სოლიდარობა მასწავლებლებს!
ეთერი მასწავლებლებს!
ეს შეძახილები უკვე თვეებია ისმის თბილისის ქუჩებში, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან რუსთაველის გამზირამდე მისასვლელ გზებზე, სადაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, რომელშიც მასწავლებელთა ნაწილიც აქტიურადაა ჩართული, თუმცა, საერთო რაოდენობასთან შედარებით, საკმაოდ მცირე პროცენტზეა საუბარი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი. მასწავლებლები ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ და, შესაბამისად, ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ, რომლის მართვასაც უკლებლივ ყველა ხელისუფლება ცდილობს. განათლების მნიშვნელობას ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში ყველა ხედავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა კარგად ხედავს მასწავლებელთა პასუხისმგებლობასა და როლს ამ პროცესში — როგორც მთავრობა, ისე საზოგადოება. შედეგად, ერთი მხრივ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მასწავლებლები რეჟიმის მორჩილ ჯგუფად აქციოს, რომელსაც ნებისმიერ დროს დაეყრდნობა, მეორე მხრივ კი, პროტესტში ჩართული საზოგადოება გამუდმებით ახსენებს მასწავლებლებს თავიანთ მიზანს — ემსახურონ სიმართლეს და აღზარდონ ღირსეული მოქალაქეები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალაუფლების მქონე პირები მასწავლებლებს სიჩუმისკენ მოუწოდებენ (უფრო სწორად კი, აიძულებენ), ხოლო საზოგადოების ნაწილი — ხმის ამოღებისკენ. სამწუხაროდ, დღეს უფრო მეტი მასწავლებელი ჩუმადაა. რეჟიმმა თავის გავლენებში მოაქცია განათლების სისტემა და მისგან თავის დაღწევა, როგორც ჩანს, არც ისე მარტივია.
რეჟიმის მიერ განათლების სისტემის გამოყენების მუდმივ მცდელობაზე საუბრობს მასწავლებელი გიგი ბერძენიშვილი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ღიად აფიქსირებს თავის პოზიციებს:
„ჩვენ, ფაქტობრივად, 30 წელია ყოველთვის გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ყველა შტოში და თითოეული მათგანის ძირითადი პოლიტიკა ამ ძალაუფლების შენარჩუნებაა. სამწუხაროდ, სასკოლო სისტემა არადემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. ზოგადად, ავტორიტარულ სახელმწიფოებს არ აწყობთ ხარისხიანი განათლება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ხარისხიანი განათლება გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას. რაც უფრო განათლებულია ადამიანი, რაც უფრო მეტ ინფორმაციასა და ცოდნაზე მიუწვდება ხელი, მით უფრო ნაკლებად იჯერებს იმ პროპაგანდას, რომელზეც დგას ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი. სწორედ ამიტომ, ავტორიტარული რეჟიმების დარტყმის პირველი სამიზნე ხშირად განათლების სისტემაა“.
საქართველოში არსებული განათლების სისტემა, გარკვეულწილად, სახელმწიფოს მცირე მოდელს წარმოადგენს. სკოლების უმრავლესობაში არსებული სასწავლო პროცესი, როგორც წესი, მოსწავლეების მიერ მასწავლებლების სრულ მორჩილებას გულისხმობს, მასწავლებლებთან კამათი კი, ჩვეულებრივ, დასჯის რომელიმე ფორმით სრულდება. ეს მცირე მოდელი სახელმწიფოს იმ თვისებასაც იმეორებს, როცა ერთი ხელისუფლების მეორით ჩანაცვლება მოცემულ რეალობას არ ცვლის. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არც სკოლებში იცვლება და არც ქვეყანაში. სკოლა 2012 წელს დავამთავრე და დღეს, როცა მოსწავლეებს ვესაუბრები და სასწავლო პროცესზე ვეკითხები, ვხვდები, რომ მას მერე არაფერი შეცვლილა. ჩვენი განათლების სისტემა ვერა და ვერ გადავიდა დასჯის მეთოდიდან მოტივირების მეთოდზე. ისევე როგორც 13 წლის წინ, განათლების სისტემა არც დღესაა მოსწავლის განვითარებასა და მასში ინდივიდის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული.
„სკოლა არის სისტემა, რომელიც ძალიან ნელა იცვლება, შეიძლება საუკუნეებიც დასჭირდეს. მაგალითად, შუმერებიდან დაწყებული, ესე იგი, დაახლოებით, ხუთი ათასი წლის წინ რა ფორმაც ჰქონდა სკოლას, ის ფორმა შეინარჩუნა ლამის მეოცე საუკუნემდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში კაცობრიობა განვითარდა, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ფორმა არ შეცვლილა. სისტემის შეცვლის ძალიან საინტერესო მცდელობა ჰქონდა ერაზმუს როტერდამელს, რომელმაც ორი ჯგუფი ჩამოაყალიბა. ერთი სტანდარტული მეთოდით: ფიზიკური სასჯელით, ცემით, ხოლო მეორე ჯგუფს თავად ასწავლიდა მოტივირებით და ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ეს იყო ხუთასი წლის წინ. მეორე ჯგუფმა გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა. ამით როტერდამელმა თქვა, რომ თუ ბავშვებს დავაინტერესებთ და ვეცდებით, რომ სიყვარულით ისწავლონ, გაცილებით უკეთესი შედეგი ექნებათ, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ 500 წელი ისევ იმ ფორმით ასწავლიდნენ: ცემით, ჯოხით, სახაზავით.
ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ იმის ახსნასა და ბრძოლაში, რომ ფიზიკური სასჯელის მაგივრად, უნდა იყოს დაინტერესება. რაც უფრო სწრაფად იცვლება კაცობრიობა, მით უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს სკოლის გარდაქმნაც. სახელმწიფო ღიად აძლევს მიმართულებას ყველა ადამიანს, თუ როგორ უნდა გაიაროს და რა გზა უნდა გაიაროს. ეს არის მიუღებელი, რადგან ასეთ დროს ხელისუფლების მიზანია, მიიღოს არა კანონმორჩილი, არამედ სისტემის მორჩილი მოქალაქეები. მსგავსი ჩარევა აჩენს ამ განწყობას, რომ მათი მიზანია არა კარგი განათლება და უკეთესი მოქალაქე, არამედ მათთვის კარგი და მისაღები მოქალაქე. ჩვენ ყოველ 12 წელში ვიღებთ ნახევარ მილიონ მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყნის სრულუფლებიანი წევრი ხდება, ამომრჩეველი ხდება. და ამ დროს ჩვენ ვამბობთ, რატომ უნდა დავხარჯოთ განათლებაზე ბევრი ფული? თუ იმაზე დავზოგეთ ფული, რომ ბავშვს უკეთესი გარემო შეექმნას და უკეთ ისწავლოს, ჩვენ ასე ვერ მივიღებთ კარგ სახელმწიფოს“, — ამბობს მასწავლებელი ირაკლი ვეშაგურიძე.
„მასწავლებლებმა ვასწავლოთ ქმედებით, სიმართლით, სიმამაცით, სიყვარულით“ — ამ ბანერით მივიდა მასწავლებელი მარიამ სამუშია განათლების სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, რადგან, როგორც თავად ამბობს, ეს იყო ის სათქმელი, რაც მაშინ ჰქონდა და რისი გამოხატვაც ყველაზე ხმამაღლა სურდა.
„ძალიან მჯერა ამ სიტყვების. თუკი რამე გვესწავლება ადამიანებს ერთმანეთისთვის და მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის, ეს უნდა ხდებოდეს ქმედებით და ეს ქმედება უნდა იყოს სიმართლე, სიმამაცე და სიყვარული. იმის განცდა, რომ სკოლა არის მოსწავლისთვის და სახელმწიფო არის მოქალაქისთვის, არის ძალიან ბუნებრივი ჩემთვის. უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს შენთვის, როგორც მოსწავლისთვის თუ მოქალაქისთვის, ის სივრცე, რომელიც წესრიგს ადგენს სკოლაში თუ ქვეყანაში და თუკი ამ ორს შორის რაღაც გაუცხოება არსებობს და ნდობა არ არსებობს და არ არსებობს ცოცხალი ურთიერთკავშირი, მაშინ, აქ რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს. ახლაც რა პროტესტიც მაქვს ჩემი სახელმწიფოს მიმართ, არის დაღალატების განცდა, რომ ეს ნდობა არის მოშლილი და ამ ნდობის აღსადგენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის მოსმენა შეგვეძლოს. ადამიანები უსმენენ სახელმწიფოს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან იმავეს ვერ ხედავენ“, — აცხადებს მარიამ სამუშია.
დღეს საზოგადოებაში ნდობის ხარისხი სახელმწიფოსა და სკოლის მიმართ ერთნაირად დაბალია, რადგან ვხედავთ, რომ სახელმწიფო მთლიანად აკონტროლებს განათლების სისტემას, აკონტროლებს დირექტორებს, აკონტროლებს მასწავლებლების ხმებს. სახელმწიფო თავისი სურვილისამებრ ძერწავს მორჩილი მასწავლებლის სახეს, მასწავლებელი კი ზრდის მორჩილ მოსწავლეს, რომელიც საბოლოოდ, მორჩილ მოქალაქედ გარდაიქმნება, რომელსაც ყოველთვის ემახსოვრება, რომ თუ ხმას ამოიღებს, დაისჯება.
პირდაპირი მუქარებისა თუ ზეწოლის გარდა, სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი ინტერესების შესაბამისი დღის წესრიგის დადგენა ხდება სასწავლო პროგრამების მეშვეობითაც. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ აფხაზეთის კონფლიქტს ისტორიის სახელმძღვანელოში მხოლოდ ერთი გვერდი უკავია.
პროტესტში თავისი კოლეგების ჩართულობის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობაზე საუბრობს მასწავლებელი სოფო გოგოხიაც:
„ჩვენ დღეს კიდევ უფრო მეტად ვგრძნობთ ამ პროფესიის მნიშვნელობას და მეტსაც ვთხოვთ. საზოგადოება ყოველთვის ბევრს სთხოვს მასწავლებლებს. დღეს ავტორიტარიზმი გვაცლის ხელიდან მასწავლებლებს, ვთქვათ ხმამაღლა, გავბედოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ ჩაქრეს სინათლე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს მთავარ მისიას, განათლებას, ვუკეტავთ გზას და მალე, ალბათ, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ, თუკი მასწავლებლები, ვინც ყველაზე მეტად უნდა ვემსახურებოდეთ ამ სინათლეს და ვისთვისაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, უფრო მეტად არ ვიხმაურებთ, უფრო მეტად არ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, არ გავუსვამთ ხაზს ჩვენს მოვალეობას, ჩვენს ეროვნულ მისიას. დღეს რაც ხდება, ეს არის ღირებულებათა ომი და ჩვენ ისეთი სასკოლო გარემო გვჭირდება, სადაც ისე გავამყარებთ ამ ღირებულებებს, სულ შიშის ქვეშ არ ვიყოთ, რომ ვიღაც მოვა და წაგვართმევს მათ. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და საოცნებო ყველა მასწავლებლისთვის“.
ამ პროტესტის განმავლობაში, რომელიც უკვე ოთხ თვეზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს, პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს არაერთი საფრთხე დამუქრებიათ. მოქალაქეებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ ანტისახელისუფლებო პოზიციებს, სამსახურებიდან ათავისუფლებენ ან ემუქრებიან. მათ შორის არიან მასწავლებლებიც.
რა უშლით ხელს მასწავლებლებს, ჩაერთონ პროტესტში: შიში თუ სურვილის არქონა? ამ კითხვით მივმართე მასწავლებელ ლაშა ჩალაძეს, რომელიც თავისი პოზიციების გაჟღერებას არასდროს ერიდება, თუმცა კოლეგების სიჩუმეს გაგებით ეკიდება, რადგან ამ სიჩუმეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს.
„საზოგადოებაში მასწავლებლების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განაპირობა წლების განმავლობაში ხელისუფლებების მიდგომამ ამ პროფესიის მიმართ. სახელმწიფო წარსულშიც და დღესაც სარფიანად იყენებდა პედაგოგების მძიმე სოციალურ მდგომარეობას. ეს რეალობა მათ ყოველთვის ართმევდა რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და აიძულებდა, მონაწილეობა მიეღოთ სისტემის მიერ დაკვეთილ არასასურველ პოლიტიკურ პროცესებში. პარალელურად კი იაზრებდნენ, რომ საპროტესტო ხმის გაჟღერება და ანტისისტემურ პროცესებში მონაწილეობა შეიძლება სამსახურის დაკარგვად დასჯდომოდათ, საქართველოში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით კი ეს თვითგადარჩენის საკითხი ხდებოდა. ამგვარი რეალობაა დღესაც. მართალია, თბილისსა და რეგიონებში, ზემოხსენებული მავნე პრაქტიკა ერთნაირი „წარმატებით“ ვერ მუშაობს, თუმცა დაუცველობის შეგრძნება ყველგან არსებობს. გარდა ამისა, პროპაგანდისტული გზავნილების მეშვეობით, მაქსიმალურად იჩქმალება პედაგოგების რეალური პრობლემები და წინა პლანზეა წამოწეული მტრის იმ ხატთან ბრძოლა, რომელიც მანამ იარსებებს, სანამ ხელისუფლებას დასჭირდება. ცხადია, არსებობს პედაგოგების ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ სახელმწიფო პასუხობს საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს, თუმცა რთულია იმის თქმა, რომ ისინი ამ პროფესიის უმრავლესობას წარმოადგენენ.
სახელმწიფო, რომლის ფუნქციონირებაც შეუძლებელია მასწავლებლის საქმიანობის გარეშე, განათლების სისტემას განიხილავს ძალაუფლების იარაღად, რაც ამ სფეროს თითოეულ მუშაკს ერთგვარ ჭანჭიკად აქცევს. მართალია, ამ დამამცირებელ მიდგომას ყველა არ ურიგდება, თუმცა ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ერთიანობის მიღწევა ძალიან რთულია. შედეგად, ადამიანები, რომლებიც კოლეგების უფლებების დაცვასა და მათი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, ზოგჯერ სწორედ იმ კოლეგების მხრიდან რჩებიან მხარდაჭერის გარეშე“.
თუმცა, არც აქვს მნიშვნელობა, რამდენი მასწავლებელი იტყვის თავის სათქმელს, რამდენი იქნება ჩუმად და რამდენი იყვირებს, თბილისის ქუჩებში ჩვენ ყოველთვის გავიგებთ შეძახილს, რომელიც აუცილებლად ყველა მასწავლებლამდე მივა:
სოლიდარობა მასწავლებლებს!
ეთერი მასწავლებლებს!
რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს გვაქვს სურვილი, მოვისმინოთ მასწავლებლების რეალური პრობლემები, გავიგოთ მათი აზრი და საჭიროების შემთხვევაში, დავდგეთ მათ გვერდით.
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე