Facebook Script

გენდერული კვოტების როლი ქართულ პოლიტიკაში

08 აპრილი, 2024 | საკითხავი

2024 წლის აპრილში პარტია „გირჩის“ ინიციატივას სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა. მანამდე არსებული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებდა პარტიულ სიებში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის ადამიანი ყოფილიყო.

2023 წლის მონაცემებით, ქალთა საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 126-ე ადგილზეა და იგი ჩამორჩება ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა სომალი და საუდის არაბეთი. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია ფემიციდის რიცხვი, ქალი პოლიტიკოსებისა და საჯარო ფიგურების დისკრედიტაციისათვის ხშირია გენდერზე დაფუძნებული ძალადობა, სექსისტური და მიზოგინიური ენა, როდესაც კოლეგა პოლიტიკოსები ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასაც არ ერიდებიან, გენდერული კვოტირების გაუქმებამ მაინც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღნიშნულ ინიციატივას „ქართული ოცნება“ საკუთარი პარტიზანული ინტერესებით, ხოლო მემარჯვენე ლიბერალური პარტიები „გირჩი“ და „ევროპული საქართველო“ თანასწორობის სახელით უჭერენ მხარს.

ქალების წინაშე არსებული გამოწვევები

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მდედრობითი სქესისაა, თუმცა მათი წარმომადგენლობა პოლიტიკაში ე.წ. კრიტიკულ მასასაც ვერ აღწევს. ქალთა ნაკლები ჩართულობა, პირველ ყოვლისა, დემოკრატიას აზიანებს და არ ითვალისწინებს ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებს.

გენდერული კვოტების ავკარგიანობაზე საუბარი ქალების წინაშე არსებული დაბრკოლებების გაანალიზების გარეშე წარმოუდგენელია.

საქართველოში მრავალი გამოწვევა არსებობს, რომელიც ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას ხელს უშლის. აღნიშნული ბარიერები ხშირად კაცებისთვის შეუმჩნეველია და ის, რასაც კაცები ბუნებრივად იღებენ, შესაძლოა, ქალებისთვის დაბრკოლებად იქცეს. ამას ადასტურებს NDI-ის კვლევაც, რომლის მიხედვითაც კაცების მხოლოდ 58% ფიქრობს, რომ ქალებს კარიერულ წინსვლაში კაცებზე მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ.

გენდერული როლები და სტერეოტიპები, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები

ქალებისთვის ერთ-ერთ პრობლემად საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და სოციალურად კონსტრუირებული გენდერული როლები რჩება. საქართველოში ქალთა როლისა და მათი შესაძლებლობების შესახებ მრავალი სტერეოტიპი ჯერ კიდევ გავრცელებულია. საზოგადოებაში კვლავ მიაჩნიათ, რომ ქალთა იდენტობა ოჯახზე ზრუნვით შემოიფარგლება და არა — საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობით. ასევე კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქალთა კომპეტენციასა და უნარებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხევდით, ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ კაცები ქალებზე უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან. 

დამატებით, ქალი პოლიტიკოსებისათვის საჯაროობა გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ხშირია მათი პირადი ცხოვრებით განსაკუთრებული დაინტერესება და მათი სექსუალიზება, ასევე ქალების კრიტიკა გარეგნობის, ასაკისა თუ გენდერულ ნორმებთან შესაბამისობის გამო. მაგალითად, ელენე ხოშტარია ხშირად კრიტიკისა და დაცინვის საგანი მისი სტერეოტიპულად არაფემინური ჰაბიტუსის გამო ხდება, სალომე ზურაბიშვილის კომპეტენციას კი ხშირად აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ მისი ასაკის გამო. კაც პოლიტიკოსებს მსგავსი კრიტერიუმებით ნაკლებად განსჯიან და მათი კრიტიკისას ყურადღების ცენტრში მხოლოდ პოლიტიკური ხედვა თუ პერფორმანსი მიიღება. ქალების შემთხვევაში კი თავს იჩენს სხვა დამატებითი, არარელევანტური დეტალები, როგორებიცაა გარეგნობა, ასაკი თუ პირადი ცხოვრება.

ამასთან, ქალების პოლიტიკაში ჩართულობის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ფინანსების ნაკლებობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ საოჯახო საქმეების უთანასწორო გადანაწილებაზე, რაც ქალებს ორმაგი არაანაზღაურებადი შრომის ტვირთს უქმნის.

მასკულინური პოლიტიკური გარემო

როგორც აღინიშნა, ქართულ პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა კრიტიკულია და მდგომარეობის გამოსწორებაზე გავლენა ვერ იქონია ისეთმა წამახალისებელმა ნაბიჯებმა, როგორებიცაა არადისკრიმინაციული კანონი და პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური წახალისება.

შვედოვას (2019) მიხედვით, პოლიტიკური გარემო და თავად პოლიტიკა განსაზღვრული, სტრუქტურირებული და სისტემატიზებულია მხოლოდ მამაკაცური ნორმებით, სადაც ქალთა განსხვავებული ღირებულებები უგულებელყოფილია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები დიდ როლს თამაშობენ წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვასა და ამომრჩევლების კოორდინირებაში, მათ თავად პარტიები არ უჭერენ მხარს და ერიდებიან მათ პარტიულ სიებში ჩასმას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე წარდგენილი ქალების რაოდენობა 17% იყო, ხოლო პროპორციული სისტემით — 37%. აღნიშნული ტენდენცია პარტიებისთვის ფინანსურმა წამახალისებელმა რეფორმამაც ვერ შეცვალა, რომლის მიხედვითაც ის პარტიები, რომელთა პარტიულ სიაში პირველ, მეორე და ყოველ მეორე ათეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იქნებოდა, მიიღებდნენ დამატებით დაფინანსებას. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ კაცებით დაკომპლექტებულ პოლიტიკურ სივრცეს არ გააჩნია ნება, პოლიტიკურ ასპარეზზე ქალებს გასაქანი მისცეს, თუნდაც ფინანსური წახალისების საპასუხოდ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად მონოპოლიზებული აქვთ პოლიტიკური სივრცე კაცებს.

პარტია გირჩის წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკა ქალების ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს და აღნიშნული კანონზომიერებით ქალებს პოლიტიკისგან განსხვავებული ინტერესები აქვთ. ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი პირველი ლიბერტარიანული პარტია, რომელიც თავისუფლებისა და თანასწორობის უზენაესობისთვის ბრძოლისას მსგავს პოზიციას აჟღერებს, კარგად აღწერს, თუ როგორი მონოპოლიზებულია პოლიტიკური სივრცე კაცების მიერ და რამდენად ექსკლუზიურად საკუთარ სფეროდ აღიქვამენ ისინი მას.

რატომ კვოტები?

ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას არა მათი ნაკლები კომპეტენცია ან ინტერესი, არამედ მრავალი სტრუქტურული ბარიერი უშლის ხელს. კვოტები სწორედ აღნიშნული ბარიერების გადალახვისა და შექმნილი უთანასწორობის დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმია.

NDI-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, საზოგადოების 65% ემხრობა გენდერულ კვოტირებას, ხოლო 2022 წლის UNDP-ის თვისებრივი კვლევა პოზიტიურად აფასებს გენდერული კვოტების შედეგებს. აღნიშნულმა ინიციატივამ მრავალი აქტიური ქალი გამოკვეთა, რომელიც მანამდე მხოლოდ პარტიულ საქმიანობას ეწეოდა.

ქალებს ისტორიულად მრავალი ბარიერი უშლიდათ ხელს, ჩართულიყვნენ საჯარო მოღვაწეობაში და ყოფილიყვნენ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. გენდერული კვოტები მეტ-ნაკლებად ათანაბრებს ქალებისა და კაცების უთანასწორო მდგომარეობას და ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური სივრცე ექსკლუზიურად მხოლოდ კაცებისთვის არ არის განკუთვნილი.

გენდერული კვოტები ქალების ლიდერულ პოზიციაზე ყოფნისა და პოლიტიკაში ჩართვის პრაქტიკას ამკვიდრებს. მისი ეფექტები გრძელვადიანია და ეტაპობრივად ავითარებს გენდერულ თანასწორობასა და დემოკრატიას. დროთა განმავლობაში კვოტები ქალთა ჩართულობის ინტენსივობის ზრდით პოლიტიკურ სივრცეს აჯანსაღებს, მეტად პლურალისტურსა და მრავალფეროვანს ხდის და აქარწყლებს გენდერულ სტერეოტიპებს. მეტი ქალის მონაწილეობითა და წახალისებით პოლიტიკური პროცესის ინკლუზიურობა თავისთავადი ხდება და დროთა განმავლობაში კაცები მეტი მიმღებლობით ხვდებიან იმას, რომ პოლიტიკური ძალაუფლება მხოლოდ მათ მიერ არ არის მონოპოლიზებული.

კვოტები ქალებსა და კაცებს შორის არსებულ უთანასწორობას და სქესის მიხედვით დისკრიმინაციის გავრცელებულ პრაქტიკას ებრძვის, შესაბამისად, არგუმენტი, რომ კვოტები უთანასწორობას აღვივებს, არასწორია, ვინაიდან თავად კვოტებამდე არსებული პოლიტიკური სივრცეა უთანასწორო ქალებისთვის.

კვოტების მოწინააღმდეგეების, მათ შორის ქალების, ერთ-ერთი არგუმენტი ის გახლავთ, რომ კვოტები დისკრიმინაციულია და ქალებს მხოლოდ მათი სქესის გამო რთავს პოლიტიკაში და არა — მათი უნარებისა და კომპეტენციის. გენდერული კვოტირების მექანიზმი არ ეწინააღმდეგება პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას. ის ხელს უწყობს უთანასწორო პოლიტიკურ სივრცეში ქალების შესაძლებლობების მეტ-ნაკლებად გათანაბრებას და ხანგრძლივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რა თქმა უნდა, კომპეტენციისა და უნარების გათვალისწინებით.

არგუმენტი, რომ ქალებმა პოლიტიკაში თავის დამკვიდრება და საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოპოვება დამოუკიდებლად უნდა შეძლონ, ზედაპირულია და უგულებელყოფს იმ სტრუქტურულ და სისტემურ ბარიერებს, რომლის წინაშე ქალები დგანან. აღნიშნული ბარიერების გადალახვა თავისთავად და ბუნებრივად არ მოხდება.

კვოტები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის საბოლოო და ერთადერთი საშუალება არ არის. ბუნებრივია, მას თან უნდა ახლდეს სხვა სტრუქტურული და სისტემური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციას.

ამასთან, პოლიტიკურ პერსპექტივაში გენდერული კვოტები პერმანენტული ხასიათის არ არის და დროთა განმავლობაში ჯანსაღი დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბების, გენდერულად დაბალანსებული პოლიტიკური სივრცისა და ქალების მიმართ მეტი მიმღებლობის დანერგვის შემდეგ მათი მოხსნა შესაძლებელია. თუმცა, ამ ეტაპზე არსებული გენდერული მდგომარეობა იმის ფუფუნებას არ აძლევს ქალებს, რომ მათ უარი თქვან გენდერულ კვოტებზე, ვინაიდან როგორც საზოგადოებრივი აზრი, ისე პოლიტიკური სივრცე კვლავ მასკულინური რჩება.

როგორია ევროკავშირის პრაქტიკა?    

გენდერულ კვოტებს მიმართავენ დემოკრატიის დიდი ისტორიის მქონე ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა საფრანგეთი და ბელგია. აღნიშნული ინიციატივა მით უფრო მნიშვნელოვანია ახალ დემოკრატიებსა და ჰიბრიდულ რეჟიმებში, რომლებიც კვლავ დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში არიან.

ევროპული გამოცდილება კვოტებს პოზიტიურად აფასებს. ირლანდიაში გენდერული კვოტების შემოღების შედეგად 90%-ით გაიზარდა ქალთა მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოში. კვლევების მიხედვით, საკანონმდებლო გენდერული კვოტების შემოღებამ პოზიტიური გავლენა იქონია საკანონმდებლო ორგანოებში გენდერული ბალანსის შექმნაზე. 2004 წლიდან მოყოლებული იმ ქვეყნებში, რომლებსაც კვოტები ჰქონდათ, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა გაორმაგდა. შედარებისთვის, ის ქვეყნები, რომლებსაც გენდერული კვოტები აქვთ, 2026 წლისთვის მიაღწევენ გენდერულ ბალანსს, ხოლო კვოტების არმქონე ქვეყნები 2 დეკადით გვიან გაუტოლდებიან აღნიშნულ ნიშნულს.

საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო კვოტირებას იყენებენ ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 10, ესენია: ბელგია, ესპანეთი, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, სლოვენია, პოლონეთი, ხორვატია და საბერძნეთი. კვოტირებას არ იყენებენ იმ სახელმწიფოებში, რომლებშიცქალთა წარმომადგენლობა ისტორიულად ისედაც მაღალია, მაგალითად ფინეთი (42.5%) და დანია (39.5%).

გარდა ამისა, 2023 წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, მიუხედავად იმისა, რომ წამოყენებული 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 იყო შესრულებული. აღნიშნულ 3 რეკომენდაციაში ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ევროკავშირისთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. გენდერული კვოტების გაუქმება კი გენდერული თანასწორობის მიმართულებით რეგრესის მაჩვენებელია, რაც სხვა დაბრკოლებებთან ერთად საქართველოს ევროინტეგრაციასაც უქმნის საფრთხეს.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის ავტორი: ლეილა ჩხეტიანი

მთავარი სურათი: Lawnet.gr

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

გენდერული კვოტების როლი ქართულ პოლიტიკაში

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია