Facebook Script

მოქალაქეების ემოციური ზიანის ანატომია პოლიტიკური პროტესტის დროს — ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, ვინ აგვინაზღაურებს ამ ემოციურ ზიანს მე, ჩემს მეგობრებსა და ჩემს ოჯახის წევრებს?“, ეწერა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სოციალურ ქსელში.

მაშინ, როცა პროტესტი ჯერ კიდევ იმ ეტაპზე იყო, როცა ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მენტალურ ჯანმრთელობაზე ფიქრის დრო არავის რჩებოდა. ფოკუსი მოქალაქეების ცემაზე, სხეულის დაზიანებულ ნაწილებზე, დასისხლიანებულ სახეზე კეთდებოდა. პრინციპში, ამაზე ფიქრის დროს აქციის აქტიური მონაწილეები ვერც ახლა პოულობენ, რადგან უკვე 40 დღეზე მეტია პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს და ის ჩვენს ფიზიკურ ჩართულობას მოითხოვს. შესაბამისად, საზოგადოებას ემოციების გამოხატვის ერთადერთ პლატფორმად ხშირად სოციალური ქსელები რჩება, სადაც არაერთ კომენტარს შეხვდებით იმის შესახებ, თუ როგორ სტრესს განიცდის ესა თუ ის ადამიანი და რამდენად უჭირთ ამ ემოციებთან გამკლავება.

იმის გასაგებად, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე პოლიტიკურ პროცესებს, ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძეს ვესაუბრე. 

არსებობს თუ არა კავშირი პოლიტიკურ პროცესებსა და ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას შორის?

— ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებსა და ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას შორის მჭიდრო კავშირია. თუნდაც იმან, თუ როგორი ბავშვობა ჰქონდა ადამიანს, შეიძლება განსაზღვროს ზრდასრულობაში მისი პოლიტიკური მოვლენებისადმი დამოკიდებულება. მაგალითად, არსებობს კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, ვისაც ბავშვობაში ჯანსაღი მიჯაჭვულობა ჰქონდათ მშობლებთან, შემდეგ უფრო ემპათიური დამოკიდებულება აღმოაჩნდათ კლიმატის ცვლილებებისადმი. რაც შეეხება პოლიტიკური პროცესების გავლენას მენტალურ ჯანმრთელობაზე, ცხადია, ძალადობრივი გარემო მოქმედებს საზოგადოების მენტალურ მდგომარეობაზე. მაგალითად, ისეთი პროტესტები, რომლებსაც მოჰყვება ადამიანების წამება, კვალს ტოვებს არა მხოლოდ უშუალოდ მონაწილეებზე, არამედ შემდეგ თაობებზეც. ფსიქოთერაპიაში მიჩნეულია, რომ თუ ჩემმა ბებიამ გამოცადა ომის ტრავმა, ეს რაღაც კუთხით მეც შემეხება. ამიტომ, როცა „ქართული ოცნება“ ამბობს, თითქოს ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვების დაცვა უნდათ, ბავშვების დაცვის საუკეთესო მეთოდია, წამება არ იყოს ქვეყანაში. 

რადგან წამება ახსენეთ, თუ შეგიძლიათ უფრო ვრცლად ვისაუბროთ იმაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკურ ძალადობას საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობაზე?

— წამება ან ფიზიკური ძალადობა იწვევს კომპლექსურ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (PTSD), რაც შეიძლება გამოიხატოს ნეგატიურ ფიქრებსა და ემოციებში, უძილობაში, უძლურების განცდაში, გაბრაზებაში, ჰიპერაღგზნებასა თუ სხვა სიმპტომებში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი შეიძლება წლების მერე გამოვლინდეს და არა — მყისიერად. ბიოლოგიურად თუ ვისაუბრებთ, ადამიანს აქვს სტრესის ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც ცხოვრებაში საჭიროც კია. დილით როცა იღვიძებ, მაგალითად, ეს სტრესის ჰორმონი მაღალია, დღის განმავლობაში იკლებს, მაგრამ როცა ეს ჰორმონი იზრდება და დაწევა უჭირს, ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს PTSD. ასევე, უშუალოდ ვინც განიცდის წამებას, მათ შეიძლება წლების მერე გამოუვლინდეთ ფსიქო-სომატური ტკივილი. ეს ნიშნავს იმას, რომ სხეულის ნაწილი, რაც ძალადობის შედეგად დაუზიანდათ, შეიძლება მორჩენილია, მაგრამ ის კონკრეტული ადგილი მაინც სტკივათ. გარდა წამებისა, ჩვენს ნერვულ სისტემაზე მოქმედებს ფიზიკურად აქციებზე დგომა. ზოგადად, ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერი მოულოდნელობა და რუტინიდან ამოვარდნა.  ჩვენ გვაქვს აქტიური და პასიური ნერვული სისტემა. ერთი აღაგზნებს, ხოლო მეორე ამშვიდებს. ნორმალურ ცხოვრებაში ეს სისტემები დაბალანსებულად მუშაობს. როცა საჭიროა, აღიგზნება ადამიანი, როცა საჭიროა, დამშვიდდება, თუმცა დღევანდელმა პროტესტებმა და, რაც მთავარია, ამ პროტესტებზე მმართველი პარტიის ძალადობრივმა პასუხებმა მთლიანად მოშალა ამ სისტემების მუშაობაც. იმის გარდა, რომ დემონსტრაციებმა ჩამოშალა რუტინა, რისგანაც ძალიან ზიანდება ჩვენი ნერვული სისტემა, ამას ემატება ხშირად უიმედობის განცდა, იმის შეგრძნება, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხარ. ეს ორი ემოცია განსაკუთრებულად ძლიერია ისეთ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებში, სადაც ეკონომიკური სიდუხჭირეა. როცა ადამიანი (სხვათა შორის, ცხოველიც) ისეთ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, რომ გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა, მისთვის ნებისმიერი სახის ცვლილება არის სტრესის გამომწვევი. მით უფრო ისეთიც, როცა მათი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. 

გარდა აქციის დროს ძალადობისა თუ ზოგადი სტრესული გარემოსგან გამოწვეული ემოციებისა, აქციის მონაწილეებს ხშირად აქვთ ბრალეულობის განცდა, თუკი ისინი თუნდაც ერთი საათით მაინც მოწყდებიან ამ პროცესებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სახლში რჩებიან, მთელ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში ინფორმაციების მოძიებასა და კითხვაში. რას ურჩევთ ამ ადამიანებს?

— ბრალეულობის შეგრძნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეგრძნებაა იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად შეიძლება მას ადამიანი უსაფუძვლოდ გრძნობდეს და ეს მისი ქმედებისგან საერთოდ არ იყოს გამოწვეული. ასეა ამ შემთხვევაშიც. ჩვენ გვაქვს განცდა, რომ თუკი 24 საათი არ დავდგებით აქციაზე, ესე იგი, რაღაცას ვაშავებთ. მოდით, ასე შევხედოთ. დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა: რისი გაკეთება შეგვიძლია და რას ვაკეთებთ? მაგალითად, ავიღოთ ერთი კვირა და ვნახოთ, რა დრო დავუთმეთ პროტესტს ამ დროის განმავლობაში. თუ, ვთქვათ, ვნახავთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ხუთი დღე გავატარე აქციაზე, რაც კვირის 70%-ია, უნდა დავსვათ შემდეგი ლოგიკური შეკითხვა: ჩემი დროის 70% მე დავუთმე აქციაზე ყოფნას, ნუთუ არ მაქვს იმის მორალური უფლება, რომ ერთი საათი მუსიკას მოვუსმინო, ფილმს ვუყურო ან რამე ფორმით დავუთმო საკუთარ თავს? იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც უნდა აკეთებდეს ამას, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იცავდნენ წესით დემოკრატიას, თავიანთი დროის 1%-საც არ უთმობენ ამ საქმეს, როცა მე ჩემი დროის 70%-ს ვუთმობ, ამიტომ ჩემი ბრალეულობა აქ არაფერ შუაშია. შესაბამისად, კი, მე მაქვს უფლება, რომ რამდენიმე საათი დავისვენო. თვითზრუნვა და თვითლმობიერება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს საზოგადოებაში ის რთულად სასწავლია. ჩვენს კულტურაში ცოტა უცნაურია, საკუთარ თავს მადლობა გადაუხადო, არადა მადლიერების შეგრძნება ძალიან საჭიროა. 

რა შეიძლება გავაკეთოთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად დავიცვათ საკუთარი მენტალური ჯანმრთელობა გაუარესებისგან?

— არსებობს გარკვეული პრაქტიკები, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. „მაინდფულნეს“ პრაქტიკა, რომელიც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ამისთვის დღეში  ხუთი წუთის გამოყოფაც კი საკმარისია. უბრალოდ, ეს ხუთი წუთი უნდა დავუთმოთ იმის გააზრებას, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში. მაგალითად, უნდა დაუკვირდე, რა შეგრძნებები გაქვს კუჭში, მკლავებში, მხრებში. ყველგან. ამ შეგრძნებებზე უბრალოდ დაკვირვებაც კი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს იზრდება ყურადღება შიდა პროცესების მიმართ. ამით ადამიანი უფრო ახლოს გრძნობს თავის სხეულს, რითაც ეხმარება გონებას.

 

მეორე პრაქტიკაა კუნთების რელაქსაცია. ესეც ძალიან მარტივია. ზიხარ და აკვირდები, სად გრძნობ დაჭიმულობას. მაგალითად, აკვირდები, მხრები ხომ არ გაქვს დაძაბული ამდენი დგომისგან. ზოგადად, პროტესტების დროს, როცა აქციებზე ხშირად დგახარ ან, უბრალოდ, სტრესის დროს, ნიკაპი და ქვედა ყბა ყველაზე მეტად გვეძაბება. ამ ნაწილებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია. ამოსუნთქვასთან ერთად უნდა მოვადუნოთ ეს ნაწილები, უნდა მოვეშვათ, კუნთები მოვადუნოთ. ეს რომ დღეში ხუთი წუთი მაინც გავაკეთოთ, საკმაოდ ეფექტურ შედეგს მივიღებთ.

 

სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკური შეტევა. ეს შეიძლება ადგილზევე მოხდეს, აქციაზე ან სხვა სივრცეში. პანიკური შეტევის დროს არის ასეთი პრაქტიკა, რაც საკმაოდ ეფექტურია: გაიხსენეთ ხუთი რამ, რისი დანახვაც შეგიძლიათ; ოთხი რამ, რისი შეგრძნებაც შეგიძლიათ; სამი რამ, რისი გაგონებაც შეგიძლიათ, მაგალითად, ჩიტის ხმა, ვერტმფრენის ხმა; ორი რამ, რისი ყნოსვაც შეგიძლიათ და ერთ რამ, რისი გემოს შეგრძნებაც შეგიძლიათ. ეს ტექნიკა ადამიანს აბრუნებს შეგრძნებებში მათზე ფოკუსირებით. პანიკის დროს გამოწვეული სტრესი გვიზღუდავს შეგრძნებების შესაძლებლობას, ეს პრაქტიკა კი სწორედ მათ დასაბრუნებლად გვეხმარება.

 

რაც შეეხება უშუალოდ ადგილზე გამოწვეულ პანიკურ შეტევას, შეგვიძლია თან ვატაროთ ჩვენთვის ძვირფასი რამე ნივთი. შეიძლება ეს იყოს მშობლის ნაჩუქარი ბეჭედი, მეგობრის ნაჩუქარი ბლოკნოტი, სულ ერთია. და როცა შეტევა გაქვს ან შფოთავ, უნდა შეეხო ამ ნივთს ფიზიკურად და დარწმუნდე, რომ თან გაქვს, მანდ არის. ეს იძლევა უსაფრთხოების შეგრძნებას და შესაბამისად, ხელს უწყობს სტრესის შემცირებას.

„ვინ აგვინაზღაურებს ამ ემოციურ ზარალს?“ — ამ შეკითხვას ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელებში. რა პასუხი შეიძლება გავცეთ ამ ადამიანებს? ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და, მართლაც, როგორ შეიძლება ანაზღაურდეს ის ემოციური ზიანი, რასაც თითოეული მოქალაქე განიცდის არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში?

— ზოგადად, იმის გამო, რომ ფიზიკურისგან განსხვავებით, მენტალური ჯანმრთელობა არ არის ხელშესახები, მსგავსი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, მით უფრო, ჩვენნაირ ქვეყნებში, დიდი პრობლემაა. არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების პრაქტიკები, ცხადია, მაგრამ ეს უფრო ინდივიდუალური შემთხვევებია. ხოლო ის ზიანი, რასაც სახელმწიფო ამ პროცესებით აყენებს მოქალაქეებს, რაც სამომავლოდ იმოქმედებს არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენი შვილების თაობაზე, როგორ ან ვის მიერ ანაზღაურდება, რთული სათქმელია. საქართველოში სახელმწიფოს არ აქვს არათუ ამის კომპენსაციის მოდელი, არამედ მენტალური ჯანმრთელობა არ არის საყოველთაო ჯანდაცვაში ინტეგრირებული. მაგალითად, ბრიტანეთში სახელმწიფო სრულად ფარავს კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის 6-იდან 12-მდე სესიას, სულ არ არის საჭირო ამისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ იყოს გამოწვეული ეს სტრესი. ვიცით, რომ თერაპია საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა. ამას ემატება ისიც, რომ, როგორც წესი, შედეგი ორი-სამი სესიით ვერ მიიღწევა. შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც აქვს სტრესი და სჭირდება თერაპია, დამატებით ფინანსურ სტრესსაც განიცდის. რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, რა მენტალური ზიანიც გვადგება, ეს ერთი და ორი სესიით ნამდვილად ვერ მოგვარდება. თუმცა, ვინ უნდა იფიქროს ამაზე? ცხადია, დღევანდელი ე.წ. „ხელისუფლება“ ამაზე არ იფიქრებს, ხომ ასეა? მათ ინტერესებში ეს არ შედის. თუმცა, უკვე შემდგომმა ხელისუფლებამ ამაზე ფიქრი უნდა დაიწყოს, რას შესთავაზებს იმ ხალხს, ვინც თავისი დროის თუ ემოციური რესურსის უდიდესი წილი დაუთმო ამ პროცესებს. როგორ შეძლებს მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას? ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ბუნებრივია, ყველას არ ექნება თერაპიის საჭიროება. საჭიროა, დაინერგოს მინიმუმ ის ევროპული მოდელი, რაც მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში თორმეტ სესიას სრულად უფინანსებს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია, იზრუნოს ამ მიმართულებით თავის მოქალაქეებზე, ამას კლინიკური და კვლევითი მნიშვნელობაც ექნება, რადგან მსგავსი პროტესტების შედეგად გამოწვეული სტრესი საკმაოდ სპეციფიკური კონტექსტის მატარებელია და, შესაბამისად, ამ ადამიანების გამოცდილებებზე დაყრდნობით ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეგვეძლება.

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Ludi Leiva / Supermaker

♦ სტატია მომზადებულია Urgent Action Fund-ის ფინანსური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები

მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

მოქალაქეების ემოციური ზიანის ანატომია პოლიტიკური პროტესტის დროს — ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია