Facebook Script

რუსული კანონი — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

მიმდინარე სახელისუფლებო პროპაგანდისა და მის ფარგლებში გავრცელებული არაერთი ტყუილის გამო, ვხედავთ უფრო დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელების საჭიროებას რუსული კანონის ირგვლივ. შესაბამისად, ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით ყველაფერს, რისი ცოდნაც რუსული კანონის შესახებ გვჭირდება, რათა ზუსტად გვესმოდეს მისი დამაზიანებელი და მავნე მიზნები და პოტენციური შედეგები.

რა უნდა გვახსოვდეს 2023 წლის მარტის მოვლენებიდან?

2023 წლის მარტში, ქართული ოცნების სატელიტმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“ პარლამენტში დააინიცირა კანონი, რომელიც საქართველოში მომუშავე სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციების უცხოური ინტერესების გამტარ აგენტებად მონიშვნას ისახავდა მიზნად.

კანონპროექტის პირველადი ვერსია ზუსტი ასლი იყო რუსეთში მიღებული იდენტური კანონისა, ამის შემდეგ კი „ხალხის ძალამ“ კანონის მეორე, მათი თქმით, ამერიკული ვერსია, დააინიცირა. მთელი მათი არგუმენტაცია იდგა იმაზე, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ამერიკაში მსგავსი ტიპის კანონი არსებობს და ეს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების საკითხია.

საქართველოს მოსახლეობამ რუსული კანონის ამგვარი შეფუთვა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა და კანონის ჩუმად, მოტყუებით, პირველი მოსმენით მიღებამ გამოიწვია ბრაზი და პროტესტის განცდა, რომელმაც ათიათასობით ადამიანი ქუჩაში, პარლამენტთან გამოიყვანა.

ხელისუფლების მიერ პროტესტის ჩასახშობად გამოყენებულმა არაპროპორციულმა ძალამ: წყლის ჭავლმა, ცრემლსადენმა გაზმა, წიწაკის სპრეიმ და სხვა უსამართლო მოქმედებებმა ფიზიკურად დააზიანა არაერთი ადამიანი. თუმცა ამას არ შეუშინებია პროტესტის მონაწილეები და მასობრივი საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, საბოლოოდ კი ჩვენი, ქართველი ხალხის, გამარჯვებით დასრულდა: რუსული კანონი პარლამენტმა უკან გაიწვია, ხოლო ქართული ოცნება დაგვპირდა, რომ ამ კანონის დღის წესრიგში დაყენება აღარ იგეგმებოდა.

მარტის აქციების დროს ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი არ იყო მხოლოდ ფიზიკური, ემოციური და მენტალური. ამ წინააღმდეგობისთვის ჩვენს დასასჯელად ქართულმა ოცნებამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. ლაზარე დღემდე უსამართლოდ იხდის სასჯელს, რადგან სწორედ ის ამოირჩია ხელსაყრელ მსხვერპლად სისტემამ.

წყარო: Sakartvelosambebi.ge

რა ხდება ახლა, 2024 წელს?

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „მზადებას“ ქართული ოცნება წლის დასაწყისიდანვე შეუდგა. მისი წინასაარჩევნო კამპანია კი ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებაზე გადის. 

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 20%-ზე მეტი შრომითი მიგრანტია, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მთავარი გამოწვევაა, სადაც ქალებს ტრაგიკული სიხშირით კლავენ, სადაც ბავშვები სკოლებში მშივრები არიან, სახლებსა და ქუჩებში კი ძალადობის სხვადასხვა ფორმებთან გამკლავება უწევთ და სადაც ადამიანებს საკუთარი საცხოვრისებიდან მევახშეები ასახლებენ, 2024 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ რიგი კანონებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რადგან ცხადია, რომ ხელისუფლება საზოგადოების რეალურ, ყოველდღიურ პრობლემებს ვერ და არ პასუხობს.

2024 წლის აპრილში, ცხადად ქართული ოცნების ინტერესების გამტარმა პარტია „გირჩმა“ გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივა შეიტანა პარლამენტში. ამ ინიციატივის მხარდაჭერის სანაცვლოდ კი ქართულ ოცნებას ცესკოს თავმჯდომარის სამთავრობო კანდიდატის მხარდაჭერას შეჰპირდა. გენდერული კვოტირება ინიცირებიდან რამდენიმე დღეში გაუქმდა, ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და უღირსი შეძახილებისა და განცხადებების ფონზე. მათ შორის თავი განსაკუთრებულად ოცნების წევრმა, ბექა ოდიშარიამ გამოიჩინა, რომელსაც არათუ კარგ, არამედ ნორმალურ ქვეყანაშიც კი მანდატს შეუჩერებდნენ იმის გამო, რასაც ის ქალი პოლიტიკოსების მისამართით პარლამენტის შენობაში ამბობდა.

უნდა გვახსოვდეს, რომ გენდერული კვოტირების მოქმედების ფარგლებშიც კი პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 20%-ზე ნაკლები იყო, რაც წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელია ქალების პოლიტიკური მონაწილეობის. თუმცა, როგორც ჩანს, ეს რაოდენობაც კი საფრთხის შემცველი აღმოჩნდა კვოტირების გაუქმების მხარდამჭერი პოლიტიკოსებისთვის.

რუსული კანონის დაბრუნება

საარჩევნო წელი ქართულმა ოცნებამ და მისმა სატელიტმა პარტიებმა აქტიურად, მრავალი ზიანის მოტანის მცდელობებით დაიწყეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელისუფლების შიში, არჩევნებში დამარცხებასთან დაკავშირებით, გაქარწყლებულიყო. 2024 წლის აპრილში ხელისუფლებამ ხელახლა დააინიცირა რუსული კანონი სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. 

კანონპროექტი, როგორც თავად მამუკა მდინარაძე ამბობს, ზუსტი ასლია შარშან ინიცირებული ვერსიისა. შეიცვალა მხოლოდ სახელი და ახლა, „აგენტების“ ნაცვლად „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ სურთ სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციების მონიშვნა.

ქართული ოცნების თქმით, რუსული კანონის მიღების მიზანი გამჭვირვალობაა. თუმცა, დარეგისტრირებულ კანონს სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ამ მიზანთან. ამას საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა ადასტურებს. მას მხოლოდ სახელი აქვს საერთო იმ კანონებთან, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებენ. სინამდვილეში, ეს კანონი იმიტომ არის რუსული, რომ მისი მიზანი არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ დამოუკიდებელი მედიისა და ორგანიზაციების შეზღუდვაა.

კანონის მიზნის ამოკითხვა მისივე შინაარსიდან შეიძლება. არსებობს ორი მთავარი ინდიკატორი, რითაც დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებში არსებული კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება:

1) კანონის მოქმედება არ უნდა ეხებოდეს მეგობარ ქვეყნებს. კანონს, როგორც წესი, თან ახლავს „არამეგობრული“ ქვეყნების სია, რომლის მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება (მაგ., ბრიტანული კანონი, ან საფრანგეთში შეთავაზებული კანონპროექტი);

2) კანონი უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ ლობისტურ და არა მედიის ან არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე (მაგ., ამერიკული კანონი, ევროკავშირის კომისიის კანონპროექტი).

დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი კანონებისგან განსხვავებით, საქართველოში ინიცირებულ რუსულ კანონს არც ერთი ამ ფილტრთაგანი არ აქვს და ამიტომაც არის რუსული. ის მტრად აცხადებს ჩვენს რეალურ მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ ორს, ებრძვის და აფერხებს ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას. სწორედ ამიტომ აფასებენ გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ნატო, ევროსაბჭო და ყველა ჩვენი მეგობარი ელჩი ამ კანონს ევროკავშირთან შეუთავსებლად.

ხელისუფლების განცხადებები, თითქოს რუსული კანონი იგივე მიზნებს ემსახურება, რაც მისი მსგავსი კანონები ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ამერიკაში, ფაქტობრივი, პროპაგანდისტული ტყუილია, რადგან:

  1. ამერიკამ FARA 1938 წელს ნაცისტურ პროპაგანდასთან გასამკლავებლად მიიღო. კანონი რეგისტრირებას მხოლოდ პოლიტიკურ ლობისტებსა და უცხოურ პროპაგანდისტულ წყაროებს ავალდებულებს;

  2. ავსტრალიური კანონი ამერიკულს ეყრდნობა და რეგისტრირებას მხოლოდ იმ პირებს სთხოვს, რომლებიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით ლობირებენ;

  3. კანადაში უცხოური გავლენისგან თავდასაცავად კანონის მიღება მხოლოდ მაშინ გახდა საჭირო, რაც არჩევნებში ჩინეთის გავლენები დაიდენტიფიცირდა;

  4. ევროკავშირის კომისიის კანონპროექტი პირდაპირ ეხება რუსულ და ჩინურ ძალებს და არ მოიაზრებს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში. 

მეორე მხრივ, ჩვენ ირგვლივ არსებობს მაგალითები იმისა, რასაც უნდა მოველოდეთ, თუ რუსულ კანონს პარლამენტი მიიღებს:

  1. რუსეთში 2012 წლიდან ეტაპობრივად მძიმდება ამ ტიპის კანონი. შედეგად, დაიხურა არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, ათასობით აქტივისტსა და ჟურნალისტს კი ქვეყნის დატოვება მოუწია. დღესდღეობით რუსეთში ეს კანონი ეხებათ ფიზიკურ პირებსაც და მათ არჩევნებში მონაწილეობასაც ზღუდავს;

  2. ისრაელში, „აგენტების“ ბაზაში 90%-ზე მეტ ხელისუფლების ოპონენტია და ისრაელის მოქალაქე პალესტინელებისა და სხვა არაებრაელი მოქალაქეების უფლებებს იცავს;

  3. ბულგარეთში ინიცირებული ამ ტიპის კანონპროექტი ვრცელდებოდა ისეთ დამოუკიდებელ მედია და უფლებადაცვით ორგანიზაციებზე, რომელთა უცხოური დაფინანსება 500 ევროს აჭარბებდა. კანონი არ იქნა მიღებული.

  4. უნგრეთში ასეთი კანონი სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე დამაზიანებელი გავლენის გამო დისკრიმინაციულად და გაუმართლებლად იქნა მიჩნეული და 2021 წელს გაუქმდა.  

საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, ეს კანონი დაანგრევს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას. ის შექმნის დასმენების შესაძლებლობას და გააუქმებს პერსონალურ მონაცემებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც უმუშავია, ან სერვისი მიუღია არასამთავრობო ორგანიზაციებში ან მედიაში. სახელმწიფოს შეეძლება ამ ორგანიზაციებიდან ნებისმიერი ინფორმაციის ამოღება, რაც დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობას შეუძლებლად აქცევს. ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები, შშმ პირები და სხვა დაჩაგრული ადამიანები ვეღარ შეძლებენ სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიმართვას, ან მედიის მეშვეობით საკუთარ პრობლემებზე საუბარს.

სწორედ ამ კატასტროფული შედეგების თავიდან აცილებას გვთხოვენ ჩვენი მეგობრები. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს.

სწორედ ამიტომ, კი — ევროპას, არა — რუსულ კანონს!

სტატიის ავტორი: ვენერო მელუა

გაზიარება

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

რუსული კანონი — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია