერცხეების კიბოს გაჩენის საფრთხე ნებისმიერ ასაკში არსებობს, ის უფრო მეტად ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს. ამ ტიპის კიბოს რისკის ქვეშ კი განსაკუთრებით ის ქალები არიან, რომლებსაც არასდროს უმშობიარიათ ან იმშობიარეს 35 წლის შემდეგ. გარდა ამისა, ის ქალები, რომლებიც იყენებენ ესტროგენს, როგორც ჰორმონის ჩამნაცვლებელი თერაპიის ნაწილს, გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. ასევე, ქალები, რომლებსაც ძუძუს, კოლორექტული და საკვერცხეების კიბოს გენეტიკური მემკვიდრობა აქვთ, საკვერცხეების კიბოს რისკის ქვეშ არიან.
სამწუხაროდ, პაპ-ტესტით ვერ ხერხდება საკვერცხეების კიბოს გამოვლენა, თუმცა მნიშვნელოვანია მენჯის ღრუს გამოკვლევაც. მენჯის ღრუს გამოკვლევის შედეგად მარტივად ვლინდება საკვერცხეების კიბო. გარდა ამისა, რამდენიმე ცვლილება თქვენს ყოველდღიურობაში საგრძნობლად ამცირებს საკვერცხეების კიბოს გაჩენის ალბათობას:
-
მოერიდეთ თამბაქოს მოწევას
-
იყავით ფიზიკურად აქტიურები
-
იკვებეთ ჯანსაღად
-
მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას
-
დაიცავით კანი
-
გამოიკვლიეთ თქვენი გენეტიკური მემკვიდრეობა
-
გეგმიურად ჩაიტარეთ გამოკვლევები და შეემოწმეთ საკვერცხეების კიბოზე
კანის კიბო
კანის კიბოს განვითარების რისკი უფრო მეტად ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს უდგათ. ეს დაავადება უმეტესად ვითარდება მზის ულტრაიისფერი სხივების დაუცველ კანზე მიღებით. გარდა ამისა, კანის კიბოს გაჩენის რისკს ზრდის სოლარიუმში ხშირი ვიზიტიც. კანის კიბოს ყველაზე საშიში ტიპი კი მელანომაა, რომელიც ნაკლებად გავრცელებულია, თუმცა ყველაზე სწრაფად ვითარდება და ვრცელდება. კანის კიბოს განვითარების სხვა რისკ ფაქტორებია:
-
უკვე გადატანილი კანის კიბო
-
კანის კიბოს გენეტიკური მემკვიდრეობა
კანის კიბოს გაჩენის რისკის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური გზა მზის ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვაა. გარეთ ყოფნისას შეეცადეთ იყოთ ჩრდილში, განსაკუთრებით კი შუადღის საათებში. თუკი აპირებთ გარეთ გასვლას, ატარეთ სათვალე, ქუდი და გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე და თუკი შვილი გყავთ, მნიშვნელოვანია, ისიც დაიცვათ ამგვარი გამოსხივებისგან.
კანის კიბოს შემჩნევა ადრეულ ეტაპზევეა შესაძლებელი. დააკვირდით თქვენს ხალებსა და ლაქებს და თუ ცვლილებას შენიშნავთ (ზომის ანომალიური ცვლილება, ფერის შეცვლა), აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ხშირად დაგეგმოთ ექიმთან ვიზიტი და ჩაიტაროთ გეგმიური გამოკვლევები. იცოდეთ, კიბოს დროულად აღმოჩენის შემთხვევაში ის განკურნებადია და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს!
გამოყენებული წყაროები:
მთავარი სურათი: Nebraska Medicine