Facebook Script

მშობიარობის შემდგომი დეპრესია — რა უნდა ვიცოდეთ?

პოსტნატალური, იგივე პოსტპარტუმ ან მშობიარობის შემდგომი, დეპრესია (ინგლ. Postpartum Depression ან Postnatal Depression) ბავშვის გაჩენის შემდგომ პერიოდში იჩენს თავს და ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აუარესებს. დეპრესიის ეს ფორმა ძირითადად გამოიხატება გახშირებულ ტირილში, გადაღლილობაში, დანაშაულის ირაციონალურ შეგრძნებასა და შფოთვაში.

► პოსტპარტუმ დეპრესიის მართვა სავსებით შესაძლებელია პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარებით და, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტური მკურნალობითაც.

პოსტნატალური დეპრესიის ტიპები

მშობიარობისშემდგომი გუნება-განწყობის აშლილობების სამი სხვადასხვა ტიპი არსებობს:

  • პოსტნატალური მელანქოლია — პოსტნატალური მელანქოლია მშობიარობის შემდეგ ადამიანების დაახლოებით 75%-ს აწუხებს. დეპრესიის ამ ფორმის პირობებში, ადამიანები შეიძლება განიცდიდნენ მოულოდნელ ემოციურ შეტევებს, ტიროდნენ უმიზეზოდ, აწუხებდეთ ხანგრძლივი და უმიზეზო სევდა და გადაჭარბებული შფოთვა ყველაფერზე. როგორც წესი, ის თავს იჩენს მშობიარობის შემდგომ პირველივე კვირაში და, თუ არ გართულდა, დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პოსტნატალური მელანქოლია საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაა, როგორც წესი, ის თავისით ქრება ორ კვირაში, ყოველგვარი პროფესიონალური ჩარევის გარეშე. ამ დროის მანძილზე ემოციებთან გამკლავების საუკეთესო გზა ახლობელ ადამიანებთან (ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან/და პარტნიორთან) თქვენი ემოციური საჭიროებების სწორი კომუნიკაციაა;

  • პოსტნატალური დეპრესია — პოსტნატალური დეპრესია გაცილებით სერიოზული პრობლემაა, რომელიც დაახლოებით ყოველი შვიდი ახალნამშობიარები ადამიანიდან ერთში მაინც ვლინდება. თუ დეპრესიის ეს ტიპი ადამიანს უკვე ჰქონდა, დაახლოებით 30%-ით იზრდება შანსი, რომ მომდევნო ორსულობისას კვლავ მოუწევს ამ მდგომარეობასთან გამკლავება. მისი მთავარი ნიშნები შეიძლება იყოს როგორც გუნება-განწყობის რადიკალური ცვლილებები, ხშირი ტირილი, გაღიზიანებადობა და გადაღლა, ისე დანაშაულის გრძნობა, შფოთვა და საკუთარ თავზე ან ბავშვზე ზრუნვის შეუძლებლობა. პოსტნატალური დეპრესიის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე ძალიან ძლიერი, და ისინი შეიძლება გაჩნდეს მშობიარობიდან ერთი კვირის ვადაში ან უფრო ეტაპობრივად, ერთი წლის განმავლობაში. მართალია, სიმპტომები შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს, თუმცა ფსიქოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა, როგორც წესი, საკმაოდ ეფექტურია;

  • პოსტნატალური ფსიქოზი — პოსტნატალური ფსიქოზი პოსტნატალური დეპრესიის ყველაზე რთული და საფრთხილო ფორმაა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ყურადღებას საჭიროებს. ის საკმაოდ იშვიათია და საშუალოდ ყოველ 1000 ადამიანიდან მხოლოდ 1-ში ვლინდება. ჩვეულებრივ, პოსტნატალური ფსიქოზის სიმპტომები მშობიარობიდან მალევე იჩენს თავს და ძალიან ძლიერია — ისინი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ძლიერი ღელვა, დაბნეულობა, უიმედობისა და სირცხვილის განცდა, უძილობა, პარანოია, დელუზიები ან/და ჰალუცინაციები, ჰიპერაქტივობა, ზედმეტად სწრაფი ლაპარაკი ან მანია. პოსტნატალური ფსიქოზი მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას, რადგან მის დროს იზრდება როგორც სუიციდის, ისე ახალშობილისთვის ზიანის მიყენების საფრთხე. მკურნალობა, ჩვეულებრივ, მოიცავს ჰოსპიტალიზაციას, ფსიქოთერაპიასა და მედიკამენტებს.

► როგორ გავიგო, პოსტნატალური მელანქოლია მაქვს თუ დეპრესია? — მსგავსებების მიუხედავად, პოსტნატალური მელანქოლიის სიმპტომები მხოლოდ 2 კვირამდე გრძელდება და ისინი უფრო მსუბუქია, ხოლო პოსტნატალური დეპრესიის შემთხვევაში ისინი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება და უფრო ძლიერია. შესაძლოა, პოსტნატალური მელანქოლია გქონდეთ, თუკი მშობიარობის შემდეგ აღგენიშნებათ:

  • უმიზეზო ტირილი;

  • მოჭარბებული ემოციები;

  • მადის დაკარგვა;

  • ძილის პრობლემები;

  • გუნება-განწყობის მოულოდნელი ცვლილებები.

პოსტნატალური დეპრესიის რისკ-ფაქტორები

პოსტნატალური დეპრესიის რისკი შეიძლება კონკრეტულმა გარემოებებმა გაზარდოს. მათ შორისაა:

  • პირად ან ოჯახის სამედიცინო ისტორიაში დეპრესიის, პოსტნატალური დეპრესიის ან/და პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის (PMDD) არსებობა;

  • კონფლიქტები პარტნიორთან ან სხვა ურთიერთობებში;

  • მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისგან მხარდაჭერის ნაკლებობა;

  • გაორებული გრძნობები ორსულობის მიმართ;

  • ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები, რთული ორსულობა ან/და ნაადრევი მშობიარობა;

  • მშობიარობა 20 წლამდე ასაკში ან მარტოხელა მშობლობა;

  • ახალშობილი, რომელიც ბევრს ტირის ან რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.

პოსტნატალური დეპრესიის სიმპტომები

ზოგი ადამიანი პოსტნატალური დეპრესიის სიმპტომების გამო შეიძლება სირცხვილს გრძნობდეს ან ფიქრობდეს, რომ ცუდი მშობელია იმის გამო, რომ ასე გრძნობს თავს. . გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ — პოსტნატალური დეპრესია ძალიან ხშირია და ის სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ადამიანი ან მშობელი ხართ.

შესაძლოა, პოსტნატალური დეპრესია გაწუხებდეთ, თუკი მშობიარობის შემდეგ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:

  • სევდის, უიმედობის ან/და დანაშაულის გრძნობა;

  • გადაჭარბებული დარდი და მღელვარება;

  • საყვარელ საქმიანობებში ინტერესის დაკარგვა;

  • მადის ცვლილება ან ჭამაზე საერთოდ უარის თქმა;

  • ენერგიისა და მოტივაციის დაკარგვა;

  • უძილობა ან, პირიქით, სურვილი იმისა, რომ მუდმივად გეძინოთ;

  • უმიზეზოდ ან გაუჩერებლად ტირილი;

  • ფიქრისა და კონცენტრაციის სირთულე;

  • სუიციდური ფიქრები ან იმის სურვილი, რომ აღარ იყოთ ცოცხალი;

  • ახალშობილისადმი გულგრილობა ან/და შფოთვა ბავშვთან დაკავშირებით;

  • ფიქრები იმაზე, რომ რაიმე დაუშავოთ ბავშვს, ან შეგრძნება, რომ ბავშვი არ გინდათ;

► თუ ჩამოთვლილი სიმპტომების უმეტესობა გეცნობათ, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალს. ეს შეიძლება იყოს ოჯახის ექიმი, მეან-გინეკოლოგი ან მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალი (მაგალითად, ფსიქოთერაპევტი ან ფსიქიატრი), ასევე თქვენი ბავშვის პედიატრი.

რა იწვევს პოსტნატალურ დეპრესიას?

სამწუხაროდ, პოსტნატალური დეპრესიის გამომწვევ მიზეზებზე სიღრმისეული კვლევები ჯერჯერობით არ არის ჩატარებული, თუმცა ცნობილია, რომ ესტროგენისა და პროგესტერონის დონე ორსულობისას ათმაგად იზრდება ორგანიზმში და მკვეთრად ეცემა მშობიარობის შემდეგ. მშობიარობიდან დაახლოებით სამი დღის ვადაში ყველა ჰორმონი თავის ჩვეულ დონეს უბრუნდება.

ამ ჰორმონალური ცვლილებების გარდა, მშობიარობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური ცვლილებები ასევე ზრდის პოსტნატალური დეპრესიის რისკს. ამ ცვლილებებს შორის შეიძლება იყოს ფიზიკური ცვლილებები მშობიარობის შემდეგ, ძილის ნაკლებობა, მშობლობასთან დაკავშირებული შფოთვები და ცვლილებები ურთიერთობებში.

შეიძლება, პოსტნატალური დეპრესია მამებსაც დაემართოთ?

კი, პოსტნატალური დეპრესიის სიმპტომები როგორც დედას, ისევე მამასაც შეიძლება გამოუვლინდეს. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პროფესიონალს, თუკი ბავშვის გაჩენის შემდეგ დეპრესიისა და შფოთვის ნიშნები აღგენიშნებათ. მშობლების დაახლოებით 4%-ს უწევს დეპრესიის ამ ტიპთან გამკლავება მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში.

შესაძლოა, რომ პოსტნატალურმა დეპრესიამ ახალშობილზეც იმოქმედოს?

კი, ჩამოთვლილი სიმპტომების სიმწვავიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ ბავშვზეც იმოქმედოს. პროფესიონალური დახმარების მიღება კი როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ჩვილისათვის არის სასიკეთო.

კვლევების მიხედვით, მშობლის პოსტნატალური დეპრესია ახალშობილზე შემდეგ ფორმებში შეიძლება გამოიხატოს:

  • გაგიჭირდეთ ახალშობილთან ემოციური კავშირის დამყარება;

  • ბავშვს ჰქონდეს ქცევითი ან სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები;

  • ტოვებდეთ ახალშობილის პედიატრთან ჩანიშნულ სავალდებულო სამედიცინო კონსულტაციებს;

  • ბავშვს ჰქონდეს ძილის ან/და კვების პრობლემები;

  • არასაკმარისად ყურადღებიანი იყოთ ბავშვის საჭიროებებისადმი ან ვერ ამჩნევდეთ, როდის არის ის ავად;

  • შესაძლოა, ბავშვს არასრულად განუვითარდეს სოციალური უნარ-ჩვევები.

პოსტნატალური დეპრესიის დიაგნოსტირება

არ არსებობს პოსტნატალური დეპრესიის დიაგნოსტირების ერთი უნივერსალური მეთოდი. მშობიარობის შემდეგ ექიმთან ვიზიტი შეიძლება მოიცავდეს ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა  ემოციური მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ, პირადი ; სამედიცინო ისტორია; ასევე ფიზიკური, გინეკოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები.

პოსტნატალური დეპრესიის დასადგენად ექიმმა ასევე შეიძლება დაგისვათ კითხვები ბავშვის მდგომარეობაზე და თქვენს მისდამი დამოკიდებულებაზე მშობიარობის შემდეგ. სწორი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა, რომ იყოთ აბსოლუტურად გულწრფელი და არ მოგერიდოთ ან შეგრცხვეთ არასასიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა.

ექიმმა ასევე შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის საერთო ანალიზის კვლევა, რადგან პოსტნატალურ დეპრესიას შეიძლება თან ახლდეს ბევრი ისეთი სიმპტომი, რომელიც ჰგავს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს.

► გახსოვდეთ, რომ ექიმის მიზანია, უზრუნველყოფს თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ამიტომ აუცილებელია, რომ იყოთ გულწრფელი. პოსტნატალურ დეპრესიაში სამარცხვინო არაფერია და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო — ამ პრობლემას უამრავი მშობელი აწყდება.

ტესტური კვლევები

როგორც უკვე აღინიშნა, დიაგნოსტირების მთავარი მეთოდიდან გამომდინარე, რომელიც გასაუბრებაა ექიმსა და პაციენტს შორის, სწორი დიაგნოზის დასმა თითქმის შეუძლებელია აბსოლუტური გულწრფელობის გარეშე.

ბევრი სამედიცინო პროფესიონალი ანიჭებს უპირატესობას ედინბურგის პოსტნატალური დეპრესიის სკალას, რომელიც 10 კრიტიკული კითხვისაგან შედგება პაციენტის ზოგად ემოციურ მდგომარეობაზე, შფოთვასა და დანაშაულის შეგრძნებაზე. პაციენტის ამოცანაა, მონიშნოს პასუხი, რომელიც ყველაზე უკეთ აღწერს მის მდგომარეობას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. რაც უფრო მაღალია საბოლოო ქულა, მით მეტია შანსი, რომ პოსტნატალურია დეპრესია გქონდეთ.

პოსტნატალური დეპრესიის მართვა და მკურნალობა

პოსტნატალური დეპრესიის მკურნალობის ტიპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძიმე სიმპტომები აქვს პაციენტს. ჩვეულებრივ, ექიმი ნიშნავს ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:

  • შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები ან ანტიდეპრესანტები;

  • ფსიქოთერაპია (მაგალითად, კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია);

  • ჯგუფური თერაპია მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანებთან.

პოსტნატალური ფსიქოზის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს შფოთვისა, დეპრესიისა და ფსიქოზის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი შეიძლება გაგზავნონ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში რამდენიმე დღით, სანამ კვლავ სტაბილური და უსაფრთხო არ გახდება როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ახალშობილისათვის. უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები წარუმატებელია, შესაძლოა, ეფექტი ჰქონდეს ელექტროკონვულსიურ თერაპიას (ECT).

მედიკამენტები

პოსტნატალური დეპრესიის სიმპტომების სამართავად ექიმმა შეიძლება ანტიდეპრესანტები დაგინიშნოთ. ანტიდეპრესანტები ხელს უწყობს თქვენს ტვინში იმ ქიმიური ნივთიერებების დაბალანსებას, რომლებიც თქვენს გუნება-განწყობაზე ზემოქმედებს.

თუკი ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანტიდეპრესანტის მიღების შესაძლო დადებით და უარყოფით მხარეებზე. არსებობს ალბათობა, რომ მედიკამენტები ბავშვის ორგანიზმში დედის რძისაგან მოხვდეს, თუმცა გადაცემის დონე, როგორც წესი, დაბალია, და არაერთი ანტიდეპრესანტი მიიჩნევა ბავშვისთვის უსაფრთხოდ. ექიმი დაგეხმარებათ ისეთი მედიკამენტის შერჩევაში, რომელიც სწორია თქვენი სიმპტომებისთვის და უსაფრთხოა ძუძუთი კვებისთვის. 

გახსოვდეთ, რომ ანტიდეპრესანტებს შედეგის საჩვენებლად მინიმუმ სამი ან ოთხი კვირა მაინც სჭირდება. მედიკამენტების დროზე ადრე შეჩერებამ შეიძლება სიმპტომების დაბრუნება გამოიწვიოს. არ შეწყვიტოთ ანტიდეპრესანტის სმა ექიმის დანიშნულების გარეშე — როგორც წესი, ის შემცირებულ დოზაზე გადაგიყვანთ მანამ, სანამ მთლიანად შეწყვეტდეთ მედიკამენტის მიღებას.

როგორ გავუმკლავდეთ პოსტნატალურ დეპრესიას?

პირველ ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ პოსტნატალური დეპრესიის გარკვეულ ფორმას თითქმის ყველა განიცდის მშობიარობის შემდეგ და გაურკვეველი და მოზღვავებული ემოციები როგორც საკუთარ თავზე, ისე ახალშობილზე, სრულიად ნორმალურია. ასევე, იცოდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, ამ ყველაფერს დახმარების გარეშე გაუმკლავდეთ. 

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა საიმისოდ, რომ ამ პრობლემას უფრო მარტივად გაუმკლავდეთ მშობიარობის შემდეგ:

  • მოძებნეთ ადამიანი, რომელთანაც გულწრფელად საუბარი გსიამოვნებთ ან/და გეხმარებათ — ფსიქოთერაპევტი, მეგობარი, ოჯახის წევრი, პარტნიორი ან სხვა;

  • შეუერთდით ისეთ ჯგუფურ თერაპიას, რომელშიც სპეციფიკურად მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებმაც ახლახან გააჩინეს ბავშვი;

  • მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას: იკვებეთ ჯანსაღად და ივარჯიშეთ რეგულარულად;

  • არ იგრძნოთ თავი დამნაშავედ დასვენებისას — ორსულობა, მშობიარობა და ახალშობილის მოვლა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ამოცანებია, შესაბამისად, თქვენი სხეულის და გონების განტვირთვა თქვენი პრიორიტეტი უნდა იყოს;

  • გამონახეთ დრო საკუთარ თავზე ზრუნვისა და საყვარელი აქტივობებისათვის.

რა ხდება, თუ პოსტნატალურ დეპრესიას არ ვმკურნალობთ?

თუ პოსტნატალური დეპრესიის შესამჩნევ ნიშნებს სამედიცინო ყურადღების გარეშე დატოვებთ, საფრთხის ქვეშ დააყენებთ საკუთარ თავსაც და ახალშობილსაც. ასეთ დროს, შესაძლოა, რომ:

  • მუდამ უჩიოდეთ ენერგიას;

  • მუდამ უჩიოდეთ უხასიათობას;

  • გეგონოთ, რომ არ გაქვთ მშობლობისთვის საჭირო უნარები;

  • გიჭირდეთ გადაწყვეტილებების მიღება ან კონცენტრაცია ყველაზე მარტივ დავალებებზეც კი;

  • გაგიჩნდეთ ფიქრები თვითდაზიანებაზე.

► გახსოვდეთ: პოსტნატალურ დეპრესიაში არაფერია სამარცხვინო და ის უამრავ ადამიანს აწუხებს. ამის გამო არც ცუდი მშობელი ხართ და არც ცუდი ადამიანი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ არის აუცილებელი, რომ ამ პრობლემას მარტო გაუმკლავდეთ — მიმართეთ პროფესიონალს და იზრუნეთ საკუთარი თავისა და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

პოსტნატალური დეპრესიის პრევენცია

სამწუხაროდ, პოსტნატალური დეპრესიის ბოლომდე პრევენცია არ არის შესაძლებელი. პრევენციის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პოსტნატალურ დეპრესიაზე წინასწარ ინფორმაციის მიღება, გამაფრთხილებელი ნიშნების ცოდნა და რისკ-ფაქტორების აწონ-დაწონა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც, შესაძლოა, დაგეხმაროთ პოსტნატალური დეპრესიის პრევენციაში:

  • რეალისტურად განეწყვეთ მშობიარობისა და მშობლობისადმი;

  • შეზღუდეთ მნახველები მშობიარობიდან პირველი კვირის განმავლობაში;

  • ითხოვეთ დახმარება და გააგებინეთ სხვებს, როგორ შეუძლიათ თქვენი დახმარება;

  • გამოიძინეთ და დაისვენეთ რაც შეიძლება მეტი მაშინ, როდესაც ახალშობილსაც სძინავს;

  • ივარჯიშეთ — მაგალითად, გადით სახლიდან და გაისეირნეთ დასვენების მიზნით;

  • ხშირად ესაუბრეთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, იზოლაცია და მარტოობა ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას;

  • გაამყარეთ ურთიერთობა  პარტნიორთან და ეცადეთ, გამონახოთ დრო ერთმანეთისთვის;

გამოყენებული წყაროები: 

სტატიის მთარგმნელი: მარიამ რაზმაძე

მთავარი სურათი: Medium

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ბიპოლარული, აშლილობა, მანიაკალური, დეპრესია, მკურნალობა, მანია

ბიპოლარული აშლილობა — მკურნალობა და რჩევები

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის გზები — მედიკამენტები, ფსიქოთერაპია, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები და რჩევები ბიპოლარულ აშლილობასთან გასამკლავებლად

გუნება-განწყობა
სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

მშობიარობის შემდგომი დეპრესია — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია