კლიტორი — ეს არის ეროგენული ორგანო, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემის ნაწილია და მისი თავი ვულვის ზედა ნაწილში, შარდსადენის ზემოთ მდებარეობს. კლიტორი საკმაოდ მგრძნობიარე ორგანოა — მისი თავი შეიცავს დაახლოებით 8000-10000 მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებას — სწორედ ამიტომ, კლიტორის ქავილი შეიძლება ძალიან შემაწუხებელი იყოს.
კლიტორის ქავილი შესაძლოა გამოიწვის სექსუალურმა აღგზნებამ ან სტიმულაციამ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქავილი მუდმივია და გრძელდება, ეს შეიძლება ინფექციებზე ან ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე მიანიშნებდეს.
► იხილეთ აგრეთვე: კლიტორი — ქალის სიამოვნების მთავარი წყარო
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ კლიტორის ქავილის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს და მკურნალობის გზებს:
გაღიზიანება
კლიტორი ძალიან მგრძნობიარე ორგანოა და ბევრ ნერვულ დაბოლოებას შეიცავს. როდესაც რაიმე მიზეზით ხდება სხეულის ამ ნაწილის გაღიზიანება — მაგალითად, უხეში ნაჭრისგან შეკერილი საცვლების გამო — ამან შეიძლება გამოიწვიოს ქავილი.
გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ გაღიზიანება გამოიწვიოს ახალმა სარეცხმა საშუალებამ ან საპონმა. თუკი ამჩნევთ, რომ პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ეს იყოს, უმჯობესია, თუკი ამ პროდუქტებს გამოცვლით და დააკვირდებით, რამდენად შემცირდება ქავილის შეგრძნება.
აღგზნება
იმ დროს, როდესაც ქალი აღგზნებულია, კლიტორს მიეწოდება სისხლი და ზომაში იზრდება, რაც მას ბევრად მგრძნობიარეს ხდის და მისი გაღიზიანების შანსიც იზრდება.
ასევე შესაძლებელია, რომ ქალს ჰქონდეს დროებითი ქავილი სექსუალურ აღგზნებამდე, სექსუალური აღგზნების დროს ან შემდეგ. მსგავსი სახის ქავილი, როგორც წესი, მალევე ქრება და არ იძლევა შეშფოთების საფუძველს. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ქავილს შენიშნავთ, სასურველია, დააკვირდეთ სხვა სიპტომებს — ხომ არ ვლინდება გამონაყარი, წყლულები, წვის შეგრძნება და ა.შ. — რათა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) არ გამოგეპაროთ.
► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავლენა ქალების ჯანმრთელობაზე
ბაქტერიული ვაგინოზი
ვაგინაში ბაქტერიების რაოდენობის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია, რომელსაც ბაქტერიული ვაგინოზი ეწოდება. უცნობია, ზუსტად რა იწვევს ვაგინაში ბაქტერიების რაოდენობის ზრდას, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა შეიძლება გაზარდოს ინფექციის შეძენის რისკი:
-
სექსი ახალ პარტნიორთან
-
რამდენიმე სექსუალური პარტნიორის ყოლა
-
ვაგინის გამორეცხვა
ბაქტერიულმა ვაგინოზმმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც კლიტორის ქავილი, ასევე მიმდებარე არეების ქავილიც. ინფექციის გავრცელებული სიმპტომებია:
-
წვის შეგრძნება შარდვისას
-
ტკივილის ან წვის შეგრძნება ვაგინაში
-
ნაცრისფერი ან თეთრი ვაგინალური გამონადენი
-
უსიამოვნო სუნი, განსაკუთრებით სექსის შემდეგ
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ბაქტერიული ვაგინოზი გქონდეთ, აუცილებლად მიდით ექიმთან დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
სოკოვანი ინფექცია
ვაგინის სოკოვანი ინფექცია იწვევს როგორც კლიტორის, ასევე ვულვის სხვადასხვა ნაწილების ქავილს. სოკოვანი ინფექციის სიმპტომებია:
-
წვის შეგრძნება
-
სიწითლე და შეშუპება
-
მტკივნეული შარდვა
-
მტკივნეული სექსი
-
სქელი და თეთრი, ხაჭოს მსგავსი გამონადენი ვაგინიდან
მსგავსი სახის ინფექციას, როგორც წესი, იწვევს ვაგინაში ბაქტერიის — კანდიდას — რაოდენობის ზრდა. თუ თვლით, რომ შეიძლება სოკოვანი ინფექცია გქონდეთ, აუცილებლად ჩანიშნეთ ვიზიტი გინეკოლოგთან.
სკლერო-ატროფიული ლიქენი
სკლერო-ატროფიული ლიქენი არის კანის დაავადება, რომელიც გენიტალიებზე ჩნდება, თუმცა არ არის გადამდები. ამ დაავადებამ, შესაძლოა, თავი იჩინოს მკერდის, მკლავების და ტანის ზედა მიდამოებშიც.
უცნობია, ზუსტად იწვევს სკლერო-ატროფიულ ლიქენს, თუმცა ექიმებს მიაჩნიათ, რომ ჩამოთვლილი ფაქტორები ამ დაავადების შეძენის რისკს ზრდის:
-
ჰორმონალური ცვლილებები
-
გენეტიკა
-
კანის დაზიანება ტრავმის შედეგად
სკლერო-ატროფიული ლიქენი უფრო მეტად ქალებს ემართებათ, ვიდრე კაცებს, და ძალიან იშვიათად ვლინდება ბავშვებში. როგორც წესი, ეს დაავადება ჩნდება მენოპაუზის შემდეგ.
სკლერო-ატროფიულ ლიქენს ახასიათებს ქავილის გამოწვევა, თუმცა ამასთანავე შეიძლება სხვა სიმპტომებითაც გამოვლინდეს სხეულის სხვადასხვა არეში:
-
წყლულები
-
ნაწიბურები კანზე
-
სისხლდენა
-
პატარა, თეთრი ლაქები, რომლებიც შეიძლება გაიზარდოს
-
კანი, რომელზეც ადვილად ჩნდება სისხლჩაქცევა
ამ დაავადების დიაგნოზის დასმა ხდება კანის მიკროსკოპული დათვალიერების შემდეგ და მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიხვიდეთ ექიმთან.
წყარო: Arianna Cristiano / Dribble
გენიტალური აღგზნების მუდმივი დარღვევა
გენიტალური აღგზნების მუდმივი დარღვევა (PGAD) არის ხანგრძლივი აღგზნების შეგრძნება სექსუალური სტიმულაციის გარეშე და ის უფრო მეტად გავრცელებულია ქალებში.
გენიტალური აღგზნების მუდმივი დარღვევის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია კლიტორის ქავილი, თუმცა ახასიათებს სხვა სიმპტომებიც:
-
წვის შეგრძნება
-
პულსირებადი ტკივილი
-
ჩხვლეტის შეგრძნება
-
გაზრდილი ვაგინალური სისველე
-
შეკუმშვები ვაგინაში
-
ორგაზმი
სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რაიმდენიმე საათის, რამდენიმე კვირის და იშვიათად თვეების განმავლობაშიც კი.
გენიტალური ეგზემა
გენიტალური ეგზემა — კანის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ქავილსა და სიწითლეს — შეიძლება გამოვლინდეს როგორც ვულვაზე, ისე ანუსისა და დუნდულების მიმდებარედ. მისი სიმპტომებია:
-
ქავილი
-
წითელი გამონაყარი ან ლაქები კანზე
-
კანის დასკდომა
-
უხეში ან გამომშრალი კანი
-
ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება
გენიტალური ეგზემა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიამ ტანსაცმლის ნაჭერზე, დასაბან საშუალებებსა და მედიკამენტებზე.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)
კლიტორისა და გენიტალიების ქავილი შეიძლება გამოიწვიოს სგგი-ებმა. სგგი-ების სხვა განვრცელებული სიმპტომებია:
-
ტკივილი შარდვისას
-
შარდვის ხშირი მოთხოვნილება
-
უჩვეულო ვაგინალური გამონადენი ან სუნი
-
სიწითლე გენიტალიებზე
-
მუცლის ტკივილი
-
სისხლდენა ანალური ხვრელიდან
-
წყლულები პირის გარშემო
-
მეჭეჭები გენიტალიების გარშემო
მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას მიმართოთ ექიმს, რათა დაადგინოთ ამ სიმპტომის გაჩენის ზუსტი მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) — რა უნდა ვიცოდეთ?
ვულვის კიბო
კლიტორის ქავილი იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება რომ ვულვის კიბოს სიმპტომი იყოს. სხვა სიმპტომები დამოკიდებულია კიბოს გავრცელების ხარისხზე, თუმცა შესაძლოა, ასევე გამოვლინდეს:
-
ვულვის კანი განსხვავებულია, ვიდრე მიმდებარე არეების კანი — მაგალითად, უფრო მუქია.
-
ტკივილის ან წვის შეგრძნება
-
უჩვეულო ვაგინალური გამონადენი ან სისხლდენა
-
წყლულოვანი გამონაყარი, რომელიც არ ქრება
-
გამონაყარი ვულვაზე
კლიტორის ქავილის მკურნალობა
კლიტორის ქავილის მკურნალობის განსაზღვრა ხდება იმ მიზეზის დადგენის შემდეგ, რამაც გამოიწვია ქავილი.
თუკი ქავილი გამოიწვია სოკოვანმა ინფექციამ, მაშინ ექიმი დაგინიშნავთ სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ბაქტერიული ვაგინიზმის დროს ექიმები ნიშნავენ ანტიბიოტიკებს, ხოლო გენიტალური ეგზემის დროს ინიშნება სტეროიდის შემცველი კრემი.
წყარო: Deniz Gustav / Dribbble
სკლერო-ატროფიული ლიქენის დროს ექიმები სამკურნალოდ ნიშნავენ კრემს ან მალამოს. მკურნალობის ეს გზა ეფექტურია, რადგან კანი მშვიდდება და ქავილის შეგრძნებაც და მოთხოვნილებაც ქრება.
გამოსავალი არსებობს გენიტალური აღგზნების მუდმივი დარღვევისგანაც. ექიმები ასეთ შემთხვევაში მკურნალობის შემდეგ გზებს მიმართავენ:
-
მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები
-
ანტიდეპრესანტები
-
კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები
-
ელექტრო-კოლვულსიური თერაპია (ECT)
-
ოპერაცია, თუკი ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა ამგვარად გამოსწორებადია
ქავილისგან თავის დაღწევა შეგიძლიათ ტანსაცმლის, ან საცვლების ქსოვილის შეცვლით, რადგან შესაძლებელია, რომ კონკრეტულ ქსოვილზე ალერგია გქონდეთ. შეიძლება ისიც, რომ ქავილს იწვევდეს ლოდიონი, კრემი ან საპონი, ამიტომ თავის მოვლის საშუალებების არჩევის დროსაც სიფრთხილე გმართებთ.
თუკი ორსულად ხართ და კლიტორის ქავილი გაწუხებთ, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს და გაიგოთ ქავილის გამომწვევი მიზეზი. მსგავსი სახის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დანიშვნა თავიდან აგარიდებთ გართულებებს მშობიარობის დროს და დაიცავთ ნაყოფს.
გამოყენებული წყარო:
მთავარი სურათი: Dribbble / Slava Kahovsky