Facebook Script

კვებითი აშლილობები — ტიპები, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები

საკვები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ასაზრდოებს ჩვენს სხეულს და გვაძლევს საჭირო ენერგიას. მაგრამ ზოგჯერ ის, რასაც ჩვენთვის სასიცოცხლო ენერგია უნდა მოეცა, მას გვართმევს.

კვებითი აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემაა, რომლის დროსაც უარყოფით ემოციებთან გასამკლავებლად ადამიანი საკვებს იყენებს და კვების არაჯანსაღ ჩვევებს გამოიმუშავებს.

► კვებითი აშლილობები მსოფლიოს მოსახლეობის 9%-ს აწუხებს, ყველაზე ხშირად კი ქალებს, მოზარდებსა და LGBTQ+ ადამიანებს. ბევრს ჰგონია, რომ კვებითი აშლილობა ზედმეტ სიგამხდრესთანაა დაკავშირებული, თუმცა, რეალურად, კვებითი აშლილობის მქონე ხალხის მხოლოდ 6%-ია მეტისმეტად გამხდრების კატეგორიაში.

კვებითი აშლილობები ძალიან სახიფათოა და აჩენს როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ პრობლემებს. მეტიც, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს შორის კვებით აშლილობებს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს.

ხშირად სჯერათ, რომ კვებითი აშლილობის მქონე ადამიანები საკვების რაოდენობას იზღუდავენ, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. კვებითი აშლილობის მახასიათებლებს შორისაა ასევე: მუდმივად წონაზე დარდი, უკონტროლო ჭამა, ემოციების საპასუხოდ ჭამა, გულისრევამდე ან ღებინებამდე ჭამა, საფაღარათო საშუალებების მიღება ან განზრახ ღებინება, ზედმეტი ვარჯიში ჭამის გამო საკუთარი თავის დასასჯელად და კვების რაციონიდან საკვების მთელი ჯგუფების ამოღება სამედიცინო საჭიროების გარეშე.

კვებითი აშლილობების ტიპები

კვებითი აშლილობები ბევრი სხვადასხვა ფორმის არსებობს და თითოეულ მათგანს მისი განმსაზღვრელი მახასიათებლები და დიაგნოსტირების კრიტერიუმები აქვს. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის ოფიციალური უწყების, DSM-5-ის, მიხედვით, კვებითი აშლილობების ტიპებს შორისაა:

უკონტროლო კვების აშლილობა

უკონტროლო კვების აშლილობა (ე.წ. „ბინჯ-ითინგი“; ინგლ. Binge eating disorder; შემოკლებით BED) ყველაზე ბოლოს აღმოჩენილი კვებითი აშლილობაა, რომელიც ამავდროულად ყველაზე ხშირიცაა. მას ახასიათებს უკონტროლო ჭამის — რაც გულისხმობს დიდი რაოდენობით საკვების ერთიანად მიღებას, რასაც თან ახლავს კონტროლის დაკარგვის შეგრძნება — განმეორებითი ეპიზოდები. ის განსაკუთრებით ხშირია უფრო დიდი ზომის სხეულის მქონე ადამიანებში. BED-ის გაჩენასა და მკურნალობაში, როგორც წესი, ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია სტიგმა წონის გარშემო — საზოგადოების მხრიდან ჭარბწონიანი ან სიმსუქნის მქონე ხალხის მიუღებლობა.

ნერვული ბულიმია

ნერვული ბულიმია (იგივე „ბულიმია ნერვოზა“; Bulimia Nervosa; შემოკლებით BN) გულისხმობს უკონტროლო ჭამის განმეორებით ეპიზოდებს, რომლებსაც მოსდევს საკომპენსაციო ქცევები, რომლებიც მიღებული კალორიების ანაზღაურებას ისახავს მიზნად. ამ ქცევების სიაშია ღებინება, მარხვა, შიმშილობა, ზედმეტი ვარჯიში და საფაღარათო საშუალებების გამოყენება.

ნერვული ანორექსია

ნერვულ ანორექსიას (იგივე „ანორექსია ნერვოზა“; Anorexia Nervosa; შემოკლებით AN) ახასიათებს საკვების შეზღუდული რაოდენობით მიღება, რომელსაც მოსდევს მოსალოდნელზე დაბალი სხეულის წონა, წონის მატების შიში და საკუთარი სხეულის აღქმის დარღვევა. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ნერვული ანორექსია დიდი ზომის სხეულის მქონე ინდივიდებშიც შეიძლება გამოვლინდეს. მიუხედავად იმისა, რომ ანორექსია ყველაზე ცნობილი კვებითი აშლილობაა, ის, რეალურად, ყველაზე იშვიათია.

წყარო: The New York Times

შერჩევითი კვების აშლილობა (ARFID)

შერჩევითი კვების აშლილობა, იგივე საკვების არიდების/შეზღუდვის აშლილობა (ინგლ. Avoidant/restrictive food intake disorder; შემოკლებით ARFID), არის კვებითი აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი იზღუდავს საკვების მიღებას, თუმცა ამას თან არ ახლავს ნერვული ანორექსიისთვის დამახასიათებელი სხეულის აღქმის დარღვევა. ის შესაბამისი საკვები ნივთიერებებისა და ენერგიის საჭიროების დაუკმაყოფილებლობის სახით ვლინდება.

სხვა სპეციფიკური კვებითი აშლილობა

სხვა სპეციფიკური კვებითი აშლილობა (ინგლ. Other specified feeding and eating disorder; შემოკლებით OSFED) არის გამაერთიანებელი კატეგორია და ბევრ სხვადასხვა ისეთ კვებით პრობლემას მოიცავს, რომლებიც შემაწუხებელი ან საზიანოა, მაგრამ რომლებიც არ აკმაყოფილებს ნერვული ანორექსიის, ბულიმიის ან უკონტროლო კვების აშლილობის სპეციფიკურ კრიტერიუმებს.

OSFED-ის მქონე ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ დახმარებას არ იმსახურებენ, თუმცა ეს ასე არ არის. OSFED შეიძლება ისეთივე სერიოზული იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა კვებითი აშლილობა, და სუბკლინიკურ კვებით აშლილობებსაც მოიცავდეს — ისეთს, რომელიც საკმარისად სერიოზული არაა საიმისოდ, რომ განსაზღვრული და მარტივად შესამჩნევი სიმპტომები ჰქონდეს.

კვლევა აჩვენებს, რომ სუბკლინიკური კვებითი აშლილობების მქონე ბევრ ადამიანს სრულყოფილი კვებითი აშლილობები უყალიბდება. სუბკლინიკური კვებითი აშლილობები ასევე შეიძლება აღწერდეს იმ ფაზას, რომელსაც კვებითი აშლილობის მკურნალობისას ბევრი ადამიანი გადის საბოლოო გამოჯანმრთელებამდე.

ნერვული ორთორექსია

ნერვული ორთორექსია (იგივე „ორთორექსია ნერვოზა“; Orthorexia Nervosa) ოფიციალური კვებითი აშლილობა არაა DSM-5-ში, თუმცა ბოლო დროს მან დიდი ყურადღება მიიქცია. ორთორექსია განსხვავდება სხვა კვებითი აშლილობებისგან იმ მხრივ, რომ მის შემთხვევაში არაჯანსაღი ობსესია წონის დაკარგვის სურვილით არაა განპირობებული. მის დროს მთავარი ყურადღება მახვილდება არა საკვების რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. ნერვული ორთორექსია არის ჯანსაღი საკვების არაჯანსაღი ობსესია და გულისხმობს ჯანსაღი კვების იმ დონეზე აკვიატებას, რომ ადამიანს ჯანმრთელობის, სოციალური და პროფესიული პრობლემები ექმნება.

სხვა კვებითი აშლილობები

ზემოთ ჩამოთვლილებთან ერთად, კვებით აშლილობებში შედის ასევე:

  • ღამით ჭამის სინდრომი (ინგლ. Night eating syndrome) — ზედმეტი ჭამა ღამით, ძილის პრობლემებთან ერთად;

  • პიკა (ინგლ. Pica), იგივე პიკაციზმი, ალოტრიოფაგია ან გაუკუღმართებული გემოვნება — საკვებად გამოუსადეგარი ან ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების ჭამისკენ მიდრეკილება;

  • გაფაღარათების აშლილობა (ინგლ. Purging disorder) — კვებითი აშლილობა, რომელსაც ახასიათებს განზრახ ღებინება, საფაღარათო და შარდმდენი საშუალებების ან ოყნის გამოყენება სხეულიდან საკვების ძალით გამოდევნის მიზნით

  • რუმინაციის დარღვევა (ინგლ. Rumination disorder), იგივე მერიციზმი — იშვიათი ქრონიკული მეტაბოლური დარღვევა, რომლის დროსაც მუცლის კუნთების უნებლიე შეკუმშვის გამო უნებურად ხდება მიღებული საკვების მონელება. ეს დარღვევა დიდწილად ჩვილებში, პატარა ბავშვებსა და კოგნიტიური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში დაფიქსირებულა.

კვებითი აშლილობების სიმპტომები

მართალია, სხვადასხვა კვებითი აშლილობის სიმპტომები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება ყურადღების მიქცევის საჭიროებაზე მიანიშნებდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუკი თქვენი ფიქრები და/ან ქცევები ჭამასთან, წონასთან ან სხეულის აღქმასთან დაკავშირებით შემაწუხებელია და ყოველდღიურ ფუნქციონირებაში გიშლით ხელს, დროა, დახმარებას მიმართოთ. ყურადსაღებ სიმპტომებს შორისაა:

  • დიეტური შეზღუდვები

  • სხვების თვალწინ ჭამაზე უარის თქმა

  • კალორიების ობსესიურად თვლა

  • სირცხვილის გრძნობა ჭამის შემდეგ

  • წონის ხშირი ცვლილება ან ზედმეტი სიგამხდრე

  • საკუთარი სხეულის უარყოფითად აღქმა

  • უკონტროლო ჭამა

  • ზედმეტი ვარჯიში

  • განზრახ ღებინება ან საფაღარათო საშუალებების გამოყენება

  • ზედმეტად ბევრი ფიქრი საჭმელზე, სხეულის აღქმასა და წონაზე

  • გუნება-განწყობის ცვლილებები, სხვა მენტალური პრობლემები (შფოთვა, დეპრესია, პოსტ-ტრავმული სტრესი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და ა.შ.)

► ხშირია შემთხვევები, როდესაც კვებითი აშლილობის, განსაკუთრებით ანორექსიის, მქონე ადამიანებს არ სჯერათ, რომ ავად არიან. ამ მოვლენას ანოსოგნოზია ეწოდება.

გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

კვებით აშლილობებს ხშირად მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ახლავს, ყველაზე მეტად კი შფოთვითი აშლილობები, მათ შორის:

  • სხეულის დისმორფული აშლილობა (BDD)

  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (GAD)

  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD)

  • სოციალური შფოთვითი აშლილობა (SAD)

შფოთვითი აშლილობები, როგორც წესი, წინ უსწრებს კვებით აშლილობს. ხშირად კვებითი აშლილობების მქონე ადამიანებს ასევე აწუხებთ დეპრესია და ახასიათებთ პერფექციონიზმი.

წყარო: Gracia Lam / The New York Times

გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე

ვინაიდან საკვები ნივთიერებებით მდიდარი კვების რაციონი აუცილებელია სხეულის რეგულარული ფუნქციონირებისთვის, კვებითი აშლილობები ძალიან სერიოზულად აზიანებს ორგანიზმის ფიზიკურ და მენტალურ პროცესებს. იმისთვის, რომ კვებით აშლილობას ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, აუცილებელი არაა, ადამიანი ზედმეტად გამხდარი იყოს. კვებითი აშლილობები სხეულის ყველა სისტემაზე მოქმედებს და იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა:

  • ტვინის მასის კარგვა

  • გულ-სისხლძარღვთა პრობლემები

  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ., ქრონიკული შეკრულობა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი)

  • სტომატოლოგიური პრობლემები

  • ძილის რეჟიმის დარღვევა

  • გულის წასვლა

  • თმის ცვენა ან თხელი ჭარბთმიანობა მთელ სხეულზე (ლანუგო)

  • მენსტრუაციის შეჩერება (ან პირველი მენსტრუაციის დაგვიანება) და უნაყოფობა

  • შესუსტებული ძვლები

  • ძვალკუნთოვანი დაზიანებები და ტკივილი

გამომწვევი მიზეზები

კვებითი აშლილობები საკმაოდ კომპლექსური დაავადებებია. მართალია, ზუსტად არ ვიცით, რა იწვევს მათ, თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია. კვებითი აშლილობის განვითარების რისკის 50-80% გენეტიკური უნდა იყოს, თუმცა მხოლოდ გენები არაა საკმარისი იმის განსასაზღვრად, ვის ექნება კვებითი აშლილობა — მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემოც.

ზოგიერთი სიტუაციები და მოვლენები კვებითი აშლილობების გაჩენას უწყობს ხელს იმ ადამიანებში, რომლებიც გენეტიკურად მოწყვლადები არიან მათ მიმართ. ასეთ ფაქტორებს შორისაა:

  • ძალადობა, სასტიკად მოპყრობა

  • ბულინგი, დაცინვა, მუქარა

  • დიეტაზე ყოფნა

  • გარდამავალი ცხოვრებისეული მოვლენები

  • მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

  • სქესობრივი მომწიფება

  • სტრესი

  • წონის გარშემო არსებული სტიგმა

დიაგნოსტირება და მკურნალობა

კვებითი აშლილობების დიაგნოსტირება ექიმებსა და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალებს, მათ შორის ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს, შეუძლიათ. ხშირ შემთხვევაში კვებითი აშლილობის დიაგნოზს სვამს პედიატრი ან თერაპევტი რეგულარული შემოწმების დროს სიმპტომების შემჩნევის შემდეგ. დიაგნოსტირებისას ექიმმა შეიძლება მიმართოს

  • ფიზიკურ შემოწმებას — წონის, სიმაღლის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შემოწმებას;

  • ლაბორატორიულ ანალიზებს — სისხლისა და შარდის ანალიზს, ღვიძლის, თირკმლის, ფარისებრი ჯირკვლის შემოწმებებს, ასევე რენტგენსა და ელექტროკარდიოგრამას;

  • ფსიქოლოგიურ შეფასებას — რომელშიც შედის კვებასთან დაკავშირებული ქცევები, ჭარბი კვება, გაფაღარათება, ვარჯიში და სხეულის აღქმა.

წყარო: Health

გავრცელებული წარმოდგენის მიუხედავად, კვებითი აშლილობები მხოლოდ თინეიჯერ გოგოებს არ აწუხებთ. ისინი ყველა გენდერის, ასაკის, რასის, ეთნოსისა და სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში გვხვდება. თუმცა, კვებითი აშლილობები ყველაზე ხშირი ქალებშია.

კვებითი აშლილები დაფიქსირებულა როგორც ადრეული ასაკის ბავშვებში, 6 წლიდან დაწყებული, ისე ზრდასრულებსა და ხანდაზმულ ადამიანებში. ამ პოპულაციებში კვებითი აშლილობები ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, რის გამოც მათი ბუნების ამოცნობა პროფესიონალებისთვისაც პრობლემურია.

► აშშ-ის კვებითი აშლილობების ეროვნული ასოციაციის გამოთვლით, კვებითი აშლილობების მქონე ადამიანების დაახლოებით მესამედი მამრობითი სქესისაა, თუმცა იმის სტიგმა, რომ ეს პრობლემა ძირითადად ქალებთანაა დაკავშირებული, ხშირად კაცებს არ აძლევს საშუალებას, ექიმს მიმართონ.

კვებითი აშლილობის მკურნალობის ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის საკუთარ თავზე რეგულარული ზრუნვა, კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია, კვებითი თერაპია, ყოველკვირეული ამბულატორიული მკურნალობა, ინტენსიური თერაპია და სხვა. კვებით აშლილობასთან გამკლავებაში ასევე ძალიან შეგიწყობთ ხელს საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

კვებითი აშლილობისგან განკურნება მარტივი არაა, თუმცა შესაძლებელია. მკურნალობის დადებითი შედეგები ადრეულ ეტაპზევე ჩარევასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

► კვებითი აშლილობის მქონე ზოგ ადამიანს ხშირად არ სჯერა, რომ პრობლემა აქვს, რის გამოც მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მკურნალობის მიღებაში გადამწყვეტი როლი ოჯახის წევრებმა და სხვა ძვირფასმა ადამიანებმა შეასრულონ.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: WomanLog

გაზიარება

მსგავსი სტატიები

გააზიარე სტატია

კვებითი აშლილობები — ტიპები, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია