ფემინიზმის ისტორია 150-წლიანი ბრძოლაა თავისუფლებისა და თანასწორობისთვის.
ჯერ კიდევ საუკუნე-ნახევრის წინ თანასწორობისთვის ბრძოლა განათლების, საკუთარი მიწის ფლობის, ფულის ქონისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებების მოპოვებას გულისხმობდა. ამ პერიოდში ქალებს, ბავშვებსა და მონებს ერთი და იგივე უფლებები ჰქონდათ.
თანასწორობისთვის ბრძოლის პირველ აქტად 1848 წელს ნიუ იორკის შტატის ქალაქ სენეკა ფოლსში, აბოლიციონისტების კონფერენციაზე, ლუკრეცია მოტმა და ელისაბედ კედი სტენტონმა წარადგინეს დეკლარაცია, რომელიც მონობის აკრძალვას, ცხოველებზე ძალადობის, პროსტიტუციისა და ქალთა ჩაგვრის შეწყვეტას ითხოვდა.
ამ პერიოდისთვის თანასწორობისთვის ბრძოლა სამი ძირითადი უფლების მოპოვებაზე გადიოდა:
♦ განათლების მიღებისა და პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა;
♦ ხმის მიცემის უფლება;
♦ საკუთარი სხეულის განკარგვის უფლება.
თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ 21-ე საუკუნეშიც თანასწორობისთვის ბრძოლა ისევ ამ სამი ძირითადი საკითხიდან გამომდინარეობს:
► დღესდღეობით არაერთი ქალისა და ფემინისტური მოძრაობის დამსახურებით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ქალებს შეუძლიათ განათლების მიღება და პროფესიის დაუფლება, თუმცა ჯერ კიდევ გამოწვევაა ის, რომ პროფესიები გენდერული ნიშნით არ იყოფოდეს და ქალები თავიანთი განათლებისა და ინტელექტის გათვალისწინებით სამართლიან ანაზღაურებას და დამსახურებულ დაფასებასა და აღიარებას იღებდნენ.
► არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოპოვების მთავარი მიზანი ქალების ხმის პოლიტიკაში გაჟღერება და ქალთა საკითხების დღის წესრიგში დაყენება იყო. პირველად ქალებს ხმის მიცემის უფლება ახალ ზელანდიაში 1893 წელს ჰქონდათ. თუმცა დღესაც, 128 წლის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ქალთა პრობლემები და გამოწვევები უგულებელყოფილია და დღეს პოლიტიკური თანასწორობისთვის ბრძოლა ქალების პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულობაზე გადის.
► სხეულის ავტონომიურობისთვის ბრძოლამ ყველაზე მეტად „შეინარჩუნა“ ის სახე, რაც დასაწყისშივე ჰქონდა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქალებს დღემდე უწევთ ბრძოლა სექსუალური თავისუფლებისთვის, ნებაყოფლობითი ქორწინებისა და არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვისთვის. გაუპატიურებისა და სექსუალურ ობიექტად აღქმის, შევიწროვებისა და ძალადობის წინააღმდეგ.
თუმცა დღეს მედიცინის, ფემინისტური მოძრაობებისა და 1960-80 წლებში მიმდინარე „სექსუალური რევოლუციის“ შედეგად სამართლებრივი სისტემა, ქალის რეპროდუქციული უფლებები, კონტრაცეპცია, აბორტის უფლება და მისი ტაბუსგან გათავისუფლება და სხვა არაერთი მიღწევა ამ ბრძოლას უფრო მარტივსა და იმედისმომცემს ხდის.
მთავარი სურათი: dribbble / Bolster