Facebook Script

სასმელში ნარკოტიკის გარევა, ე.წ. „სფაიქინგი“ — როგორ დავიცვათ თავი ბარებსა და კლუბებში?

ე.წ. „სფაიქინგი“ (ინგლ. Spiking) ეწოდება შემთხვევას, როდესაც ვინმე ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებას ურევს სხვის სასმელში (ან შეჰყავს პირდაპირ სხეულში) იმ ადამიანის ცოდნისა და/ან თანხმობის გარეშე.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც შეიძლება ვინმემ ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით გააბრუოს სხვა ადამიანი. ეს შეიძლება იყოს „ხუმრობისთვის“ ან იმისთვის, რომ გამარტივდეს მასზე ძალადობა — განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობა — მათ შორის:

  • გაუპატიურება ან სექსუალური შევიწროება

  • არაინტიმური ფიზიკური ძალადობა

  • ქურდობა

განურჩევლად მოტივისა, „სფაიქინგი“ არასდროსაა სახუმარო რამ. მან შეიძლება ადამიანი უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში ჩააგდოს ან ცუდად გახადოს, რასაც შეიძლება ხანგრძლივი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მის ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ ხდება „სფაიქინგი“ და როგორ დავიცვათ მისგან თავი, ასევე გაგიზიარებთ ორგანიზაცია „მანდალასრჩევებს „სფაიქინგთან“ დაკავშირებით.

► დაიმახსოვრეთ

► ვინმეს გაბრუება მასზე სექსუალური ძალადობის ჩასადენად სერიოზული დანაშაულია — განურჩევლად იმისა, მოხდა თუ არა რაიმე ფორმის სქესობრივი კავშირი.

► არ აქვს მნიშვნელობა, რა ეცვა მსხვერპლს ან რას აკეთებდა ის. არც იმას აქვს მნიშვნელობა, სვამდა თუ არა ის ალკოჰოლს ან მიღებული ჰქონდა თუ არა რაიმე ნარკოტიკული ნივთიერება, არც მიღებული ალკოჰოლისა და ნარკოტიკის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა — თანხმობის გარეშე ვინმესთვის სასმელში მათრობელა ნივთიერების გარევა და გაბრუება ძალადობაა.

► არავინ იმსახურებს ან ითხოვს, რომ მასზე იძალადონ რაიმე ფორმით, მათ შორის „სფაიქინგით“. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა მოძალადეს ეკისრება.

რას ნიშნავს „პაემანზე გაუპატიურების ნარკოტიკი“? 

ე.წ. „პაემანზე გაუპატიურება“ (ინგლ. Date rape) ნიშნავს გაუპატიურებას ან რამე სხვა ფორმით სექსუალურ ძალადობას მას შემდეგ, რაც ადამიანი ნარკოტიკით ან ალკოჰოლით გააბრუეს მისი თანხმობის გარეშე.

ტერმინი „პაემანზე გაუპატიურება“ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მოძალადეები ხშირად თავიანთ მსხვერპლს პაემანზე ყოფნისას ან კლუბებში, ბარებსა თუ სხვადასხვა სივრცეში ღამით გასართობად გამოსულებს აბრუებენ.

თუმცა, „სფაიქინგი“ და სექსუალური ძალადობა შეიძლება უცნობმა ადამიანმაც ჩაიდინოს ან ისეთმა, რომელსაც მსხვერპლი მანამდე სხვანაირად იცნობდა. მაგალითად:

  • ყოფილმა პარტნიორმა

  • შორეულმა ნაცნობმა

  • მეგობარმა

  • კოლეგამ

  • ნათესავმა

► „პაემანზე გაუპატიურება“ არ არის სამართლებრივი ტერმინი. გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ყველა ფორმა დანაშაულია და მკაცრად ისჯება.

უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე ძალადობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა.

► იხილეთ აგრეთვე: ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გავრცელებული ფორმები

როგორ ხდება „სფაიქინგი“?

„სფაიქინგის“ ყველაზე ხშირი შემთხვევაა, როდესაც ვინმეს არაალკოჰოლურ სასმელში ალკოჰოლს უმატებენ, ან ალკოჰოლურ სასმელში ადამიანს დამატებით ალკოჰოლს უსხამენ მისი ცოდნისა და თანხმობის გარეშე.

თუმცა, ზოგჯერ მოძალადემ შეიძლება სასმელში გაურიოს ნარკოტიკები ან სხვა ნივთიერება, ან რამე სხვა გზით შეიყვანოს ის მსხვერპლის სხეულში. მაგალითად, მოძალადემ შეიძლება:

  • მისცეს ადამიანს ნარკოტიკი ან პრეპარატი, მაგრამ მოატყუოს დოზირება ან საერთოდაც ნივთიერების სახელი;

  • ინიექციის სახით შეიყვანოს ის სხვის სხეულში.

► გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე გზაა, რომლითაც შეიძლება გააბრუონ ადამიანი მისი თანხმობის გარეშე, და არა — სრული სია.

ის ნივთიერებები, რომლებსაც მოძალადე გასაბრუებლად იყენებს:

  • შეიძლება ადამიანს ფიზიკურად ასუსტებდეს, „კონტროლის“ უნარს უქვეითებდეს ან, სულაც, გონებას აკარგვინებდეს;

  • შეიძლება იყოს უსუნო, უფერო და გემოს არმქონე — ამიტომაც რთულია იმის მიხვედრა, გაურიეს თუ არა რამე სასმელში;

  • მალევე ტოვებენ სხეულს, რის გამოც მათი აღმოჩენა რთულია;

  • შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების დაკარგვა, შესაბამისად, ძალადობაგამოვლილ ადამიანს შეიძლება არ ახსოვდეს, ზუსტად რა დაემართა ან ვინ იძალადა მასზე.

„ამ მიზნით რამდენიმე სხვადასხვა სუბსტანცია შეიძლება იყოს გამოყენებული: როგორც არალეგალური ნარკოტიკი, ასევე ფსიქოტროპული წამლების კონკრეტული ნაირსახეობაც. მათ აერთიანებთ ის, რომ მიმღებს ადუნებს, გონებას უბინდავს, მოკლევადიან მეხსიერებას უქვეითებს ან/და ფიზიკურად ასუსტებს“ — მანდალა.

რა ხდება, როდესაც ვინმეს სასმელში ნარკოტიკს ურევენ?

„სფაიქინგით“ გაბრუების ეფექტი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • რა ნივთიერება გამოიყენა მოძალადემ;

  • რამდენად დიდი რაოდენობით გამოიყენა;

  • ჰქონდა თუ არა მსხვერპლს უკვე მიღებული ალკოჰოლი ან ნარკოტიკული საშუალებები და რა რაოდენობით;

  • როგორია მსხვერპლის სხეულის ზომა და წონა;

როგორც უკვე ვთქვით, ე.წ. „გაუპატიურების ნარკოტიკები“ ადამიანს ასუსტებს, „კონტროლის“ უნარს უქვეითებს ან გონებას აკარგვინებს. „სფაიქინგის“ სხვა სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს:

  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება

  • სწრაფი და უეცარი თრობა, რომელიც მიღებული ალკოჰოლის არაპროპორციულია

  • დაბნეულობა ან დეზორიენტაცია — როდესაც ვერ ხვდებით, რა ხდება თქვენ გარშემო და სად ხართ

  • ძილის მოზღვავება

  • მხედველობის გაბუნდოვნება, შენელება ან ნორმალურად დანახვის შეუძლებლობა

  • წონასწორობის დაკარგვა, მოძრაობის გართულება ან სხეულის პარალიზება

  • ლაპარაკის გართულება

  • ჰალუცინაციები

  • ხარვეზული მეხსიერება

  • უცნაური ან ისეთი ქმედებების ჩადენა, რომლებიც თქვენთვის არ არის დამახასიათებელი

ეს სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს „სფაიქინგიდან“ 15 წუთის ინტერვალში — დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნივთიერებით სცადა მოძალადემ თქვენი გაბრუება. სიმპტომები შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში შენარჩუნდეს.

წყარო: QMSU

როგორ დავეხმაროთ ვინმეს, ვინც გვგონია, რომ „სფაიქინგის“ მსხვერპლი გახდა?

იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ნარკოტიკით გააბრუეს ან ამის ეჭვი გაქვთ, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ მასთან ყოველთვის დარჩეს ვინმე სანდო ადამიანი, სანამ ის უსაფრთხოდ მივა სახლში და — თუკი შესაძლებელია — სიმპტომები არ გაუქრება.

► გაითვალისწინეთ, რომ გაბრუებული ადამიანის დახმარება შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით თუ ის თავად არ გისმენთ ან უარს ამბობს დახმარებაზე. მიუხედავად ამისა, ეცადეთ, არ დატოვოთ ის მარტო და უყურადღებოდ.

თუკი გაბრუებული ადამიანის სიმპტომები სერიოზული ჩანს და გგონიათ, რომ მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება, აუცილებლად დარეკეთ 112-ზე.

„საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახეთ სასწრაფო, თუმცა თავი აარიდეთ პოლიციასთან ინტენსიურ ჩართულობას — ეს საკმაოდ დიდი დამატებითი სტრესის წყარია მსხვერპლისთვის, მას შეიძლება არანაირი სურვილი და ძალა არ ჰქონდეს პოლიციასთან რამდენიმესაათიანი კომუნიკაციისთვის“ — მანდალა.

კიდევ რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ:

  • ეცადეთ, გაბრუებულმა ადამიანმა დამატებით აღარ მიიღოს ალკოჰოლი ან ნარკოტიკები;

  • ეცადეთ, არ გაუშვათ ეს ადამიანი სახლში ისეთ ადამიანთან ერთად, რომელსაც არ იცნობთ ან არ ენდობით;

  • თუკი ამ ადამიანს კარგად ან საერთოდ არ იცნობთ, ეცადეთ, იპოვოთ მისი მეგობრები ან ადამიანები, რომლებთან ერთადაც ის მოვიდა;

  • თუკი შემთხვევა ბარში, კლუბში ან სხვა დაწესებულებაში მოხდა, მიმართეთ დაწესებულების თანამშრომლებს.

  • „ამ დროს უმჯობესია მოუხმოთ პოტენციური მსხვერპლის მეგობარს ან სანდო პირს, რათა არ გავაუარესოთ მისი მენტალური მდგომარეობა. თუ მსგავსი ვერავინ იპოვეთ, მოუხმეთ თანამშრომლებს, დაცვის ან „მანდალას“ წევრს, რომელიც პოტენციური მსხვერპლის სქესისაა — ეს დეტალი მნიშვნელოვანია სექსუალური ძალადობის შემთხვევებში.

  • გადაიყვანეთ ის მშვიდ, უსაფრთხო გარემოში (მაგალითად, ეზოში, თანამშრომლების ოთახში და ა.შ.) და დააკვირდით მის ქცევას. „სფაიქინგის“ მსხვერპლის ამოცნობა გარე პირისთვის შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან ეს მდგომარეობა ხშირად მძიმე თრობას ჰგავს.

  • დააკვირდით მის რეფლექსებს და შეამოწმეთ, რეაგირებს თუ არა ის თქვენს ნათქვამზე და ქცევაზე“ — მანდალა.

რა არის თანხმობა?

რაღაცაზე თანხმობა ნიშნავს საკუთარი სურვილით დათანხმებას იმ პირობებში, როდესაც ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო თავისუფლება (მაგალითად, არ გრძნობ თავს ვალდებულად) და უნარი (მაგალითად, ხარ ფხიზელი) გაქვს.

ადამიანს არ შეუძლია, თანხმობა განაცხადოს ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მიღებაზე, თუკი:

  • მან არ იცის, რომ ალკოჰოლი ან ნარკოტიკი გაურიეს მის სასმელში ან ის რაიმე სხვა ფორმით შეიყვანეს მის სხეულში;

  • მას ატყუებენ, აშინებენ, მასზე ზეწოლას ახდენენ ან მისით მანიპულირებენ.

გარდა ამისა, თანხმობა გაცემული არ არის იმ შემთხვევაშიც, თუკი ადამიანი დაგთანხმდათ რაღაც ერთი ტიპის ნივთიერების/სასმლის მიღებაზე, თქვენ კი მას რაღაც სხვა მიეცით ან მიეცით სხვა დოზით.

თანხმობა სექსუალურ აქტივობაზე

როგორც ვიხილეთ, „სფაიქინგი“ შეიძლება მოძალადემ გამოიყენოს იმისთვის, რომ უფრო გამარტივდეს ადამიანზე რაიმე ფორმით სექსუალური ძალადობა. ნებისმიერი ტიპის სექსუალურ აქტივობაზე თანხმობა გულისხმობს მასზე საკუთარი სურვილით დათანხმებას, როდესაც ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო თავისუფლება და უნარი გაქვს. ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით გაბრუება ადამიანს სექსუალურ აქტივობაზე დათანხმებისთვის საჭირო თავისუფლებასა და უნარს ართმევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: თუკი ვინმე „დაასფაიქეს“, მას არ შეუძლია არცერთი ფორმის სექსუალურ აქტივობაზე თანხმობის გამოცხადება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, გაუპატიურება — პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით — ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, ხოლო თუ ამას დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, სასჯელი იზრდება რვიდან ათ წლამდე.

► სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობა „თანხმობას“ არ აღიარებს და გაუპატიურებულ ქალებს აიძულებს, იყვნენ ნაცემებიც — თუკი ისინი არ გაუწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას მოძალადეს თავიანთი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების სანაცვლოდ, გაუპატიურება დაუსჯელი რჩება.

► აუცილებელია, ზუსტად გვესმოდეს თანხმობის არსი, მისი მნიშვნელობა, ვხვდებოდეთ, რამდენად უსამართლოა კანონი ძალადობაგამოვლილი ქალების მიმართ, და ერთად მოვითხოვოთ კანონის ცვლილება.

► იხილეთ აგრეთვე: თანხმობა და სექსი — ზუსტად რას ნიშნავს გაუპატიურება?

„სფაიქინგი“ საქართველოში

„რთული სათქმელია, რამდენად ხშირია „სფაიქინგის“ ფაქტები ქართულ კლუბებში, რადგან ნებისმიერი ტიპის ძალადობის მსხვერპლისთვის ძალიან რთულია საკუთარ გამოცდილებაზე ლაპარაკი და დახმარების თხოვნა. ამის გამო მსგავსი შემთხვევების უდიდესი ნაწილი არ ხმაურდება. ჩვენამდე ბოლო თვეებში დაახლოებით 10 შემთხვევის ხმა მოვიდა, თუმცა აქედან მხოლოდ რამდენიმეა დადასტურებული, ვინაიდან მსგავსი ძალადობის დამტკიცება დღევანდელ იურიდიულ სამყაროში საკმაოდ რთულია“. — მანდალა.

როგორ დავიცვათ თავი „გაუპატიურების ნარკოტიკებისგან“?

უსაფრთხოებაზე ზრუნვა იმას არ გულისხმობს, რომ გართობა უნდა მოიკლოთ — უბრალოდ, საჭიროა გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღება, როდესაც საქმე იმას ეხება, თუ რას სვამთ:

  • არ გამოართვათ სასმელი სხვა ადამიანებს;

  • თავად გახსენით ნებისმიერი სათავსო, რომლიდანაც რაიმეს მიღებას აპირებთ;

  • თვალი ადევნეთ ბართან თქვენი სასმლის ჩამოსხმის პროცესს, ეს სასმელი თავად გამოართვით ბარმენს და თქვენვე ატარეთ;

  • თუკი საპირფარეშოში ან ტუალეტში გიწევთ გასვლა, თან წაიღეთ თქვენი სასმელი. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, დაუტოვეთ ის მეგობარს, რომელსაც ენდობით;

  • არ დალიოთ არაფერი, რასაც უჩვეულო სუნი, გემო ან ბუშტუკები აქვს;

  • თუკი სასმელი უყურადღებოდ დაგრჩათ, გადააქციეთ;

  • თუკი ამჩნევთ, რომ ზედმეტად სწრაფად დაგეწყოთ თრობა მას შემდეგ, რაც მხოლოდ მცირე რაოდენობის ალკოჰოლი მიიღეთ (ან საერთოდ არ მიგიღიათ), აუცილებლად, მყისიერად მიმართეთ სხვებს დახმარებისთვის;

  • „შეეცადეთ არ დარჩეთ მარტო, ყოველთვის იყავით მეგობრის ან ნაცნობის სიახლოვეში;
  • ნუ მიიღებთ უცხო ადამიანისგან შემოთავაზებულ სასმელს ან ნარკოტიკს;
  • ყოველთვის იყავით ყურადღებით თქვენს სასმელ ჭურჭელთან (ყველაფერი შეიძლება მოხდეს თვალის ერთ დახამხამებაში)
  • გამოეცალეთ იმ გარემოს, სადაც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ
  • თუ ამჩნევთ, რომ მოსალოდნელზე უფრო მეტად არაფხიზლად ხართ — იპოვეთ საჯარო და უსაფრთხო ადგილი და დასახმარებლად მოუხმეთ დაცვას/თანამშრომელს ან დარეკეთ 112-ზე“ — მანდალა

გახსოვდეთ, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლმა ასევე შეიძლება ჩაგაგდოთ უგონო მდგომარეობაში და საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა დაგიქვეითოთ. გაუპატიურების ნარკოტიკების სიმპტომების ამოცნობა და არაფხიზელი მეგობრებისთვის თვალის დევნება ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოდ გართობისთვის.

თუკი ფიქრობთ, რომ პაემანზე გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხართ, აუცილებლად და სწრაფად მიიღეთ საჭირო სამედიცინო დახმარება. წასვლამდე არ იბანაოთ და არ გამოიცვალოთ ტანსაცმელი, რათა საავადმყოფომ მოახერხოს მტკიცებულებების შეგროვება.

► თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით ვინმეს შესახებ, ვინც ძალადობის მსხვერპლია, აუცილებლად დაუკავშირდით:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;

  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას („საია“)— 0322 93 61 01

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Tribune

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, შევიწროება, ჰარასმენთი, ფორმები, ამოცნობა, გამკლავება, კანონი, ძალადობა, სექსი, თანხმობა

რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ ამოვიცნოთ ის? სექსუალური თანხმობა და მისი მნიშვნელობა, შევიწროებაზე რეაგირება. როგორ მოვიქცეთ, თუკი მარტო ვართ?

ჩემი უსაფრთხოება
ძალადობა, ქალთა მიმართ, ქალები, ქალებზე, გაუპატიურება, სექსუალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, dzaladoba, qalebi, gaupatiureba, seqsualuri, fizikuri, fsiqologiuri, ekonomikuri

ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გავრცელებული ფორმები

ქალებზე ძალადობა და მისი ფორმები — ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა (გაუპატიურება, შევიწროება)

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

სასმელში ნარკოტიკის გარევა, ე.წ. „სფაიქინგი“ — როგორ დავიცვათ თავი ბარებსა და კლუბებში?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია