Facebook Script

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) — რა უნდა ვიცოდეთ?

26 დეკემბერი, 2022 | სგგ ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ანუ სგგი-ები, არის ის პათოგენები, რომლებიც სქესობრივი კავშირით გადადის. მათგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა ჰიგიენის დაცვა და სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივების გამოყენება.

სგგი-ებს ასევე „ვენერულ დაავადებებსაც“ უწოდებენ. ცნობილია 30-ზე მეტი სხვადასხვა ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი, რომელიც სექსით გადაიცემა. ყველაზე გავრცელებულ სგგი-ებს შორისაა: სიფილისი, ქლამიდია, გონორეა, აივ/შიდსი, ტრიქომონიაზი, ჰეპატიტი B, ადამიანის პაპილომავირუსი და გენიტალური ჰერპესი.

კონტრაცეფცია და უსაფრთხო სექსი

სგგი-ები გადაიცემა სხეულის დაინფიცირებული სითხეების მიმოცვლით, ყველაზე ხშირად ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს. ინფექცია ასევე შეიძლება გავცელდეს ისეთი რაიმეს გაზიარებით, რასაც კონტაქტი ჰქონდა სხეულის სითხეებთან (მაგალითად, საპარსები ან ნემსები), დაინფიცირებული საკვების ჭამით (აუცილებლად დაიბანეთ ხელები ჭამამდე და ჭამის შემდეგ) ან პირის ღრუში წყლულების მქონე დაინფიცირებული ადამიანის კოცნით. გარდა ამისა, დაინფიცირებულმა ორსულმა ადამიანმა შეიძლება ორსულობის ან მშობიარობის დროს სგგი ბავშვს გადასდოს.

მართალია, შესაძლო ინფექციებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება სექსისგან თავის შეკავებაა, თუმცა ეს ყველასთვის ოპტიმალური არჩევანი არ არის. საბედნიეროდ, არსებობს თავდაცვის სხვა საშუალებებიც. აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ:

  • პირველ ყოვლისა, გამოიყენეთ გარე ან შიდა პრეზერვატივები ყოველ ჯერზე, როცა სექსი გაქვთ. პრეზერვატივი კონტრაცეფციის ერთადერთი ფორმაა, რომელიც სგგი-ებისგან გიცავთ.

  • გაიგეთ უფრო მეტი სგგი-ებისა და მათი სიმპტომების შესახებ.

  • იყავით ღია და გულწრფელი თქვენს პარტნიორთან. კომუნიკაცია აუცილებელია შესაძლო სიმპტომებთან დროულად გასამკლავებლად. გახსოვდეთ, რომ პათოგენის ასიმპტომურმა მატარებელმა პირებმა (იმ დაინფიცირებულმა ადამიანებმა, რომლებსაც ინფექციის სიმპტომები არ აქვთ) შეიძლება არ იცოდნენ, რომ დაინფიცირებულები არიან.

  • გაიტესტეთ რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ერთხელ, ასევე მას შემდეგ, რაც დაუცველი სექსი გექნებათ ადამიანთან, ვისთანაც მანამდე არ გქონიათ დაუცველი სექსი, ან სექსი გექნებათ ახალ პარტნიორთან.

  • დაიცავით ჰიგიენა. იბანავეთ სქესობრივ აქტამდე და აქტის შემდეგ. არ გაუზიაროთ სხვებს თქვენი პირსახოცი, საცვლები და საპარსები.

  • გაიკეთეთ ადამიანის პაპილომავირუსისა და B ჰეპატიტის ვაქცინები.

უსაფრთხოების ყველა ამ ზომას თუ დაიცავთ, დიდი ალბათობით, კარგად იქნებით. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, არ იფიქროს შესაძლო ინფექციებზე, ნაცვლად იმისა, რომ სგგი-ებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს. ასეთი საფრთხეები სოციალური პასუხისმგებლობაა და ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ საკუთარი თავი და ჩვენი გარშემომყოფები დავიცვათ.

განკურნებადი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

სგგი-ების უმეტესობა განკურნებადია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ტესტირება და მათი დროულად აღმოჩენა. დაიცავით საკუთარი თავი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანები არასაჭირო უსიამოვნებებისგან.

სიფილისი

სიფილისი, იგივე ათაშანგი, არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ძალიან მარტივი სამკურნალოა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინოთ. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა, დემენცია, კუნთების მართვის პრობლემები და სიკვდილიც კი.

სიფილისის სიმპტომებს შორისაა:

  • პატარა, უმტკივნეულო წყლულები სასქესო ორგანოების მიდამოებში ან პირის ღრუში;

  • პატარა გამონაყარი სასქესო ორგანოების მიდამოებში ან პირის ღრუში;

  • გამონაყარი ხელისა და ფეხის გულებზე;

  • გადიდებული ჯირკვლები კისრის, საზარდულის ან იღლიების მიდამოებში;

  • თეთრი ლაქები პირის ღრუში;

  • თავის ტკივილი, დაღლილობა, სახსრების ტკივილი და ცხელება.

ქლამიდია

ქლამიდია (ქლამიდიოზი) ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც მარტივად იკურნება ანტიბიოტიკებით. თუმცა, უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებით დაავადება ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში, რასაც, თავის მხრივ, შეიძლება მოჰყვეს უნაყოფობა. ქლამიდიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლის ანთებითი დაავადება), რეაქტიული ართრიტი და სიბრმავე.

ქლამიდიის სიმპტომების შორისაა:

  • წვის შეგრძნება შარდვის დროს;

  • უჩვეულო გამონადენი ვაგინიდან ან პენისიდან;

  • ერთი ან ორივე სათესლის ტკივილი ან შეშუპება;

  • ტკივილი მუცლის არეში;

  • ტკივილი სექსის დროს;

  • ცხელება.

გონორეა

გონორეა, იგივე სუსუნატი ან ტრიპერი, არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ხშირად უსიმპტომოა. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში, პერიჰეპატიტი, ინფექციური (სეპტიკური) ართრიტი, სეპტიკური აბორტი, სიბრმავე და უნაყოფობა. გონორეის ზოგიერთი შტამი ანტიბიოტიკებისადმი მდგრადია, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.

გონორეის სიმპტომებს შორისაა:

  • წვის შეგრძნება შარდვის დროს;

  • უჩვეულო გამონადენი ვაგინიდან ან პენისიდან;

  • ვაგინალური სისხლდენა მენსტრუაციებს შორის;

  • ტკივილი მენჯის ან მუცლის არეში;

  • ტკივილი სექსის დროს.

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი განკურნებად სგგი-ებს შორის ყველაზე გავრცელებულია. ეს პარაზიტული დაავადება, რომელიც ხშირად უსიმპტომოა. ტრიქომონიაზი დაკავშირებულია აივ-ით დაინფიცირების გაზრდილ რისკთან, ასევე ორსულობის დროს გართულებებთან.

ტრიქომონიაზის სიმპტომებს შორისაა:

  • წვის შეგრძნება შარდვის დროს;

  • ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოებში;

  • ყვითელი ან მწვანე ფერის ვაგინალური გამონადენი, რომელსაც აქვს უსიამოვნო სუნი;

  • ტკივილი სექსის დროს.

მუნი

მუნი, იგივე ბღერი ან სკაბიესი, კანის გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევს ტკიპა Sarcoptes scabiei, რომელიც კანში ძვრება, რათა იქ იცხოვროს და დადოს კვერცხები. სიმპტომებს იწვევს ტკიპისადმი ალერგიული რეაქცია.

მუნის სიმპტომებს შორისაა:

  • ძლიერი ქავილი;

  • მუწუკების მსგავსი გამონაყარი;

  • პატარა ხვრელები კანში.

წყარო: WomanLog

ბოქვენის ტილი

ბოქვენის ტილი, იგივე ფტირიაზი, არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც ციცქნა მწერები, ბოქვენის ტილები, იწვევს. ისინი, როგორც წესი, ბოქვენის არეში არიან, თუმცა ასევე შეიძლება იცხოვრონ სხეულის სხვა ნაწილებში, რომლებიც უხეში თმითაა დაფარული. ბოქვენის ტილები მხოლოდ სისხლით იკვებებიან.

ბოქვენის ტილის სიმპტომებს შორისაა:

  • ქავილი;

  • სიწითლე;

  • ანთება.

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)

ადამიანის პაპილომავირუსების ტიპების უმეტესობა. ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ), იგივე HPV-ს (ინგლ. Human papillomavirus) 170-ზე მეტი ტიპია ცნობილი. ისინი ხშირად უსიმპტომოა. ინფექციების 90% მოდის HPV 6-სა და 11-ზე. პაპილომავირუსის ამ ტიპებით გამოწვეული გენიტალური მეჭეჭები მთლიანად განკურნებადია და ისინი ზოგჯერ დამოუკიდებლადაც ქრება (თუმცა, ტესტირება მაინც საჭიროა), თუმცა თავად პაპილომავირუსი სხეულში რჩება და არ იკურნება.

ადამიანის პაპილომავირუსის სიმპტომებს შორისაა:

  • მეჭეჭები, ხშირად სასქესო ორგანოების მიდამოებში, ასევე ხელებზე, ქუსლებზე და ფეხის თითების ბალიშებზე.

► პაპილომავირუსის ზოგიერთი ტიპი ქრონიკულია და ატარებს იმის მაღალ რისკს, რომ ის ხელს შეუწყობს საშვილოსნოს ყელის, ვულვის, ვაგინის, პენისის, ანუსის, პირის ღრუს ან ყელის კიბოს განვითარებას. HPV-ს ეს ტიპები ხშირად უსიმპტომოა.

უკურნებელი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

აივ/შიდსი

აივ/შიდსი. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსს), რომელიც თანდათანობით ანადგურებს იმუნურ სისტემას. არსებობს აივ/შიდსის მკურნალობის გზები, თუმცა ის ბოლომდე არ იკურნება.

არსებობს აივ-ინფექციის სამი მთავარი საფეხური:

  • მწვავე ინფექცია. ბევრ ადამიანს უჩნდება გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება, ოფლიანობა, ლიმფური კვანძების გადიდება, გამონაყარი, წონაში კლება, თავის ტკივილი, დაღლილობა და ზოგჯერ ფაღარათი ან ღებინება.

  • კლინიკური ლატენტობა. ეს საფეხური საშუალოდ 8 წლის განმავლობაში გრძელდება და თავდაპირველად ის, როგორც წესი, უსიმპტომოა. ამ საფეხურის მიწურულს ინფიცირებულ ადამიანს აწუხებს კუნთების ტკივილი, წონაში კლება, ცხელება. ზოგს დროებით უდიდდება ლიმფური კვანძები, თუმცა ტკივილის გარეშე.

  • შიდსი. იმუნური სისტემა აღარ ფუნქციონირებს საჭირო ზომით. ინფიცირებული შეიძლება დაზიანდეს სხვა ინფექციებისგან, რომლებისგანაც იმუნური სისტემა ვეღარ იცავს სხეულს. ეს შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.

B ჰეპატიტი

ქრონიკული B ჰეპატიტი არის ვირუსული დაავადება, რომელიც ღვიძლს აინფიცირებს. მან შეიძლება ხელი შეუწყოს ღვიძლის კიბოსა და ციროზის განვითარებას. ამ დაავადებებისგან ყოველი 5 ადამიანი 1 იღუპება. B ჰეპატიტი შეიძლება უსიმპტომო იყოს.

B ჰეპატიტის შესაძლო სიმპტომებს შორისაა:

  • მოყვითალო კანი;

  • მუქი ფერის შარდი;

  • ტკივილი მუცლის არეში;

  • დაღლილობა.

C ჰეპატიტი

ქრონიკული C ჰეპატიტი არის ვირუსული დაავადება, რომელიც ღვიძლს აინფიცირებს. დროთა განმავლობაში ის ხშირად იწვევს ღვიძლის კიბოსა და ციროზს. მანამდე ეს დაავადება, როგორც წესი, უსიმპტომოა. ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში მისი მწვავე და ქრონიკული ფორმის პოტენციურ სიმპტომებს შორისაა:

  • მოყვითალო თვალები ან კანი;

  • მუქი ფერის შარდი;

  • გულისრევა და ღებინება;

  • მადის ნაკლებობა;

  • დაღლილობა.

გენიტალური ჰერპესი

გენიტალური ჰერპესი ვირუსული ინფექციაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს აქვს. ის არ არის განკურნებადი, თუმცა მისი მართვა მარტივად შეიძლება.

გენიტალურ ჰერპესს იწვევს ჰერპესის ვირუსის მეორე სახე — HSV-2. ის ადამიანს გადაედება სასქესო ორგანოების ზედაპირზე, კანზე და გამონაყარზე შეხებისას, სპერმითა და ვაგინალური გამონადენით. გენიტალური ჰერპესი შეიძლება ადამიანს გადაედოს მაშინაც კი, თუკი კანზე გამონაყარი არ არის. ისევე როგორც ორალური ჰერპესი (HSV-1), გენიტალური ჰერპესიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

გენიტალური ჰერპესის შესაძლო სიმპტომებს შორისაა:

  • ჩხვლეტის შეგრძნება ან მოვლითი ტკივილი ფეხებზე, თეძოებსა და დუნდულებზე, მანამ სანამ გაჩნდება წყლულოვანი გამონაყარი;

  • ერთი ან მეტი წყლულოვანი ან ბუშტუკოვანი გამონაყარი გენიტალიის ან ანუსის მიმდებარედ;

  • სიცხე;

  • სხეულის სისუსტე და ტკივილი;

  • გადიდებული ლიმფური კვანძები.

ვშიშობ, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია მაქვს — როგორ მოვიქცე?

თუკი შიშობთ, რომ შეიძლება სგგი გქონდეთ, პირველ ყოვლისა, უნდა გაიკეთოთ ტესტირება. ამისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ადგილობრივ პოლიკლინიკას. თუკი ტესტზე დადებითი პასუხი მოვა, ექიმი მოგცემთ ინსტრუქციებს, თუ როგორ უმკურნალოთ თქვენს ინფექციას.

► არავითარ შემთხვევაში არ დაკავდეთ ისეთი აქტივობებით, რომლებიც ინფექციის გავრცელებას შეუწყობს ხელს, მაგალითად, სექსით, განსაკუთრებით კი დაუცველი სექსით.

რა ხდება ექიმთან, თუკი არასრულწლოვანი ვარ?

თუკი მინიმუმ 14 წლის ხართ და ექიმს მიმართეთ შემდეგ საკითხებზე:

  • სქესობრივად გადამდები დაავადების მკურნალობა

  • კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაცია

  • ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა

მაშინ, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მიხედვით, ექიმს არ აქვს უფლება, თქვენი თანხმობის გარეშე მიაწოდოს ინფორმაცია თქვენს მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, თუკი, ექიმის შეხედულებით, სწორად აფასებთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც აივ-ინფექციის/შიდსის დიაგნოსტირებისას დადებითი შედეგი გამოვლინდება.

► გახსოვდეთ, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ქონაში სამარცხვინო არაფერი არ არის. თქვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან მათზე უფრო ღიად საუბარი არამხოლოდ საჭიროა თქვენი სექსუალური ჯანმრთელობისთვის, არამედ ასევე მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ვებრძოლოთ ამ თემის გარშემო არსებულ სტიგმასა და საზოგადოებრივ და კულტურულ ტაბუებს.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
ორალური, სექსი, ორალი, მინეტი, ფელაცია, კუნი, კუნილინგუსი, ჟონეტი, ანილინგუსი

ორალური სექსი — შესაძლო რისკები და თავის დაცვა

ორალური სექსი და კონტრაცეფცია — როგორ დავიცვათ თავი მინეტის, კუნილინგუსის და რიმინგის დროს? სტომატოლოგიური კაშხალი და პრეზერვატივი.

სიამოვნება და სექსი
რჩევები, მშობლები, შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, ssm, shezguduli, shesadzleblobebi, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის შშმ მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
რჩევები, მშობლები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
სქესობრივი, ცხოვრება, პირველი, სექსი, pirveli, sex, qalishviloba, ქალიშვილობა, დაცული, პრეზერვატივი, თავდაცვა, სგგი, ინფექციები, prezervativi

რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე? — საჭირო ინფორმაცია და რჩევები

რა უნდა იცოდეთ, სანამ პირველი სექსი გექნებათ? — სექსის ტიპები, სქესობრივი ლტოლვა (ლიბიდო), სიამოვნება და ორგაზმი, სგგი-ები და დაცული სექსი.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია