რა გახსენდებათ სიტყვა „რევოლუციაზე“?
► ალბათ პროტესტი, ხმაური, ხალხით გადაჭედილი ქუჩები და შედეგად — ფუნდამენტური ცვლილებები. ხოლო „სექსუალურ რევოლუციაზე“ ამერიკა, ქალების სექსუალური გათავისუფლების პროცესის დაწყება, საგანმანათლებლო სისტემის ძირეული გადატრიალება და, ზოგადად, სექსთან მიმართებით დამოკიდებულებების რადიკალური შეცვლა (სექსის ჰეტერონორმატიულობასთან ბრძოლა, მასტურბაციის ნორმალიზება, კონტრაცეფციისა და აბორტის ლეგალიზაცია და სხვა) უნდა გაგვახსენდეს.
ამ სტატიაში ქართულ, ჩუმ სექსუალურ რევოლუციაზე ვისაუბრებთ და, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ სექსუალური გათავისუფლების შთამბეჭდავ მიღწევებსა და ძირეულ ცვლილებებზე ვერ მოგიყვებით.
რა მოხდა საქართველოში?
ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ, ინტერნეტმა და საკუთარი ფიზიკური გარემოს გარეთ კომუნიკაციის შესაძლებლობამ საქართველოში ნელ-ნელა მოიტანა სექსის მიმართ დამოკიდებულების ცვლილება. გავრცელებული სტანდარტი, რომ ქალისთვის სექსი მხოლოდ გამრავლების ან ქმრისთვის სიამოვნების მინიჭების საშუალება უნდა იყოს, ახალგაზრდა ქალების ნაწილში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა ეს პროცესი დღემდე, ტაბუებისა და სტერეოტიპების ფონზე მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ არც სახელმწიფო და არც საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი ამას არ აღიარებს, ფაქტია, რომ საქართველოში ქალების ნაწილს აქვს სექსი ქორწინებამდე. ისიც ფაქტია, რომ ამ ქალების რიცხვი მატულობს.
ევროპასა და ამერიკაში ჯერ კიდევ 1966 წელს „აღმოაჩინეს“, რომ ქალი იმავენაირად იღებს სიამოვნებას სექსისგან, როგორც კაცი — აქვს სექსუალური სურვილები, გემოვნება და განიცდის ორგაზმს.
► თუმცა ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ამას დღემდე არ აღიარებს და ქალების სურვილს, სექსუალური გათავისუფლების მიმართ, გარყვნილების პროპაგანდად, რელიგიისა და ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლად მიიჩნევს.
წყარო: dribbble / Laura Sauchelli
სწორედ ამ ნარატივის შედეგია ის რეალობა, რომელშიც დღესდღეობით საქართველოში ქალები ცხოვრობენ.
შედარებისთვის, თუ ამერიკასა და ევროპაში სექსუალური რევოლუცია კონტრაცეფციისა და აბორტის ლეგალიზაციითა და საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებით დაიწყო, ქართული ამბავი საპირისპიროა:
ქალთა საჭიროებებისა და გამოწვევების სრული უგულებელყოფით სახელმწიფომ გოგოები და ქალები აბსოლუტურად მარტო დატოვა სექსუალურ-რეპროდუქციული უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და განათლების თვალსაზრისით. რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ ქალებს საკუთარი მძიმე გამოცდილებებით მოუხდათ ყველაფრის სწავლა მათი სხეულის, სექსუალობის, სექსისა და რეპროდუქციის შესახებ.
ქალების გამოწვევები ჩუმ სექსუალურ რევოლუციაში
როცა ქართულ სექსუალურ რევოლუციას „ჩუმს“ ვუწოდებთ, იმ ინფორმაციულ და საგანმანათლებლო ვაკუუმს ვგულისხმობთ, რომელიც სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით გატარებულმა სიჩუმის, პროცესის უგულებელყოფისა და ტაბუს დადების პოლიტიკამ შექმნა. საბოლოოდ კი, ამ პოლიტიკამ ქალები შემდეგი გამოწვევების წინაშე დააყენა:
ადრეული სექსი
მოზარდობის პერიოდში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას არაერთი არაჯანსაღი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთ-ერთი მათგანი კი ისაა, რომ გოგოებს ძალიან მწირი ან თითქმის არანაირი ინფორმაცია არ აქვთ საკუთარ სხეულზე და მისი განვითარების ეტაპებზე, შესაბამისად არც ჯანმრთელობის იმ რისკებზე, რომლებიც სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყებას შეიძლება მოჰყვეს. ამ კუთხით საგანმანათლებლო სისტემა არცერთ საბაზისო მოთხოვნას არ პასუხობს და ამას ემატება ისიც, რომ არცერთი სივრცე (ოჯახი, ნათესავები, სკოლა და ა.შ.) არ არის უსაფრთხო იმისთვის, რომ გოგოებმა ამ თემაზე ისაუბრონ, რჩევა ითხოვონ და გააზრებული, რაციონალური გადაწყვეტილება მიიღონ.
წყარო: dribbble / Zara Picken
აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდები მგრძნობიარეები და მოწყვლადები არიან. ამ ასაკის ბავშვები მარტივად ხდებიან მანიპულაციის, ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი. შესაბამისად, მათი „გადაწყვეტილება“ - ჰქონდეთ სექსი, ზოგჯერ სულაც არაა მათი და სწორედ მანიპულირებისა და შევიწროების შედეგადაა მიღებული. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი, როგორც მოზარდობის პერიოდში, ისე ზრდასრულ ასაკშიც, პოსტტრავმული გამოვლინებების ფორმით.
სქესობრივი ცხოვრების დაწყება გააზრებული, რაციონალური და ქალის სურვილზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უნდა იყოს, ხოლო ინფორმაციისა და საბაზისო სექსუალური განათლების გარეშე ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.
დაუცველი სექსი
საბაზისო სექსუალური განათლების გარეშე დარჩენილ თინეიჯერებს უსაფრთხო სექსზე ინფორმაცია ჭორებისა და მითების დონეზე აქვთ და ხშირად არ იციან, რა რისკების წინაშე აყენებთ დაუცველი სექსი.
წყარო: dribbble / MISS CHATZ
სწორედ ეს ხდება არასასურველი ორსულობის, სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისა და დაავადებების შემთხვევების მიზეზი, რასაც საზიანო და ტრავმული გავლენა აქვს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე.
აბორტი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აბორტის მრავალწლიანი პრაქტიკა გვაქვს და უფროსი თაობებისგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ ერთი ქალი საშუალოდ 10-15 აბორტს იკეთებდა, ეს თემა მაინც ტაბუდადებულია და მორალის ჭრილში განიხილება.
თუმცა ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან ამ პერიოდშიც აბორტის მიზეზი ისევ ინფორმაციისა და განათლების დეფიციტი იყო: ქორწინებაში დაცული სექსის არარსებობის ფონზე, ქალებს ხშირად ჰქონდათ არასასურველი ორსულობის შემთხვევები და აბორტის გადაწყვეტილებაც უფრო ხშირად მიიღებოდა.
წყარო: dribbble / Rokas Aleliunas
დღესდღეობით აბორტის გაკეთების გადაწყვეტილება ხშირად ხდება ქალის დარცხვენის, შეურაცხყოფისა და მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზი, როგორც საზოგადოების, ისე ექიმების მხრიდან. ეს დამოკიდებულება პირდაპირ მოქმედებს ქალების მენტალურ ჯანმრთელობაზე — ხშირად ისედაც ტრავმული გამოცდილება მოსალოდნელი უარყოფითი განწყობებისა და დანამუსების ფონზე უარესად მძიმდება და ქალებს ამ ტრავმასთან გამკლავება მარტოს, საიდუმლოდ უწევთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალებს აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეპატიებათ, თუ ნაყოფი მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ან გოგოა („გაეროს მოსახლეობის ფონდისა და მსოფლიო ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 1990-2010 წლებში საქართველოში 25 000 სელექციური აბორტი გაკეთდა. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კი, ეს რიცხვი 2050 წლისთვის 80 000-მდე გაიზრდება).
არასრულწლოვანების შემთხვევაში კი მიუხედავად იმისა, რომ კანონი აბორტის კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს, ხშირია შემთხვევები, როცა ექიმი ამას არ ითვალისწინებს და ამ სახის პირად ინფორმაციას მშობლებს უზიარებს. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა არასრულწლოვნებმა არც იციან, რომ 14-18 წლის ასაკში მშობლის თანხმობის ან მშობლისთვის გამხელის გარეშე შეუძლიათ ამ ტიპის მომსახურების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში.
ადრეული ქორწინება
ადრეული და დაუცველი სექსისა და აბორტის უფლებაზე ინფორმაციის არქონის გარდა ადრეული ქორწინების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: სიღარიბე, ქალიშვილობასთან დაკავშირებული სტანდარტები, ოჯახების „სარფიანი“ გარიგებები, ეთნიკურ-რელიგიური ტრადიციები და ა.შ. თუმცა თითოეულ მათგანს საფუძვლად ქალის სექსუალობის შეზღუდვის სურვილი უდევს.
წყარო: dribbble / PrstiPerje
სწორედ ამიტომ, ჩუმმა სექსუალურმა რევოლუციამ და განათლების კუთხით აუცილებელი ცვლილებების განუხორციელებლობამ პრობლემა, რომელიც ქალების ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება, ისევ გადაუჭრელი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო სისტემა არსებული რეალობის შეცვლის საშუალებას იძლევა, სახელმწიფო კანონის ქმედითობისთვის არაფერს აკეთებს.
გენიტალიების ნაწილობრივი ან სრული მოკვეთა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალის გენიტალიების — სასქესო ორგანოების — დასახიჩრების პრაქტიკაზე იშვიათად ან საერთოდ არ გვსმენია, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქალების სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საუბრისას.
წყარო: dribbble / Sophie Baier
კახეთში, ეთნიკურად ავარიელ მოსახლეობაში კლიტორის ნაწილობრივ მოკვეთა ტრადიციული რიტუალია და მიუხედავად იმისა, რომ ეს დასჯადი ქმედებაა, შესაბამისი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების გარეშე დიდია საფრთხე, რომ ამ პრაქტიკამ იატაკქვეშეთში გააგრძელოს არსებობა.
სექსუალური ძალადობა და შევიწროება
ჯანსაღი საზღვრებისა და თანხმობის გაცემისა და მიღების ფორმების ცოდნის გარეშე, გოგოებისა და ქალების ყოველდღიურობა სავსეა არასასურველი შეხების ვერბალური და ფიზიკური შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევებით.
წყარო: art-vibes
ხშირად ადრეულ ასაკში გოგოებს ამგვარი ქმედებების იდენტიფიცირება არ შეუძლიათ და ნორმალური ჰგონიათ. ზოგჯერ ხვდებიან, რომ ეს ნორმა არ არის და არ მოსწონთ, მაგრამ თავს იდანაშაულებენ ან მსხვერპლის დადანაშაულების გავრცელებული პრაქტიკის გამო, ასეთი ფაქტების შესახებ ვერავის უყვებიან.
გაუპატიურების კულტურა
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გაუპატიურების კულტურა გაცხადებულად არსებობს. ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ ქალის მოტაცება მიღებული ჩვეულება იყო, ხოლო იმის გამო, რომ სექსუალური განათლების კუთხით ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა წინ, დღესდღეობით ისევ იქმნება ოჯახები ადრეულ ასაკში. მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ქალის სრულწლოვანებამდე ოჯახი მალავს ასეთ შემთხვევებს, სახელმწიფო კი არაფერს აკეთებს ამ პრაქტიკის შესაცვლელად.
წყარო: Merkitys
გარდა ამისა, საქართველოში ნორმაა ფსიქოსოციალური და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების გაუპატიურება: ფსიქოსოციალური შეზღუდვის შემთხვევაში არსებობს წარმოდგენა, რომ „ქალი ვერ იაზრებს, რა მოხდა“, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის შემთხვევაში „მადლიერი უნდა იყოს, რომ მასთან სექსი ჰქონდათ“.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაუპატიურებას თავისი სახელი დაერქვა, ქალს დამატებით ბრძოლა უწევს ყველასთან სახელმწიფო და სადამსჯელო ორგანოებით დაწყებული, საზოგადოებით, ეკლესიითა და ოჯახით დამთავრებული.
შანტაჟი
საჯარო სივრცეში მომუშავე ქალების წინააღმდეგ სექსი და სექსუალობა ერთ-ერთი მთავარი იარაღია. უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შემთხვევებში საკმარისია პოლიტიკოსი ან სხვა პროფესიის ქალის ქორწინების გარეთ სექსუალური კავშირის შესახებ შევიტყოთ, რომ მისი საჯარო ფიგურა მაშინვე კვდება. ცნობილ (და ზოგადად) ქალებს არ „ეპატიებათ“ სექსი და ეს ერთ-ერთი მთავარი ბარიერია მათი პოლიტიკასა და სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში საქმიანობის წინააღმდეგ.
წყარო: dribbble / James Heimer
კიბერშევიწროვების, ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი არაერთი არასრულწლოვანი გოგოც გამხდარა. ხშირია შემთხვევები, როცა მუქარით, დაშინებით, ან მანიპულაციით კაცები გოგოებს შიშველი ფოტოების ან ვიდეოების გაგზავნაზე იყოლიებენ, შემდეგ კი ამ მასალით აშანტაჟებენ.
დარცხვენა და დაშინება
იმის გამო, რომ ქალების სექსუალური ცხოვრება ტაბუდადებული და დემორალიზებულია, ხშირია მათი სხვადასხვა კუთხით დარცხვენისა და დაშინების შემთხვევები. ქალებს არცხვენენ მაშინაც, როცა სექსი აქვთ და მაშინაც, როცა სექსზე უარს ამბობენ. აშინებენ შიშველი ფოტოების გავრცელებით, მათ სექსუალურ ცხოვრებაზე ინფორმაციის გასაჯაროებით და ა.შ.
წყარო: Fernanda Castro
ჩუმი სექსუალური რევოლუცია და ხმამაღალი ფემიციდი
საქართველოში ქალების გენდერული ნიშნით მკვლელობის — ფემიციდის — მაჩვენებელი შემაშფოთებლად მაღალია. მხოლოდ 2019 წელს ფემიციდის 19 შემთხვევა და ქალის მკვლელობის 22 მცდელობა დაფიქსირდა, ხოლო 2018 და 2017 წლებში 22 და 26 ფემიციდის შემთხვევა იყო.
წყარო: dribbble / Martina Sgorbati
შემთხვევების უმრავლესობა პარტნიორების, ქმრების ან ყოფილი ქმრებისგანაა ჩადენილი. ქალებს კლავენ ეჭვიანობის ნიადაგზე, განქორწინების შემდეგ ცხოვრების გაგრძელების სურვილის გამო და ა.შ. — ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისევ ქალის სექსუალობაა.
რა გაიგეს კაცებმა არასწორად?
მიუხედავად იმისა, რომ სექსიზმისა და მიზოგინიის რადიკალური ფორმები დროთა განმავლობაში ახალგაზრდებში თითქოს იცვლება, ის არსად გამქრალა — შეიცვალა მხოლოდ ფორმა და მოერგო თანამედროვე სამყაროს. დღესდღეობით ის, რომ ქალების ნაწილს თავისუფალი სექსუალური ცხოვრება აქვს, კაცების ნაწილის მხრიდან აღქმულია ისე, თითქოს ამ ქალებს უარის თქმის უფლება არ აქვთ, ან ერთი თანხმობა ავტომატურად ნიშნავს მეორეჯერაც თანხმობას. ამ რეალობის ფონზე, უარის თქმას დარცხვენა და სხვადასხვა გზით მანიპულირება მოჰყვება.
შედეგად, საზოგადოების თითქოს „განვითარებულ“ და „პროგრესულ“ ნაწილში სექსუალური შევიწროება და ძალადობა ინტიმური ურთიერთობების ერთგვარ სტანდარტად იქცა.
წყარო: dribbble / Cristian Pintos
კაცების მხრიდან ჯანსაღი საზღვრების არცნობისა და უარის მიუღებლობის შედეგად, შევიწროებისა და ძალადობის მძიმე გამოცდილებებზე გაიზარდა თაობა ქალებისა, რომლებიც ახლა საკუთარი ძალებით ცდილობენ, გოგოებს თავიდან აარიდონ იგივე ტრავმები.
ბოლო დროს Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში ქალები ერთმანეთს ამ ტიპის გამოცდილებებს უზიარებენ - ასახელებენ მოძალადეს ან შემვიწროებელს და ინფორმაციის გავრცელებით იცავენ მათ, ვისაც ჯერ მსგავსი გამოცდილებები არ ჰქონიათ.
იმ ქალებმა, ვისაც სექსუალური ძალადობა და შევიწროება გამოუცდიათ, კარგად იციან, რამდენად მძიმედ მოქმედებს ამ ტიპის მანიპულაციები ქალის თავდაჯერებულობაზე, თავისუფლებასა და მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, მსგავსი გაერთიანებები და მსხვერპლების შემდგომი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
რა უნდა შეიცვალოს?
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები მხოლოდ ზოგადი მიმოხილვაა იმ კომპლექსური რეალობის, რომელშიც დღეს ქალები ცხოვრობენ და რომელიც ბევრი, ძალიან მძიმე და რთული, პრობლემითაა სავსე.
თუმცა ეს ზოგადი მიმოხილვაც ცხადყოფს, რომ ქალების სექსუალობასთან და სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან მიმართებით ძირეული ცვლილებებია გასატარებელი, როგორც საკანონმდებლო, ისე საგანმანათლებლო და ინფორმაციული თვალსაზრისით.
წყარო: dribbble / Radostina Georgieva
ერთადერთი, რაც ვერ და არ შეიცვლება, ქალების სექსუალური გათავისუფლების პროცესია, რადგან ის გარდაუვალია და სახელმწიფოსა და საზოგადოებას, ადრე თუ გვიან, ამ რეალობასთან შეგუება მოუწევს. მართლაც, ცხადად ჩანს, რომ ქალების სექსუალური თავისუფლების წინააღმდეგ მრავალწლიანმა ბრძოლამ ვერც ერთ საზოგადოებაში ვერ მოიტანა ის შედეგი, რაც მიზნად ჰქონდა - ქალებში საკუთარი სხეულის ფლობისა და თავისუფლების სურვილი ვერ გააქრო. ერთადერთი შედეგი, რაც სექსისგან თავშეკავებისა და მისი დემონიზაციის პოლიტიკას აქვს ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ყოველდღიურად ჩაგდებაა.
იმისათვის, რომ ეს საფრთხეები შემცირდეს, აუცილებელია:
♦ სექსუალური განათლება სკოლებში და მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა უსაფრთხო სექსი, კონტრაცეფცია, რეპროდუქცია და, ზოგადად, უსაფრთხოება;
♦ კანონის გამკაცრება იმ სამედიცინო მუშაკების მიმართ, რომლებიც მოზარდის პირადი ცხოვრებისა და სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეტალებს მშობლებსა თუ კანონიერ მეურვეებს მოზარდის თანხმობის გარეშე უზიარებენ;
♦ სამედიცინო მუშაკების გადამზადება ისეთ ეთიკურ და პროფესიულ საკითხებში, როგორიცაა: არაპენეტრაციული სექსი და მისგან გადამდები სგგი-ები, ლესბოსელი ქალების სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, არასრულწლოვნებთან საუბრისა და ურთიერთობის ნორმები და სხვ.;
♦ ადრეულ ქორწინებასთან, ქალის გენიტალიების მოკვეთასთან და ძალადობასა და შევიწროებასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის ქმედითობა და რეალური აღსრულება;
♦ გაუპატიურებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მორგება ქალების საჭიროებებზე, ასევე საგანმანათლებლო და ინფორმაციული კამპანიების განხორციელება ამ თემასთან დაკავშირებით;
♦ სხვადასხვა ტიპის დაშინებისა და შანტაჟის ფორმებზე მკაცრი რეაგირება და ქმედითი კანონმდებლობა.
♦ ფემიციდისთვის თავისი სახელის დარქმევა და ამ ტიპის დანაშაულების გენდერულ ჭრილში გამოძიება და გააზრება.
იმისათვის, რომ ამ ტიპის ცვლილებები განხორციელდეს, სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად საზოგადოებრივი აზრის ცვლილებაც აუცილებელია. ამ ცვლილებებისთვის კი ერთი, მთავარი არჩევანია გასაკეთებელი — გაგრძელდება ჩუმი სექსუალური რევოლუცია ქალების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარჯზე თუ მივცემთ ქალებს საშუალებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სხეულთან მიმართებით და ეს გადაწყვეტილებები მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას საფრთხეს არ უქმნიდეს?
მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea