გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.
ამ განსხვავებას გენდერულ დისკრიმინაციასთან ერთად არაერთი სოციალური ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად:
ქალებისა და კაცებისთვის „შესაფერისად“ დაყოფილი საქმიანობები და სექტორები
მსოფლიოს 30 მაღალანაზღაურებადი სამუშაოდან — აღმასრულებელი დირექტორის, არქიტექტორის, კომპიუტერული ინჟინერის ჩათვლით — 26 სამუშაო კაცების მიერაა დომინირებული, ხოლო 30 დაბალანაზღაურებადი სამუშაოდან 23-ში — მიმტანის, დამლაგებლისა და ბავშვის მომვლელის ჩათვლით — ქალები დომინირებენ.
უხილავი ბარიერები დაწინაურებისას, ე.წ. „შუშის ჭერი“
ქალების განათლება და კომპეტენცია გენდერული ნიშნით ხშირად დგება ეჭვქვეშ. გარდა ამისა, მოსალოდნელი დეკრეტული შვებულების, შინ შრომის მაღალი ალბათობისა და, ზოგადად, ოჯახში ქალის როლის მნიშვნელობის გამო გადაწყვეტილების მიმღები პირები ქალების დაწინაურებაზე უარს ამბობენ.
არათანაბარი ანაზღაურება სამუშაო ადგილზე
სამუშაო ადგილზე არათანაბარი ანაზღაურება ორი ფორმით გამოიხატება: ერთი, როდესაც განსხვავებული ანაზღაურება ეძლევათ ერთსა და იმავე სამუშაოზე მომუშავე ადამიანებს, და მეორე, როცა სამუშაოები განსხვავებულია, მაგრამ თანასწორი ღირებულება გააჩნიათ, ანაზღაურება კი განსხვავებულია.
გენდერულ სახელფასო სხვაობას აქვს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი ეფექტები — ის პირდაპირ აისახება ქალების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და, ამავდროულად, ირიბად იწვევს ე.წ. „კონკიას პრინციპს“ — დაბალ თვითშეფასებას, თავდაჯერებულობასა და ამბიციებისა და მიზნების ნაკლებობას ქალებში, რაც საზოგადოებას ჩაკეტილ წრეში ატრიალებს.
მთავარი სურათი: dribbble / Adam Quest