Facebook Script

ონლაინ მედიები, რომლებსაც ქართული საზოგადოება ნდობას უცხადებს

02 მარტი, 2025 | საკითხავი

 

თავისუფლება მზია ამაღლობელს! 

 

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში მედიის როლი  რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე დღეს აღარავინ დავობს. ინფორმაცია ძალაა და ამ ძალას გვაძლევს სწორედ მედია. აქტიური, მოაზროვნე მოქალაქის ნაბიჯები ცოდნას, ინფორმაციას ეფუძნება — ამის გარეშე დემოკრატიის მიღება რთულად წარმოსადგენია. თუმცა, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მედიის როლზე. იმ მედიის, რომელიც თავის მკითხველს, მაყურებელსა თუ მსმენელს აწვდის სრულ სიმართლეს, ამბის ყველა შესაძლო პერსპექტივას და უტოვებს შესაძლებლობას, თავად გამოიტანოს დასკვნა, მიიღოს გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში მრავალი წელია დგას მედიის თავისუფლებისა და ობიექტურობის პრობლემა. სატელევიზიო მედიასივრცეები მთლიანად ეთმობა პოლიტიკურ ელიტებს და იშვიათად ან არასდროს — ხალხს. ეს ტენდენცია სრულიად შეცვალა იმ რამდენიმე ონლაინ მედიამ, რომლებმაც ხალხზე და ხალხისთვის დაიწყეს ლაპარაკი. მათ ფოკუსი პოლიტიკური ელიტებიდან მოქალაქეებზე, ჩაგრულ ჯგუფებზე გადაიტანეს. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში არაერთხელ შეხვდებოდით მოქალაქეთა პოსტებს, რომლებიც მადლობას უხდიდნენ კონკრეტულ ონლაინ მედიებს მათი საქმიანობისა და, ხშირად, თავგანწირვის გამო.

„ფემეა“ ესაუბრა იმ მედიების წარმომადგენლებს, რომლებიც განსაკუთრებული ნდობით სარგებლობენ საზოგადოებაში და ამკვიდრებენ იმ მაღალ ეთიკურ ნორმებს, რასაც ჟურნალისტური სტანდარტები მოითხოვს.

როგორ ფიქრობთ, რატომ გენდობათ საზოგადოება, რა არის ამის მიზეზი? 

პუბლიკა, ლიკა ზაკაშვილი: „დაფუძნებიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ საზოგადოებრივ საკითხებზე ვიფიქროთ: რა აწუხებს ხალხს, რა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები, რომლებზეც მედია უნდა საუბრობდეს, რამაც უნდა გადაჭრას ადამიანების ცხოვრებაში არსებული პრობლემები. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ საკითხებზე, რასაც ვაშუქებთ, ლაპარაკობდნენ ადამიანები, ვისაც ეკუთვნით, რომ ილაპარაკონ. დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ სწორი ხმები მოვძებნოთ, სწორი რესპონდენტები, ექსპერტები... ის ადამიანები, რომლებსაც ნაკვლევი აქვთ ესა თუ ის საკითხი და ეკუთვნით, რომ ამაზე საზოგადოებას ესაუბრონ. ესეც გარკვეულწილად აშენებს ნდობას, როცა მკითხველი ხედავს, რომ შენ მაქსიმალურად ცდილობ, კვალიფიციური აზრი შესთავაზო მას. ჩვენ ვაფასებთ იმ დროს, რასაც ჩვენი მომხმარებელი ჩვენს პლატფორმაზე ხარჯავს და ვალდებული ვართ, მათ ისეთი კვალიფიციური აზრი შევთავაზოთ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში, აზრის ფორმირებაში, გარკვეული წარმოდგენების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. და, რაც მთავარია, ჩვენი მთავარი ინტერესი ყოველთვის იყო და არის საზოგადოება, რასაც ჩვენი აუდიტორიაც ხედავს. ალბათ, ეს არის ამ ნდობის მთავარია მიზეზი და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს მკითხველს ვეიმედებით“.

თქვენი მედია ხშირად არის იმ ონლაინ გამოცემებს შორის, რომლებსაც მოქალაქეების ნაწილი ყოველთვის უხდის მადლობას და უცხადებს ნდობას. რამდენად მნიშვნელოვანი ეს თქვენთვის?

აპრილი, ხატია ღოღობერიძე: „ცხადია, ძალიან გვიხარია, ეს ნდობა. შექება და პრიზებიც სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე, როგორც ჟურნალისტი, ყველაზე მეტად კმაყოფილი ვარ მაშინ, როცა ჩემი პროდუქტი რაღაცას ცვლის. მაგალითად, როცა კონკრეტული ადამიანის გასაჭირზე ჰყვები და შემდეგ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ეს შეიძლება ეხებოდეს, თუნდაც, ქალთა მიმართ ძალადობას. შენ აძლევ ტრიბუნას მათ, ვინც ჩაგვრაზე ჰყვება, იმაზე, თუ რამდენად უსამართლოა სისტემა. ასევე ძალიან გასახარია ხოლმე, როცა ვიღაც მოდის შენთან და გეუბნება, რომ, ზოგადად, არ უნდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ შენ გენდობა და შენთან ილაპარაკებს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ამ დროს აცნობიერებ, რომ ესე იგი, რაღაცას სწორად აკეთებ, რადგან ადამიანები გენდობიან. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ადამიანები გვენდობოდნენ, ვეიმედებოდეთ. განსაკუთრებით, ქალებსა და ქვიარებს, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მიმართულება. და ზოგადად, გვინდა, რომ ყველა ჯგუფმა იცოდეს, რომ თუ მათ ჩაგრავენ, ჩვენ მათ გვერდით ვართ. ჩვენ ვიბრძვით, რომ ამ ქვეყანაში იყოს მრავალფეროვნება, თანასწორობა და არავის ერჩოდნენ მისი იდენტობის გამო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი, ჟურნალისტების, როლია, ავსახოთ ის, რაც რეალობაა, და არა ის, თუ რა მოსწონთ ჩვენს გარშემომყოფებს, რამდენად პატივსაცემი ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ისინი ჩვენთვის. იქნება პერიოდები, როცა ჩვენი სტანდარტები დაემთხვევა ვიღაცების ინტერესებს, იქნება პერიოდები, როცა ასცდება მათ ინტერესებს. მედია არა კონკრეტული ადამიანების, არამედ საჯარო ინტერესებიდან უნდა ამოდიოდეს და საკუთარი სინდისის კარნახს უნდა მიჰყვებოდეს.

რა გასწავლათ, როგორც მედიას, 28 ნოემბრის შემდგომმა ერთმა კვირამ, როცა ხალხს, მათ შორის ჟურნალისტებს, სასტიკად უსწორდებოდნენ? 

რეალპოლიტიკა, აკა ზარქუა: „პირველი სამი დღე მიზანმიმართულად სცემდნენ ჟურნალისტებს. როცა ეუბნებოდი, ჟურნალისტი ვარო, მაგას მოჰყვებოდა მათი მხრიდან კომენტარი, ჟურნალისტი რომ ხარ, მაგიტომო. შემდეგ დღეებში აღარ ესხმოდნენ თავს ასე ჟურნალისტებს, რაც ადასტურებს იმას, როცა გვცემდნენ, დავალებული ჰქონდათ ამის გაკეთება. ეს იყო ჩვეულებრივი ანგარიშსწორება. როცა მე დამესხნენ თავს ფიზიკურად, ისეთს არც არაფერს ვიღებდი. უბრალოდ, მარტო ვიყავი და ვერ თქვეს უარი, ეს შანსი გამოეყენებინათ. ამ დღეებმა რაც მასწავლა, „ვაიბის“ დაჭერაა... რომ მიხვდე, როდის რა საფრთხე გემუქრება და შესაბამისად იმოქმედო და, რაც მთავარია, დააკვირდე ვითარებას და გათვალო, როგორ შეიძლება იმუშაო. არაა აუცილებელი, მაინცდამაინც თავით შევარდე მწვავე მომენტებში. თუმცა, ცხადია, საშიშროების გამო უკან ვერ დაიხევ. ერთი ასეთი ფრაზაა, მეხანძრე, პოლიციელი და ჟურნალისტი, ეს სამი პროფესიის ხალხია, ვინც კატასტროფის ადგილიდან კი არ მორბის, პირიქით, იმ ადგილისკენ გარბისო. სიმართლე გითხრათ, ამ აქციებზე კიდევ უფრო გავაცნობიერე ჟურნალისტიკის, ამ პროფესიის, მნიშვნელობა და ჩემი პროფესიული არჩევანის ახალი განზომილებებიც დავინახე“.

ერთია, სიტყვიერად მოყოლილი ამბავი, თუმცა სხვაა, როცა ამ ამბავს კადრებად ხედავ. თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, რა უფრო მნიშვნელოვანია: ფოტოს შინაარსი თუ მისი მხატვრული ღირებულებები? და ასევე, თუ არსებობს ისეთი კადრი, რომელიც ღირს რისკად? 

OC Media, მარიამ ნიკურაძე: „ახლა რა როლიც მაქვს, მენეჯერის, არ მევალება, რომ ველზე ვიყო, მაგრამ მე თვითონ მაქვს ამის სურვილი. მიყვარს ეს პროცესი და მაინტერესებს, როგორ შეიძლება ამ ქაოსში გამოვიყვანო თან საინტერესო კადრი, თან აღქმადი და გასაგები, რა ხდება ადგილზე. ცოტა გული მწყდება იმაზე, რომ აქციების პირველივე დღეს გამიტეხეს ჩემი კამერა და შემდეგ დღეებში უკვე აღარ მქონდა კარგი კამერა, თორემ უკეთესი ფოტოების გადაღება შემეძლო, ასე მგონია. ზოგადად, გადაღების პროცესში უსაფრთხოებაზე ბევრს ვფიქრობ. 2019 წელს პირველად გამოიყენეს საპოლიციო ძალა და იქიდან მოყოლებული სულ ვაახლებთ აღჭურვილობას. თუმცა, ისეც არ უნდა იყოს, იმდენი იფიქრო უსაფრთხოებაზე, რომ საერთოდ ვეღარ გადაიღო. ოქროს შუალედი უნდა იპოვო, სად გიღირს რისკი და სადაა ის ზღვარი, სადაც აზრი არ აქვს იქ ყოფნას. რაც შეეხება იმას, თუ რა კადრი მიღირს რისკად, პირველ რიგში, ისეთი, სადაც მასშტაბი და ძალადობის ხარისხი ჩანს. მაგალითად, თხუთმეტი პოლიციელი ძირს დაგდებულ ადამიანს რომ სცემს, ეგ უნდა ნახოს ხალხმა. გარისკვაა მაგ დროს ახლოს მისვლა, შეიძლება შენც შემოგიტრიალდნენ, მაგრამ ასეთი კადრები აუცილებლად უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე“.

როცა ქვეყანაში რეპრესიებია, სად გადის ზღვარი ჟურნალისტიკასა და აქტივიზმს შორის? 

მაუწყებელი, ნათია ქარჩილაძე: „პირადად ჩვენ აქტივისტ ჟურნალისტებად აღვიქვამთ საკუთარ თავს. შეიძლება კლასიკური გაგებით ჟურნალისტები არ ვართ, იმიტომ რომ, ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის რომ მიდგება საქმე, ჩვენ პლატფორმას დავუთმობთ მხოლოდ დასაქმებულს, რადგან ბიზნესს ისედაც ათასი პლატფორმა აქვს თავისი აზრის გასაჟღერებლად. არ ვიცი, ზღვარი სად გადის, თუმცა ერთადერთი, რასაც არ გავაკეთებთ, ისაა, რომ მიზანმიმართულად არასდროს გავავრცელებთ ტყუილს. სანამ ინფორმაციას ვდებთ, ძალიან ბევრჯერ ვამოწმებთ წყაროსთან და ერთმანეთშიც ბევრს ვმსჯელობთ. ხშირად ჩვენს აზრსაც ვაფიქსირებთ, როცა პოდკასტი გვაქვს, მაგალითად. ჩვენ ასე ვუდგებით, რომ უსამართლობას როცა ხედავ, ეს არის უკვე ფაქტი. ადამიანს სამსახურიდან რომ უშვებენ, რომ ჩაგრავენ, ქალს რომ კლავენ, ეს არის ფაქტი და არა — შეფასება. მგონია, რომ თანამედროვე ჟურნალისტიკასაც სჭირდება ამ მხრივ გადალაგება — ახალი ხედვები სჭირდება, რა უნდა ჩაითვალოს სტანდარტად და რა ითვლება დღეს“. 

ჩვენი მეექვსე რესპონდენტი „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დღეს უკვე უკანონო პოლიტიკური პატიმარი, მზია ამაღლობელი უნდა ყოფილიყო, რომელმაც 38 დღე იშიმშილა. ინტერვიუს ჩანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე ის სრულიად უკანონოდ დააკავეს. დღეს საქართველოს პირველად ჰყავს ქალი ჟურნალისტი პოლიტპატიმარი. ქალი, რომელმაც უდიდესი ძალისხმევის შედეგად შექმნა მედია, რომელიც დაარსების დღიდან დღემდე ინარჩუნებს მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებს. დღეს არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა და თავისუფლება. მის თავისუფლებას ითხოვს ყოველდღიურად ზემოთ აღნიშნული მედიების წარმომადგენლებიც, რომლებიც მზიას მხარდასაჭერ აქციებს მართავენ. ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუკი ჩვენს სტატიაშიც „ბათუმელებზე“ საუბარს განსაკუთრებით დიდ ნაწილს დავუთმობთ. ამაზე სასაუბროდ მის ერთ-ერთ ჟურნალისტს, მანანა ქველიაშვილს დავუკავშირდით. 

როგორ შეიქმნა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“?

გაზეთი „ბათუმელები“ დაფუძნდა 2001 წელს აჭარაში, ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს. მისი დამფუძნებლები არიან მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე.  გამოცემა თავიდანვე გახდა ხელისუფლების სამიზნე მიუკერძოებელი და კრიტიკული სტატიების გამო. 

2001 წლიდან 2004 წლის მაისამდე, ე.წ. „აჭარის რევოლუციამდე“, გაზეთმა „ბათუმელებმა“ არაერთი რთული პერიოდი გამოიარა. ასლან აბაშიძის რეჟიმის პოლიცია დევნიდა, იტაცებდა და სცემდა გაზეთის ჟურნალისტებს, ართმევდა და უმტვრევდა ტექნიკას, ხელს უშლიდა ჟურნალისტურ საქმიანობაში, თუმცა სურვილი, შეექმნათ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედია, იმდენად დიდი იყო, რომ ახალგაზრდა გამოცემამ და მისმა თანამშრომლებმა ყველა გამოწვევას გაუძლეს.

2004 წელს მოხდა „აჭარის რევოლუცია“, ასლან აბაშიძეს მოუწია ქვეყნიდან გაქცევა, გაზეთმა „ბათუმელებმა“ კი გააგრძელა დამოუკიდებლად არსებობა და მიუკერძოებელი, სანდო ინფორმაციის გავრცელება.

გაზეთ „ბათუმელებს“ რთულ პირობებში უწევდა მუშაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც. ჟურნალისტებს არ აძლევდნენ საჯარო ინფორმაციას, სხვადასხვა ფორმით უშლიდნენ ხელს ჟურნალისტურ საქმიანობაში, 2009 წელს კი კონსტიტუციური დეპარტამენტის თანამშრომლები დამონტაჟებული ფოტომასალით ცდილობდნენ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის,  დაშანტაჟებას. ამ საქმის გამოსაძიებლად „ბათუმელებმა“ ყველა შესაბამის უწყებას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ საქმე თავად ჟურნალისტებმა გამოიძიეს და 2011 წლის ნოემბერში დაადგინეს იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც ჟურნალისტებს აშანტაჟებდა.

2010 წელს გაზეთმა „ბათუმელებმა“ დააფუძნა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“ და უკვე ორი პლატფორმიდან აწვდიდა ინფორმაციას მკითხველს. 2016 წლის ბოლოს დაიხურა გაზეთის ბეჭდური ვერსია, 2017 წლიდან გამოცემა გადავიდა ონლაინ ვერსიაზე, ხოლო თვეში ერთხელ გამოსცემდა ყოველთვიურ ჟურნალ „ბათუმელებს“. 2018 წლიდან „ბათუმელები“ სრულად ონლაინ მედია გახდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ბათუმელებმა“ გააგრძელა კრიტიკული და მიუკერძოებელი შინაარსის მქონე სტატიებზე მუშაობა. წლების განმავლობაში გამოცემა წერდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდო კორუფციაში ჩართულობის შესახებ, აშუქებდა ყველა მწვავე და კრიტიკულ საკითხს, რის გამოც არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი

„ბათუმელები“ დააარსა ორმა ჟურნალისტმა — ეთერ თურაძემ და მზია ამაღლობელმა — და დღემდე ორივე მათგანი დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა გადამოწმებულ და ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციაზე.

როგორია „ბათუმელების“ ეთიკის კოდექსი?

„ბათუმელები“ დაარსების დღიდან ფაქტებზე დამყარებულ ჟურნალისტიკაზეა ორიენტირებულია. მისთვის, როგორც გამოცემისთვის, ღირებულია, გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ხოლო თუ რაიმე მიზეზთა გამო მცირედი შეცდომა მაინც დაუშვა, აღმოჩენისთანავე შეასწოროს ეს ინფორმაცია შესწორების სტანდარტით, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოცემა განუმარტავს მკითხველს, რა შეეშალა და როგორ გაასწორა.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, 2023 წლის თებერვლამდე, რუსული კანონის დაინიცირებამდე, „ბათუმელების“ ჟურნალისტები არ მონაწილეობდნენ რაიმე სახის აქტივიზმში. რუსული კანონის მიღების შემდეგ კი ხელისუფლების მხრიდან მზარდმა მუქარამ და გახშირებულმა თავდასხმებმა ჟურნალისტები აიძულა, საქართველოს პარლამენტში მისულიყვნენ სხვა კოლეგებთან ერთად და ერთხმად გაეპროტესტებინათ რუსული კანონი.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მძლავრი ზეწოლისა, „ბათუმელების“ ჟურნალისტები ცდილობენ, დარჩნენ ჟურნალისტურ ჩარჩოში და გააგრძელონ თავიანთი მისია — მიაწოდონ მოქალაქეებს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბათუმელები/ნეტგაზეთი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს მედია. ყველა გენდობათ. როგორ მოიპოვეთ ეს ნდობა? 

ბათუმელები, მანანა ქველიაშვილი: „უდიდესი შრომით. ყოფილა შემთხვევა პატარა, რიგითი ნიუსის გადასამოწმებლად დიდი დრო და ენერგია დაუხარჯავს „ბათუმელების“ ჟურნალისტს, დაუგვიანებია ამბის გავრცელება, რადგან გადამოწმება დროს საჭიროებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ზუსტი ინფორმაცია მისულა მკითხველამდე. ამასთან, „ბათუმელები“ აშუქებდა და აშუქებს აბსოლუტურად ყველა მოწყვლადი ჯგუფის შესახებ ამბებს, იქნება ეს უსახლკარო ადამიანები, დევნილები, ეკომიგრანტები, სოციალურად დაუცველები, სხვადასხვა ნიშნით ჩაგრული ჯგუფები, მიგრანტი ქალები თუ სხვა. არ დარჩენილა ამ წლების განმავლობაში არცერთი ჯგუფი, არცერთი თემა, რასაც „ბათუმელები“ არ შეხებია. შესაბამისად, ნდობა მოვიდა სწორედ აქედან — ადამიანებმა დაინახეს, რომ არსებობს მედია, რომელიც მათ პრობლემებს ხედავს და მათ გაშუქებაზე ზრუნავს“.

დაბოლოს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა მას ჰყავს ჟურნალისტი პოლიტპატიმარი?

ბათუმელები, მანანა ქველიაშვილი: „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მზია ამაღლობელი არის პირველი პოლიტპატიმარი, პირველი სინდისის პატიმარი და პირველი ჟურნალისტი ქალი პატიმარი. ახლა ქვეყანაში არის განცდა, რომ კანონის უზენაესობა აღარ არსებობს, ამიტომ ხალხი ეძებს სამართალს და სამართლიანობას.  ახლა, როცა ამ ინტერვიუს გაძლევთ, 23-ე დღე ღამდება, რაც მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად. სამართალი რომ პოლიტიკურად მოტივირებული არ იყოს, ახლა მზია ამაღლობელი ციხეში არ უნდა იმყოფებოდეს. 

ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც მედიამენეჯერი ქალი არის უკანონო პატიმარი. მისი პირველი დაკავება სტიკერის გაკვრის გამო იყო უკანონო, ასევე მეორე, სისხლის სამართლის კვალიფიკაციით დაკავებაც იყო უკანონო. მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და მისი სისხლის წესით დაკავების საფუძველი არ არსებობდა. სწორედ ამიტომ არის ორივე დაკავება უკანონო და სწორედ ამიტომაა მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარი. 

ჟურნალისტებს აპატიმრებენ რუსეთში, ჟურნალისტებს აპატიმრებენ ბელორუსში, ჟურნალისტებს აპატიმრებენ დიქტატორულ და ავტოკრატიულ რეჟიმებში. ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ახლა ცდილობს დემოკრატიის შუქი ჩააქროს ამ ქვეყანაში, რადგან თავისუფალი პრესის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. მზია ამაღლობელი კი არის ის ადამიანი, ვინც ბოლო 24 წელია თავი და ცხოვრება მიუძღვნა ამ ქვეყანაში თავისუფალი, მიუკერძოებელი და ეთიკური ჟურნალისტიკის კეთებას, თავისუფალ მედიას. „ბათუმელებმა“ უამრავ სირთულეს გაუძლო, რადგან ის იდგა და დგას მთავარ ღირებულებაზე — სიმართლის ძიებაზე. ამიტომ, ჩვენი გამოცემის ისტორია რწმენას მაძლევს, რომ გადარჩენა, ათასი ჭრილობის შემდეგ, შესაძლებელია“.

 

თავისუფლება მზია ამაღლობელს!

 

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: DALL·E

♦ სტატია მომზადებულია Urgent Action Fund-ის ფინანსური მხარდაჭერით

გაზიარება

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

ონლაინ მედიები, რომლებსაც ქართული საზოგადოება ნდობას უცხადებს

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია