„სექსუალობა ნებისმიერი ადამიანის საბაზისო საჭიროებასა და ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
სექსუალობა ხშირადაა გაიგივებული მხოლოდ სექსთან, თუმცა ის ამაზე ბევრად ფართო და მრავლისმომცველი ცნებაა და აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: გენდერული იდენტობა და როლები, სექსუალური ორიენტაცია, ეროტიკულობა, სიამოვნება, ინტიმურობა და რეპროდუქცია. სექსუალობა გამოიხატება და გამოიცდება ისეთი ფორმებით, როგორიცაა ფიქრები, ფანტაზია, სურვილები, რწმენები, ქცევები, ღირებულებები და ა.შ.
შესაბამისად, ადამიანის სექსუალობასა და მის გამოხატვაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და ბიოლოგიურ ფაქტორებს.
როგორც ყველას, შშმ პირებსაც აქვთ სექსუალური სურვილები, ფანტაზიები და საჭიროებები, რომელთა გამოხატვა და გამოცდაც სურთ, თუმცა ამ საკითხებზე საუბარი ტიპური განვითარების მქონე ადამიანებისთვის ხშირად უხერხულობასთან და უსიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება. ჯერ კიდევ გავრცელებულია პრაქტიკა, როცა მასწავლებლები, ექიმები და სხვა იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც დახმარება ევალებათ, უგულებელყოფენ მსგავს საჭიროებებს, რაც აძლიერებს სტიგმას და ზრდის დისტანცირებულობის განცდას შშმ და ტიპური განვითარების მქონე ადამიანებს შორის.
შშმ პირები ხშირად აწყდებიან მათი შეზღუდული შესაძლებლობებისგან დამოუკიდებელ, დამატებით გამოწვევებს თავიანთ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს არა მხოლოდ სხვა ადამიანების დაუფიქრებელი ქცევითა და საუბრით, არამედ ინფრასტრუქტურის არაადაპტირებულობითაცაა გამოწვეული — სამყარო ტიპური განვითარების მქონე ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს იმ ფართო სპექტრს, რომელიც რეალურად არსებობს.
ამ ტიპის კომპლექსური ფაქტორები ქმნიან არასწორ წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს შშმ პირების სექსუალობასთან მიმართებით. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში 10 ყველაზე გავრცელებული მითის შესახებ მოგიყვებით.
სურათი: WomanLog
მითი #1: შშმ პირებს არ აქვთ სექსუალობა
სექსუალობა ყველა ადამიანის განუყოფელი ნაწილია და თითოეული ჩვენგანი მას განსხვავებულად გამოხატავს. იგივეა შშმ პირების შემთხვევაშიც: კვლევა აჩვენებს, რომ შშმ და ტიპური განვითარების მქონე ქალებს სექსუალური სურვილები და მისწრაფებები ერთნაირად აქვთ. თუმცა, მათი გამოხატვის შესაძლებლობები განსხვავებულია.
შშმ ქალებს ხშირად არ აქვთ საკუთარი სექსუალობის გამოხატვის შესაძლებლობა და ამის მიზეზი მათი შეზღუდული შესაძლებლობა კი არა, არამედ ის არასწორი წარმოდგენაა, რომ მათ სექსუალობა არ გააჩნიათ. სხვა ბარიერებია მობილობა, უარყოფითი სოციალური დამოკიდებულებები, საგანმანათლებლო, გასართობი, სოციალური და ჯანდაცვის სერვისებისა და უფლებების ნაკლებობა და ა.შ.
მითი #2: ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ, ჰქონდეთ სექსი
აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ სექსი არ არის მხოლოდ პენეტრაცია — ანუ სხეულში შეღწევა — და ის, რასაც პოპულარულ მედიასა და იქ გამართულ დისკუსიებში ვხვდებით. ის არაერთ სხვა აქტივობას მოიცავს, მაგალითად: კოცნას, მასაჟს, მასტურბაციას, ორალურ სექსს და ა.შ.
ფიზიკური შეზღუდვის ტიპიდან გამომდინარე, სექსი შეიძლება საჭიროებდეს კრეატიულობას, მოთმინებასა და სპეციფიკურ დაგეგმვას, მაგრამ ის შეუძლებელი არაა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჯანსაღი კომუნიკაცია იმაზე, თუ რა მოსწონს და სიამოვნებს ამა თუ იმ ადამიანს.
მითმა „რეალური“ ან „სწორი“ სექსის შესახებ, შშმ ქალები შეიძლება დაარწმუნოს, რომ თუ ვერ ხედავენ, ესმით, გრძნობენ ამ მოძრაობენ, სექსი არ შეუძლიათ. მაგრამ არ არსებობს წესი, რომელიც განსაზღვრავს, რა შეიძლება და არ შეიძლება ჩაითვალოს სექსად, გარდა თანხმობისა და უსაფრთხოებისა. სექსუალურ აქტს არ აქვს რაიმე კონკრეტული ფორმა, ხმა, სუნი ან შეგრძნება — ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოსწონთ მათ, ვინც ამ აქტში არიან ჩართულნი.
სურათი: Rice
მითი #3: ეტლით მოსარგებლე ქალებს წელს ქვემოთ ფიზიკური შეგრძნებები არ აქვთ
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეტლით მოსარგებლე ადამიანი მას ერთი და იმავე მიზეზით არ იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეტლით სარგებლობა ავტომატურად წელს ქვემოთ შეგრძნებების არარსებობას არ ნიშნავს. მეტიც, შშმ ქალებს ხშირად გენიტალიების სრული შეგრძნება აქვთ, მათ შორის ხერხემლის დაზიანების მქონეთაც.
თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა შეზღუდულ შესაძლებლობას გავლენა აქვს ისეთ სექსუალურ ფუნქციებზე, როგორიცაა: შეგრძნების ცვლილება ან დაკარგვა, კუნთების კონტროლის სირთულე (რაც ზოგიერთ შშმ კაცში ერექციის არარსებობას ან მისი შენარჩუნების სირთულეს იწვევს). მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, წელს ქვემოთ შეგრძნებების შემცირება ან არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ შშმ პირს ორგაზმის განცდა არ შეუძლია. მაგალითად, ხერხემლის დაზიანების მქონე ქალები ამბობენ, რომ ის შეგრძნებები, რაც ორგაზმის დროს წელს ზემოთ ჰქონდათ (დაზიანების მიღებამდე) არ შეცვლილა დაზიანების მიღების შემდეგ.
ამრიგად, თითოეულ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, იცნობდეს საკუთარ სხეულს და იცოდეს, რა ანიჭებს სიამოვნებას.
მითი #4: შშმ პირებს სექსზე მნიშვნელოვანი პრობლემები და საფიქრალი აქვთ
ადამიანები ხშირად ვახარისხებთ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს როგორც საბაზისოს (კვება, ბანაობა, ძილი) და სხვა დანარჩენს (სხვებთან კომუნიკაცია, სექსუალური სურვილები, ინტელექტუალური განვითარება). ეს დიფერენცირება კი უფრო მკაცრი ხდება შშმ ქალებისა და გოგოების მისამართით. თუ ქალს დახმარება სჭირდება, რომ „საბაზისო“ საჭიროებები დაიკმაყოფილოს, მისი „სხვა“ საჭიროებები არარელევანტურად და უმნიშვნელოდაა აღქმული.
რეალურად, ადამიანები სხვადასხვა საჭიროებასა და მოთხოვნილებას თანადროულად განვიცდით. მაგალითად, ჭამის სურვილი, როცა გშია, შეიძლება სულაც არ იყოს ვინმესთან ლაპარაკის სურვილზე ძლიერი, როცა თავს მარტოსულად გრძნობ. იმავე თვალსაზრისით, თითოეული ჩვენგანი სექსს სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებს და ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. შესაბამისად, მისი მეორეხარისხოვნად აღქმა არასწორია.
სურათი: Time / Getty Images
მითი #5: შშმ პირები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არ ხდებიან
რეალურად, შშმ პირები სექსუალური ძალადობის საფრთხის წინაშე სამჯერ უფრო ხშირად დგანან, ვიდრე ტიპური განვითარების მქონენი.
მაგალითად, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალებს ხშირად ასწავლიან, რომ კითხვის დასმის გარეშე გააკეთონ ის, რასაც სხვები ეტყვიან, რაც მათზე სექსუალური ძალადობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის — თუ ადამიანს არ ესმის, რა ხდება მის თავს, ნაკლები შანსია, რომ ძალადობის იდენტიფიცირება და დახმარების თხოვნა შეძლოს. მოძალადეთა უმრავლესობა მსხვერპლის ახლობელია (ოჯახის წევრი, მომვლელი, სამედიცინო პერსონალი ან პირადი დამხმარე).
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შშმ ქალები ხშირად დამოკიდებულნი არიან მოძალადეზე და არ ჰყავთ არავინ, ვისაც დახმარებას სთხოვენ. ხოლო ძალადობის ფაქტის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებელი ინსტიტუციები ხშირად უსარგებლონი და გულგრილები არიან.
მითი #6: შშმ პირებს არ სჭირდებათ სექსუალური განათლება
ეს მითი უფრო დიდი არასწორი წარმოდგენის ნაწილია, რომლის თანახმადაც, სექსუალური განათლება ზოგადად საჭირო არ არის. რეალურად, ასაკისა და გარემოებების შესაბამისი სექსუალური განათლება განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები თავიანთ სხეულს, სიყვარულს, სექსს, ურთიერთობებს და რამდენად შესაძლებელია მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალადობისა და შევიწროებისგან.
არსებობს მოსაზრება, რომ სექსუალური განათლება ქართულ კულტურასა და ტრადიციებს არ შეესაბამება, თუმცა რეალობა შემდეგია: სანამ ადამიანებს აქვთ სექსი, მანამდე იდგება სექსუალური განათლების საჭიროება, განურჩევლად კულტურული თუ სოციალური გარემოებებისა.
სურათი: WomanLog
როცა შშმ ადამიანებს არ ეძლევათ შესაბამისი სექსუალური განათლება, იზრდება მათი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობისა და მათზე ძალადობის რისკები.
შშმ გოგოები იმ რაოდენობითაც კი არ იღებენ სექსუალურ განათლებას, როგორც ტიპური განვითარების მქონე მათი თანატოლები. ამას ის არასწორი დამოკიდებულება იწვევს, რომ თითქოს შშმ ქალებს არ აქვთ სექსუალური სურვილები და მისწრაფებები, რომ არავის სურს მათთან სექსი ან რომ მათ არ შეუძლიათ „ნამდვილი“ სექსი ჰქონდეთ. რეალურად, სექსუალურ განათლებას ყველა ქალის გაძლიერება შეუძლია ცოდნითა და ინფორმაციით — უსაფრთხო და სასიამოვნო სექსუალურ გამოცდილებებზე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან) დაცულობაზე, არასასურველი ორსულობის თავიდან არიდებაზე და მოძალადე სექსუალური პარტნიორების იდენტიფიცირებასა და მათგან თავის დაცვაზე.
მითი #7: შშმ პირებმა მხოლოდ სხვა შშმ პირებზე უნდა იქორწინონ
ეს დამოკიდებულება ჩვენს ცნობიერებაში არაჯანსაღ შეზღუდვებს აწესებს და შშმ პირებს ხედავს, პირველ ყოვლისა, როგორც შშმ-ს და არა — როგორც ადამიანს, ინდივიდს. ტიპური განვითარების მქონე ადამიანი შშმ პირთან ურთიერთობის შემთხვევაში აღიქმება, როგორც მზრუნველი, რომელმაც საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო, ან არ შეეძლო ტიპური განვითარების მქონე ადამიანთან დაემყარებინა ურთიერთობა და ამ რეალობას „დასჯერდა“.
ეს უარყოფით და არაჯანსაღ დამოკიდებულებას იწვევს შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ და აძლიერებს განწყობას, რომ შშმ პირი ნაკლებს იმსახურებს ან მას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, როგორც ადამიანს.
მითი #8: შშმ ქალებს შვილები არ უნდა ჰყავდეთ
შშმ ქალებთან მიმართებით ისევეა რეპროდუქცია დღის წესრიგიდან ამოღებული, როგორც სექსი. ქალთა პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CWPD-ს) ანგარიშში, სახელწოდებით „შშმ ქალები და გოგოები: გამოწვევების იდენტიფიცირება”, ვკითხულობთ: „ჩვენი გენდერის გარეშე აღქმა გამოგვრიცხავს საზოგადოებიდან როგორც სექსუალობის მქონეებს და როგორც ქალებს. შესაბამისად, გამოვირიცხებით რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებიდანაც და რადგან აღვიქმებით როგორც „არაგამრავლებადი“ ადამიანები, მეტად უსარგებლოებად აღგვიქვამს საზოგადოებაც.”
გარდა ამისა, არსებობს წარმოდგენა, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა შობს შეზღუდულ შესაძლებლობას” და რომ შშმ ქალები გენეტიკურად გადასცემენ შვილებს შეზღუდულ შესაძლებლობებს. რეალურად, შეზღუდული შესაძლებლობების ძალიან მცირე პროცენტულობაა გენეტიკური და ისინიც კი არ გადაეცემიან მომავალ თაობას ყოველთვის.
უმეტეს შემთხვევებში, შშმ და ტიპური განვითარების მქონე ქალს თანაბარი შანსი აქვთ როგორც შშმ, ისე ტიპური განვითარების მქონე ბავშვის ყოლის. შესაბამისად, ამ მითს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. შშმ ქალებს შეუძლიათ ისევე აღზარდონ ბავშვი, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მათ უბრალოდ დახმარება და ხელშეწყობა სჭირდებათ — ისევე, როგორც ნებისმიერ მშობელს.
მითი #9: შშმ ქალები მიმზიდველები არ არიან
სილამაზის სტანდარტებისა და ქალის სხეულის მუდმივი განსჯისა და კონტროლის ფონზე ხშირად გვავიწყდება ფაქტი, რომ სექსუალური მიზიდულობის მიზეზი ინდივიდუალურია და მოიცავს როგორც ვიზუალურ მხარეს, ისე პიროვნულ თვისებებს, სექსუალურ ფანტაზიებსა და სხვა არაერთ ფაქტორს.
ჩვენი საინფორმაციო გარემო — ტელევიზია, პრესა, სოციალური ქსელები და ა.შ. — სავსეა მცდარი იდეალებითა და სილამაზის სტანდარტებით, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული ტიპის ქალებს მიიჩნევს „ლამაზად“ ან „მიმზიდველად“.
რეალურად, მიზიდულობა ორ ადამიანს შორის კავშირია და სილამაზის სტანდარტები აქ ბევრს ვერაფერს განსაზღვრავს, რადგან ის, რაც რეალური მიზიდულობისა და კავშირისთვისაა საჭირო, სილამაზის სტანდარტებით ვერ დარეგულირდება.
მითი #10: შშმ ქალებს სექსი „ზედმეტად“ აინტერესებთ და უნდათ
ხშირად შშმ ქალები სრულფასოვან ქალებად არ არიან აღქმულნი და საზოგადოება მათ იმავე ტიპის ზრუნვის ობიექტად აღიქვამს, როგორსაც ბავშვები საჭიროებენ. შესაბამისად, მათი სექსუალობა ან მათგან სექსუალური მისწრაფებების გამოვლინება გარყვნილებად აღიქმება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შშმ ქალები იმაზე მეტად გამოხატავენ საკუთარ სექსუალურ სურვილებს, ვიდრე ტიპური განვითარების მქონენი, ან რაიმე განსხვავებულს აკეთებენ.
სურათი: Handi
ეს მითი განსაკუთრებით ძლიერია ფსიქოსოციალური შეზღუდვის მქონე ქალებისა და გოგოების მიმართ: ხშირად მათ არ ასწავლიან საკუთარი სექსუალობის გამოხატვის სოციალურ ნორმებს (მაგალითად, მასტურბაცია პირადი სივრცის ნაწილია, სასქესო ორგანოები საჯარო სივრცეში დაფარული უნდა იყოს და ა.შ). სწორედ ამიტომ, მათ შეიძლება თავიანთი სექსუალობა არაშესაფერის გარემოში გამოხატონ. ეს კი ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია და არა — იმ ფაქტის, რომ შშმ ქალებსა და გოგოებს სექსუალობის განცდა აქვთ.
შშმ ქალებისა და გოგოების სექსით დაინტერესების „ზედმეტად“ აღქმა საშიშია და მათ სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ აყენებს, რაც იმ მოსაზრებით „მართლდება“, რომ შშმ ქალებს „სიამოვნებთ“ ამგვარი ძალადობრივი ქმედებები, რადგან სექსი უნდათ. რეალობა კი ისაა, რომ არავის უნდა არასასურველი სექსუალური გამოცდილებები.
იმისათვის, რომ ამ ტიპის მითები დაინგრეს, აუცილებელია, ვფლობდეთ ინფორმაციას სექსუალობაზე და მის ინდივიდუალურ ხასიათზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ზრუნავდეს შშმ პირებისა და მათი გამოწვევების ხილვადობაზე, რათა პრობლემებს მათში კი არა, იქ ვხედავდეთ, სადაც რეალურადაა — მედიაში, საზოგადოებრივ აზრსა და შშმ პირების მიმართ ბრმა სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში.
მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea