საუკუნეების განმავლობაში ქალებს არ შეეძლოთ სასურველი განათლების მიღება; იმ საქმის კეთება, რომელიც მოსწონდათ; ისე ჩაცმა, როგორც უნდოდათ და იმ ადამიანთან ქორწინება, რომელიც უყვარდათ.
ამ პრობლემების ნაწილი ქალებისთვის დღემდე აქტუალურია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ამ დრომდე არ გადაჭრილა, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვაა. ქალებს ინფორმაციის მიღება ეზღუდებათ მრავალი მიმართულებით, რასაც საზოგადოებასა და კულტურაში არსებული მცდარი შეხედულებები და სტერეოტიპები განაპირობებს. მსგავს მიდგომას ასაზრდოებს პატრიარქალური სისტემაც, რომელიც ქალს მოიაზრებს, როგორც „მეორეხარისხოვარ“, კაცზე ქვემოთ მდგომ არსებად.
სექსუალური განათლება და ქალები
დღესდღეობით სექსუალური განათლების მიღება პრობლემაა ყველასთვის, ამ ცოდნის არქონა კი განსაკუთრებით დიდ გავლენას ქალების ჯანმრთელობაზე ახდენს. მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) ქალებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლებელია, რომ დროული დიაგნოსტიკის გარეშე, ინფექციამ სერიოზულად დააზიანოს ქალის ჯანმრთელობა.
გარდა ამისა, ქალების ნაწილი დედა ხდება და მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე ფლობდნენ ინფორმაციას ორსულობის პროცესისა და ბავშვის მოვლის შესახებ.
ქალებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფორმაციის ქონა მენსტრუალური ციკლისა და სხეულში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების შესახებ (მაგალითად, ოვულაცია). ხშირად, გოგოებმა არაფერი იციან მენსტრუაციის შესახებ, რადგან მათ ამ მოვლენაზე არავინ ესაუბრება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტაბუდადებულია ნებისმიერი საკითხი თავის დაცვის საშუალებებისა და კონტრაცეფციის შესახებ. ქალებმა ხშირად არ იციან, როგორ უნდა დაიცვან თავი დაუგეგმავი ორსულობისგან ან სგგი-ებისგან, ამიტომ მაღალია აბორტის სტატისტიკაც — დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა.
მენტალური ჯანმრთელობა და ქალები
ქალებს არ აქვთ ინფორმაცია თავიანთი მენტალური ჯანმრთელობის შესახებაც. შფოთვა, დეპრესია და პანიკური შეტევა უნივერსალური პრობლემებია და არ არის დამახასიათებელი რომელიმე ერთი სქესისთვის, თუმცა არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც უმეტესად ან მხოლოდ ქალებს აწუხებთ.
მაგალითად, მშობიარობის შემდგომი დეპრესია დამახასიათებელია მხოლოდ ქალებისთვის. დეპრესიის ეს ტიპი საკმაოდ გავრცელებულია ქალებში და ის მსოფლიო მოსახლეობის 17.22%-ს გამოუცდია. მიუხედავად იმისა, რომ პოსტპარტუმ დეპრესია ამდენად გავრცელებულია, ქალებს ამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მაინც არავინ აფრთხილებს.
ქალებში კვებითი აშლილობების სტატისტიკაც მაღალია — მაგალითად, ქალების 0.9-2%-ს აქვს ანორექსია. ამ სტატისტიკის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კი ის ვიზუალური სტანდარტებია, რომლებიც დღევანდელ სამყაროში არსებობს. მოზარდები ხშირად მიმართავენ დიეტას და უმეტესად, მათ არ ესაუბრებიან იმის შესახებ, თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს მსგავსი ქმედება მათი ჯანმრთელობისთვის.
პოლიტიკა და ქალები
ქალების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა დღემდე პრობლემური საკითხია, რადგან გენდერული როლები ისეა გადანაწილებული, რომ მიიჩნევა, თითქოს პოლიტიკა არ არის ქალის საქმე. აქედან გამომდინარე, ქალებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაერთოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მათი ხილვა მსგავს აქტივობებში ან ორგანოებში იშვიათი მოვლენაა. ინფორმაციული ვაკუუმი ამ მხრივ სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან 2016 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესი ნაწილი მხარს არ უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.
ფემინიზმი იბრძვის იმისთვის, რომ ქალებს ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი სექსუალური, ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და, გარდა ამისა, მეტად ისმოდეს მათი ხმა საზოგადოებაში.
მთავარი სურათი: Dribbble / ILLO