Facebook Script

რა არის სექსუალობა? — მისი მოკლე ისტორია და მნიშვნელობა

15 ნოემბერი, 2021 | ჩემი სექსუალობა

მართალია, სიტყვა „სექსუალობაზე“, პირველ ყოვლისა, სექსი გვახსენდება, თუმცა მასში ბევრად მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ სექსი და გამრავლება. სექსუალობა კომპლექსური ცნებაა, რომელიც მოიცავს სიყვარულთან დაკავშირებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ საჭიროებებს, ასევე ინტიმურობასა და სიამოვნებას — ეს არის იმ ქცევების ერთიანობა, რომლებსაც მივმართავთ იმის მისაღებად, რაც გვსურს და გვჭირდება სექსუალობის თვალსაზრისით.

ტერმინი „ადამიანის სექსუალობა“ გულისხმობს იმ გზებს, რომლებითაც აღვიქვამთ და გამოვხატავთ საკუთარ თავს, როგორც სექსუალურ არსებებს. სექსუალობა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საკუთარ სექსუალობაში გარკვეულობა სხვებთან დაახლოების საშუალებას გვაძლევს და გვეხმარება, გულწრფელად გამოვხატოთ  ჩვენი ფიქრები, გრძნობები და სურვილები.

სექსუალობა ადამიანის ცხოვრების ცენტრალური ღერძია — ის ბავშვობის ადრეულ წლებში იწყება და რეპროდუქციული ასაკის დასრულების შემდეგაც კიდევ დიდხანს გრძელდება. სექსუალობა მოიცავს არა მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობებს, არამედ სექსუალურ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასაც — ეროტიკულობას, სიამოვნებას, ინტიმურობასა და რეპროდუქციას.

ადამიანები სექსუალობას გამოვხატავთ  ჩვენს ფიქრებში, ფანტაზიებში, სურვილებში, წარმოდგენებში, მიმართებებში, ღირებულებებში, ქცევებში, პრაქტიკებში, როლებში, ურთიერთობებში. სექსუალობაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს — ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური, ისტორიული და სულიერი.

მოკლე ისტორია

ადამიანის სექსუალობა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა იყო კაცობრიობისთვის. სექსუალობის გამოხატვის მტკიცებულებებს ჯერ კიდევ პირველი ცივილიზაციების ხელოვნებასა და უძველეს ნაწერებში ვაწყდებით.

ამის ნათელი მაგალითია „კამასუტრა“ — უძველესი ინდური ტექსტი სექსუალობის, ეროტიკულობისა და ემოციური კმაყოფილების შესახებ, რომელიც დაიწერა ძვ. წ. 400-300 წლებში (ზუსტი თარიღები უცნობია და ისტორიკოსები ჯერ კიდევ შეისწავლიან ამ ნაშრომის საწყისებს).

► გავრცელებული წარმოდგენის მიუხედავად, „კამასუტრა“ სულაც არ არის სექსის პოზების სახელმძღვანელო.

მეტიც, მასში ძალიან ვრცლადაა განხილული კარგად ცხოვრების ხელოვნება, სიყვარულის ბუნება, ცხოვრებისეული პარტნიორის პოვნა, სასიყვარულო ცხოვრების შენარჩუნება და სხვა ასპექტები, რომლებიც ადამიანის ცხოვრების სიამოვნებაზე ორიენტირებულ სფეროებს უკავშირდება.

სექსუალური ქცევების ფართო სპექტრია ასევე ნაჩვენები ანტიკურ ბერძნულ და რომაულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, მათ შორის როგორც ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური ურთიერთობები, ისე ჯგუფური სექსი.

მოგვიანებით ქრისტიანულმა ეკლესიამ ძალიან დიდი გავლენა იქონია დასავლურ კულტურებში სექსუალობის აღქმაზე:  ეკლესიამ შემოიღო პირველი ცოდვის ცნება, განადიდა თავშეკავებულობა და უმანკოება ქალებში და სექსუალობას მხოლოდ ეკლესიის მიერ კურთხეული ქორწინებების საზღვრებში დაუჭირა მხარი.

მიუხედავად ამისა, ასეთი დამოკიდებულება ხშირად ფარისევლური იყო, რადგან სექსუალობა, ლტოლვა და ეროტიკულობა ადამიანებს ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდებათ და ისტორიულად ზოგჯერ ისინიც კი, ვინც ღმერთის ნებას აცხადებდა, თვითონვე უგულებელყოფდა ამ საზღვრებს.

სექსუალობა და ქალები

სექსუალობით მეცნიერება ბევრად უფრო გვიან, მე-19 საუკუნეში, დაინტერესდა.  თავდაპირველი კვლევა მხოლოდ სხვადასხვა სექსუალური ქცევის „ნორმალურ“ და „არანორმალურ“ კატეგორიებად დაყოფით შემოიფარგლებოდა. მაგალითად, ქალის სექსუალობა — ქალის სურვილი, მიიღოს სექსუალური სიამოვნება — ნორმიდან გადახრად, დაავადებად მიიჩნეოდა. ამას უწოდებდნენ „ქალის ისტერიას“, რომელიც შესაბამის მკურნალობას საჭიროებდა.

► ვიბრატორები — პირველი ელექტრონული სექს-სათამაშოები — დაახლოებით ამ დროს შეიქმნა პირველ ელექტრონულ მოწყობილობებთან ერთად.

სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა მექანიკური ვიბრატორები  გენიტალური მასაჟისთვის, რომელსაც შეეძლო „პაროქსიზმის“ (ავადმყოფობის შეტევის) გამოწვევა და „ისტერიის“ სიმპტომების დროებით შემსუბუქება — სხვაგვარად თუ ვიტყვით, ექიმები სექსუალურად ფრუსტრირებულ ქალებს ორგაზმის მიღწევაში ეხმარებოდნენ.

სურათი: melitas/Shutterstock

ამერიკისა და ევროპის სამეცნიერო საზოგადოებამ მხოლოდ და მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში იეჭვა, რომ ქალებს შეიძლება ბუნებრივად ჰქონდეთ სქესობრივი ლტოლვა და სიამოვნების მიღების სურვილი. მანამდე ქალები ყოველთვის უბრალოდ კაცების ლტოლვის დაკმაყოფილების ყველაზე მიღებულ საშუალებად განიხილებოდნენ.

გოგოებს იმ წარმოდგენით ზრდიდნენ, რომ გათხოვილ ქალს ევალებოდა, ქმრისთვის სექსუალური სიამოვნება მიენიჭებინა და მისთვის შვილები გაეჩინა. ქალების სქესობრივი ლტოლვა მკაცრად შეუფერებელ და არაქალურ რამედ განიხილებოდა, ქორწინების გარეშე სექსი კი ცოდვად მიიჩნეოდა.„თანამედროვე ფსიქოლოგიის მამის“, ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939), წყალობით, ეს მითი დაინგრა. საკუთარ პაციენტებზე დაკვირვებით ფროიდმა დაასკვნა, რომ სექსუალობა კაცებსაც აქვთ და ქალებსაც და მისი ჩამოყალიბება ძალიან ადრეულ ასაკში იწყება.

სქესობრივი ლტოლვა და სიამოვნება

სექსუალური გრძნობები შეიძლება გარდატეხის ასაკში ან მოზარდობისას ჩამოყალიბდეს. ეს გულისხმობს როგორც სხვებისადმი მიზიდულობასა და სექსუალურ ფანტაზიებს, ისე საკუთარი თავის სექსუალურად შესწავლას მასტურბაციის გზით. ეს ყოველივე ნორმალურია.

ზოგჯერ საკუთარ სხეულსა და სურვილებში გარკვევას ბევრი დრო სჭირდება — იქნება ეს მასტურბაციით თუ პარტნიორთან ერთად. მართალია, სექსუალური სიამოვნება შეიძლება თქვენს მთელ სხეულსა და გონებას მოიცავდეს, თუმცა ქალის ანატომიაში  სხეულის გარკვეული ნაწილები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიამოვნებისთვის.

ქალების სექსუალობა შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს — როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის. სხვადასხვა დროს შეიძლება ძალიან დიდი სქესობრივი ლტოლვა გქონდეთ, ზოგჯერ კი სექსი უკანასკნელი რამ იყოს, რაც გსურთ, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. 

სექსუალური გამოცდილებისას სიამოვნების მიღებაზე ბევრი რამ მოქმედებს, მათ შორის: რამდენად მოდუნებული და ბედნიერი ხართ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი სხეულის მიმართ, ახერხებთ თუ არა პარტნიორთან ჯანსაღ კომუნიკაციას, რა მოლოდინები გაქვთ და ა.შ.

ფილმებსა და პორნოგრაფიაში ხშირად კაცები სექსის დროს უფრო აგრესიულები და დომინანტურები ჩანან, ქალები კი — უფრო მორჩილები და პასიურები. ზოგჯერ ამ სცენებში ნაჩვენებია, რომ ქალებს სექსის დაწყებისთანავე რამდენიმე ორგაზმი აქვთ. ამან შეიძლება არარეალისტური მოლოდინები გააჩინოს, რაც ჩარჩოში მოაქცევს ინდივიდუალურ გამოცდილებას და ხელს შეუშლის სიამოვნების მიღებას.

მართალია, ძალიან კარგია, რომ დრო დაუთმოთ ექსპერიმენტებს და იმის გარკვევას, თუ რა განიჭებთ სიამოვნებას, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ სექსი სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ. არავის აქვს უფლება, სექსის დროს თავი უპატივცემულოდ ან არაკომფორტულად გაგრძნობინოთ. ზოგჯერ რთულია პარტნიორთან იმაზე საუბარი, თუ რა განიჭებთ სიამოვნებას, მაგრამ კომუნიკაცია აუცილებელია ორმხრივი სიამოვნებისთვის.

► სრულიად ნორმალურია, რომ ცხოვრების განმავლობაში გყავდეთ ბევრი სექსუალური პარტნიორი, გყავდეთ ცოტა ან საერთოდ არცერთი. მთავარია, თქვენ რა გაბედნიერებთ.

სურათი: WomanLog

გახსოვდეთ, რომ თუ სხვა ადამიანთან სექსი გაქვთ, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თქვენგან თანხმობა, თქვენ კი — მისგან. არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ თუ პარტნიორი „არას“ არ ამბობს, ამით თანხმობას იძლევა, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. თანხმობა ნიშნავს, რომ პარტნიორი კომფორტულად გრძნობს თავს და ენთუზიაზმით მონაწილეობს სექსუალურ აქტივობაში. გაითვალისწინეთ, რომ:

♦ სექსუალურად ჩაცმა და ფლირტი არ ნიშნავს, რომ ადამიანი უფრო მეტზე აცხადებს თანხმობას;

♦ ნარკოტიკების ან ალკოჰოლის გავლენის ქვეშ ნათქვამი „კი“ (ან არაფრის თქმა) ყოველთვის არ ნიშნავს თანხმობას;

♦ ზეწოლის გამო რაიმეს დათმობა ან უარის თქმის შიში არ ნიშნავს თანხმობას;

♦ თუკი ნებისმიერი სახის სექსუალური აქტივობა — მათ შორის შეხება, კოცნა, მოფერება, ორალური ან პენეტრაციული სექსი — ადამიანზე მისი თანხმობის გარეშე განხორციელდა, ეს სექსუალური ძალადობა ან გაუპატიურებაა და ისჯება კანონით.

სექსუალობა მხოლოდ ბიოლოგიური ინსტინქტი არ არის

ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანის სექსუალობა ეროტიკულია — ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გამრავლების მარტივი ინსტინქტი. ჩვენ გაცნობიერებულად განვსაზღვრავთ და ვხვეწთ იმ ქცევებს, რომლებიც აღაგზნებს ჩვენს ეროგენულ ზონებს, მათ შორის ტვინს, და გვანიჭებს სექსუალურ სიამოვნებას.

► ფსიქოლოგიის განვითარებასთან ერთად განვითარდა მისი ქვედარგი, სექსოლოგია — ადამიანის სექსუალური ქცევის შემსწავლელი მეცნიერება. დროის მსვლელობასთან ერთად ვიძენთ ახალ ცოდნას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებულ — მაგრამ მცდარ — წარმოდგენებს ცვლის და გვაწვდის ზუსტ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ადამიანის სექსუალობის გასაგებადაა საჭირო.

უნდა გვახსოვდეს, რომ განსხვავებულ კულტურებსა და საზოგადოებებს ჯერ კიდევ ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომები აქვს სექსუალობის მიმართ — ზოგი მათგანი ღია და თავისუფალია, სხვები კი, მათ შორის ქართული, უფრო მეტად კონსერვატიულია. თუმცა, განსაზღვრული ტაბუები თითქმის ყველა საზოგადოებაშია შემორჩენილი და უნდა გვესმოდეს, რომ საკუთარი სექსუალობის გააზრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული  ურთიერთობებისთვის.

სურათი: WomanLog

ჯანსაღი სექსუალობა ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ხართ ფიზიკურად, განსაკუთრებით სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან), თუმცა ის ამასთანავე გულისხმობს სხვების სექსუალობისადმი დადებით დამოკიდებულებასა და მათ პატივისცემას, ასევე უსაფრთხო და სასიამოვნო სექსუალურ ურთიერთობებს ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ძალადობის გარეშე.

სექსუალობა ასევე დაკავშირებულია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალ ასპექტთან. ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება:

♦ აძლიერებს იმუნიტეტს

♦ აუმჯობესებს ლიბიდოს (სქესობრივ ლტოლვას)

♦ აძლიერებს მენჯის ფსკერის კუნთებს, რაც ხელს უწყობს შეუკავებლობის — უნებლიე შარდვის — პრევენციას

♦ ამცირებს მაღალ წნევას და გულის შეტევის რისკს

♦ ამცირებს ტკივილს და სპაზმებს, მათ შორის თავისტკივილსა და მენსტრუალურ სპაზმებს

♦ აუმჯობესებს ძილს და ამცირებს სტრესს

► მნიშვნელოვანია, რომ სექსის დროს პრეზერვატივი ან კონტრაცეფციის სხვა ფორმები გამოიყენოთ, რათა თავიდან აიცილოთ დაუგეგმავი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი-ები).

რთული, განსხვავებული და ცვალებადი

ადამიანის სექსუალობა საკმაოდ ჩახლართული რამაა. სექსუალობა და მისი გამოხატვის გზები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანისთვის.

ყველა ადამიანი თანაბრად არ გვიზიდავს სექსუალურად — ვინმესთან დროის გატარება თუ მოგწონთ ან გარეგნულად მიმზიდველი გგონიათ, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანთან ინტიმური კავშირი გსურთ, და პირიქითაც.

სექსუალური ურთიერთობები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს: ფიზიკური ვნება შეიძლება გულღია კეთილგანწყობად იქცეს, რა დროსაც ემოციური ინტიმურობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ფიზიკური.

ადამიანის სექსუალური გამოცდილება მხოლოდ პენეტრაციით არ შემოიფარგლება და ის შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს. სექსი შეიძლება გქონდეთ მარტოს, წყვილში (იმავე ან საპირისპირო გენდერის ადამიანთან) ან ჯგუფურად, პენეტრაციით ან პენეტრაციის გარეშე.

ადამიანის სექსუალობის ბუნებრივი ნაწილია ასევე სექსუალური ფანტაზიები — ზოგი ადამიანი ყველანაირად ცდილობს, ამ „ოცნებებს“ ხორცი შეასხას, სხვები კი არასდროს გამოხატავენ თავიანთ ფანტაზიებს სექსუალურ აქტივობებში.

ზოგი ადამიანი საერთოდ არ გრძნობს სქესობრივ ლტოლვას სხვების მიმართ და ეს სრულიად არ აწუხებთ. თუკი კმაყოფილი ხართ საკუთარი სექსუალობით და თავისუფლად იღებთ მას, სხვების საჭიროებებსა და საზღვრებს კი პატივს სცემთ, შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ თქვენი სექსუალობა ჯანსაღი და ნორმალურია.

სექსუალური ორიენტაცია და დისკრიმინაცია

სექსუალობის მნიშვნელოვანი ნაწილია სექსუალური ორიენტაცია, რომელიც გულისხმობს, თუ ვის მიმართ აქვს ან არ აქვს ადამიანს ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა. გამოყოფენ სექსუალური ორიენტაციის რამდენიმე ჯგუფს: ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი (ლესბოსელი ან გეი), ბისექსუალი და ასექსუალი.

საკუთარი სექსუალობის აღქმა შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ჰეტეროსექსუალად იდენტიფიცირდებოდეს ახალგაზრდობაში, განსაკუთრებით თუ მას ისეთ საზოგადოებაში დამკვიდრება უწევს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისადმი არ არის შემწყნარებელი. თუმცა, მან მოგვიანებით შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მხოლოდ იმავე გენდერის მქონე ხალხი მოსწონს, და საკუთარი არჩევანის გამოხატვის თავისუფლება იპოვოს.

ზოგი ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს და არასდროს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ თავის სექსუალობას, სანამ სხვები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ საკუთარ სექსუალურ იდენტობაში გარკვევას.

ხშირად ხდება ისიც, რომ ადამიანი იაზრებს საკუთარ სექსუალურ სურვილებს, თუმცა არასდროს გამოხატავს მათ, რადგან ფიქრობს, რომ მისი სურვილები უჩვეულო ან საზოგადოებისთვის მიუღებელია.

ზოგი ადამიანისთვის შეიძლება ძალიან რთული ან შეუძლებელი იყოს სექსუალობის იმ ფორმის აღიარება და მიღება, რომელიც მათი სექსუალობისგან განსხვავდება. როდესაც ასეთი ადამიანები საზოგადოების უმრავლესობას შეადგენენ, სექსუალური უმცირესობები ბევრი პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან, მათ შორის ფიზიკური ძალადობისა და საზოგადოებიდან გარიყვის.

► ვინაიდან სექსუალური ჯანმრთელობა მჭიდროდ უკავშირდება მენტალურ ჯანმრთელობასა და ადამიანის ზოგად კეთილდღეობას, მუდმივად არაკეთილგანწყობილ გარემოში ცხოვრებას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.

კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით LGBTQ+ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი) ხალხი დეპრესიის, შფოთვის, ადიქციის, უსახლკარობის, თვითდაზიანებისა და სუიციდური ფიქრების ქონის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ეს განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა LGBTQ+ ადამიანებში, რომლებიც ახლა იკვლევენ საკუთარ სექსუალობას და სკოლაში ბულინგისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებიან.

თუკი რომელიმე თქვენი ახლობელი ასეთ პრობლემებს აწყდება, ან თუ თავად ხართ საკუთარი სექსუალობის გამორკვევის ეტაპზე და თქვენი სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციას აწყდებით:

♦ შეწყვიტეთ იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებიც გავიწროებენ;

♦ სთხოვეთ დახმარება სანდო ადამიანს — მეგობარს, ნათესავს, ექიმს, ფსიქოლოგს;

♦ დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, რათა გაერკვეთ თქვენს სექსუალობაში

♦ თუკი ფიქრობთ, რომ ქვიარი ხართ, მაგრამ არ გსურთ საკუთარი ორიენტაციის საჯაროდ გაცხადება (ე.წ. „ქამინგ-აუთი“) — იცოდეთ, რომ ამის სრული უფლება გაქვთ და ეს ნორმალურია.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
შშმ, პირები, ქალები, სექსუალური, ჯანმრთელობა, განათლება, ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, სექსუალობა, ეიბლიზმი, ძალადობა, ფიზიკური, ადაპტაცია, სტერეოტიპები,

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

რა გამოწვევების წინაშე არიან შშმ პირები სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით? — ეიბლიზმი, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, გარემოს არაადაპტირებულობა, სტერეოტიპები.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ასაკის, მატება, სექსუალობა, სექსი, გვიანდელი, ხანდაზმულობა, მოხუცი, პოსტმენოპაუზალური, სიამოვნება, ლიბიდო, seqsi, gviandel, asakshi, asakis, mateba, xandazmuloba, sibere, siamovneba, seqsualoba, shua, xnis, შუახნის, შუა, ხნის

ასაკის მატება და სექსუალობა — რა უნდა ვიცოდეთ?

როგორ იცვლება ადამიანის სექსუალობა გვიანდელ ასაკში? — მასზე მოქმედი ფაქტორები (დაავადებები, მენოპაუზა, ერექციული დისფუნქცია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სტერეოტიპები და სტიგმა). რა სარგებელი მოაქვს სექსს და როგორ გავაუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება ასაკის მატებასთან ერთად?

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

რა არის სექსუალობა? — მისი მოკლე ისტორია და მნიშვნელობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია